რუსული მედია - სურკოვის ცხინვალში ვიზიტისას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი არ განხილულა

აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ცხინვალში ვიზიტის ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ "Русская Планета"-ს ინფორმაციაშია ნათქვამი.
გამოცემა ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა არჩევანი საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებაზე გააკეთა. მათივე ინფორმაციით, ვლადისლავ სურკოვი ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხს მოუმზადებელ და მოსკოვთან შეუთანხმებლად მიიჩნევს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "ახალი პარლამენტი რეფერენდუმზე გაიტანს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხს". ეს განცხადება სურკოვის ცხინვალში ვიზიტის პარალელურად გაკეთდა. ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "ერთიანი ოსეთის" მთავარი დაპირება სწორედ რუსეთში მეტი ინტეგრაცია და "ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება" იყოს.
"სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში სასწრაფოდ შესვლის არანაირი აუცილებლობა არ არის. ეს "ერთიანი ოსეთის" პოლიტიკური სპეკულაციებია. მითხარით, რით განსხვავდება სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენელი სუბიექტებისგან? რესპუბლიკაში აღმართულია რუსული დროშა, მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთის მოქალქეობა აქვს და საზღვარი გახსნილია", - აცხადებს ექსპერტი ალექსეი მარტინოვი.

























