რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე გახდა. რუსთავში დღეს მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომის დაწყებამდე დეპუტატებს რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გააცნო და როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარული სისტემით საკრებულოში შესული დეპუტატების ვინაობა დაასახელა. რუსთავის საკრებულოში 17 მანდატი კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" ერგო, 4 - ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას," თითო-თითო მანადატი კი - ,,ლეიბორისტებს," ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას," ,,პატრიოტთა ალიანსს" და ,,ჩვენ საქართველოს."
სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ,,ქართული ოცნებიდან" რობიზონ ლომიძე წარუძღვა. დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის ერთი მოადგილე აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით 21 მომხრე და 4 წინააღმდეგი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი კონსერვატორული პარტიის წევრი დავით მაღლაკელიძე გახდა, თავმჯდომარის მოადგილე კი - ,,ქართული ოცნების" წევრი გოჩა შავაძე.
როგორც რუსთავის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ განაცხადა, მისი პრიორიტეტები იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური საკითხების მოგვარება და ზოგადად რუსთაველთა ყოფის გაუმჯობესება.
დღევანდელ სხდომაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კახა გურგენიძემ ოპოზიციური ფრაქციის ჩამოყალიბების შესახებ გააკეთა განცხადება. საკრებულომ ფრაქციის შექმნის შესახებ განაცხადი ცნობად მიიღო.
რუსთავის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი ,,ნაცმოძრაობის" ოთხკაციანი ფრაქცია ჩამოყალიბდა, რომელასც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე უხელმძღვანელებს.
,,ახალ თავმჯდომარეს და კოლეგებს ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებებს და მოვუწოდებთ, რომ ორიენტაცია გავაკეთონ ქალაქის პრობლემებზე, ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე. აბსოლუტურად არაფრის მომცემია ახლა პოლიტიკური კინკლაობა. ყველა თანამდებობა დაიკავა ,,ქართულმა ოცნებამ", ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ამ საკრებულოში, არც ერთ თანამდებობას არ მოვითხოვთ, აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა, რომელიც მოსახლეობამ მათ დააკისრა, გვიბიძგებს იმისკენ, რომ ეს ადამიანები ორიენტირებულები იყვნენ ქალაქის კეთილდღეობაზე და არა, ოპოზიციის განადგურებაზე," - განაცხადა კახა გურგენიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"