"ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში დღეს, ფორუმი, სახელწოდებით "პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის" გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), "კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში," საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო.
ფორუმის ძირითადი მიზანია, სამშენებლო სექტორის დიალოგის გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არსებული სექტორის განსავითარებლად და ახალი, მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად.
ღონისძიების ფარგლებში სამშენებლო ორგანიზაციების თანამშრომლები ასევე გაეცნობიან აქტუალურ, მომავალზე ორიენტრირებულ და საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებულ საკვალიფიკაციო პროგრამებს. ფორუმზე ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი შემდგომი საკვალიფიკაციო აქტივობების ერთობლივად დასაგეგმად; იგი ხელს შეუწყობს კერძო სექტორის აქტიურ ჩართვას პროფესიული კვალიფიკაციის გეგმაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი დავით გიგინეიშვილი, ფორუმში ასევე მონაწილეობენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, ჰესების მშენებლები, სამშენებლო გამოფენების ორგანიზატორები, საგანმანათლებლო დაწესებულებების (პროფესიული კოლეჯები და უნივერსიტეტები) წარმომადგენლები, სამშენებლო ფედერაციები, დამსაქმებელთა ასოციაციები, სამშენებლო ორგანიზაციები, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"