სადაზღვევო კომპანიამ ,,არდი’’ სახელმწიფოს უპრეცენდენტო სასამართლო პროცესი მოუგო

სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ ამგვარი პროცესის მოგება წინა ხელისუფლების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა. „არდისა“ და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს (ე.წ. „პრეზიდენტის დაცვის სამსახურს“) შორის 3 წლის წინ დაწყებული დავა სააპელაციო სასამართლომ სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს პროცესი არის პრეცენდენტი, როდესაც სასამართლო საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით დავაზე გადაწყვეტილებას კერძო კომპანიის სასარგებლოდ იღებს და სახელმწიფო ორგანოს წინააღმდეგ გამოაქვს გადაწყვეტილება, რაც შეუძლებელი იქნებოდა წინა ხელისუფლების პირობებში.

,,თავი არ დავაჩაგვრინეთ და 3 წლის განმავლობაში ვედავებოდით ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ავტორიტეტულ სტრუქტურას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი თემურ ჯანაშია ხელმძღვანელობდა. დავა არათანაბარ პირობებში გვიწევდა და ამ სიტუაციას ის ფაქტიც ამძაფრებდა, რომ საბანკო გარანტიებთან მიმართებაში ადრეც და ამჟამადაც არაპროფესიონალური და „სახელმწიფო ყოველთვის მართალია“ მენტალობის მიდგომებია,’’ - აცხადებენ სადაზღვევო კომპანიაში.

,,არდიში“ აცხადებენ, რომ მათი კლიენტ-კომპანია ტენდერით ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებდა, უფრო მეტიც, კომპანიას სახელმწიფო სტრუქტურა იმ ობიექტის შეუსრულებლობას ედავებოდა, რომელიც მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ დიდი ზარზეიმით გახსნა.

„არდის“იურისტი კობა ბობოხიძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ამ ტიპის დავები ტრადიციულად სახელმწიფოს სასარგებლოდ წყდებოდა, რის გამოც კერძო კომპანიები სასამართლო დავებს აღარც კი იწყებდნენ.

მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სადაზღვევო კომპანიისგან ითხოვდა საავანსო ანგარიშსწორების თანხებს, როდესაც კლიენტ-კომპანიას მიზნობრივად ჰქონდა თანხები გახარჯული მშენებლობაში, თანაც უფრო მეტი ოდენობით, ვიდრე ავანსად ჰქონდა მიღებული. ეს საქმე გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ არსებობდა და მოპოვებულ იქნა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებიც და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ამას ადასტურებდა.

ასეთ პირობებში, როდესაც უდავო ფაქტი იყო სახელმწიფო საავანსო თანხების სწორი ხარჯვა, ადგილი ქონდა სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან კომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებას, რის გამოც სადაზღვევო კომპანია თავის კლიენტს თავდაუზოგავად იცავდა, - აცხადებენ სადაზღვევო კომპანიაში.

„ჩვენ მივაღწიეთ ორ მიზანს: დავამარცხეთ უსამართლობა და შევქმენით პრეცენდენტი, როცა სადაზღვევო კომპანია თავისი და თავისი კლიენტის ინტერესებს იცავს გავლენიანი სახელმწიფო სტრუქტურის უკანონო ზეწოლისაგან,“ - აცხადებს ბობოხიძე.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ დღეს სასამართლომ გაიზიარა „არდის“ მოსაზრებები და სახელმწიფო სტრუქტურის ინტერესებზე მაღლა ჭეშმარიტება დააყენა.

„თუმცა, სამწუხაროდ, ახლაც ხშირია ფაქტები, როცა სახელმწიფო უწყებები საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე თანხების ანაზღაურებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვენ, რაც შემსრულებელ კომპანიებს სიმართლის დამტკიცებამდე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს,’’ - აცხადებს ბობოხიძე.

(R)

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია