ირაკლი ალასანიამ დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულიჯარისკაცების ხსოვნას პატივი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მიაგო.
მინისტრმა დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ჯარისკაცთა ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
"პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი გმირები გვახსენდება, ვინც ბრძოლებში საკუთარი სიცოცხლე გასწირეს იმისთვის, რომ სამშობლო დაეცვათ. მათში ღმერთის რწმენა და სამშობლოს სიყვარული ისეთი დიდი იყო, რომ საქართველოსთვის თავი გასწირეს და ეს ჩვენთვის, ყველასთვის, არის სამაგალითო. მათ ოჯახებს განსაკუთრებულად და გამორჩეულად უნდა ვუპატრონოთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრთან ერთად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.

























