ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რუს ოკუპანტებს ულტიმატუმი წაუყენა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რუს ოკუპანტებს ულტიმატუმი წაუყენა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანია "TV 3"-ის პროდიუსერმა ნინო ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რუს ოკუპანტებს 15 წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ გამოვიდნენ კონტაქტზე და დაკავებული ქართველი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
ნინო ჯაფარიძის თქმით, თავად ეს ინფორმაცია მათ შიდა ქართლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
ამ ინფორმაციის გარდა კი ტელეკომპანია "TV 3"-ის ხელმძღვანელობისთვის დაკავებული ჟურნალისტების შესახებ ცნობილი არაფერია.
დაკავებულია ტელეკომპანია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფი - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

























