შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, მიმდინარე წლის სექტემბერში მიგრაციის დეპარტამენტი ამოქმედდება. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, დეპარტამენტი პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ მიგრანტთა გამოვლენასა და მათი ქვეყნიდან გაყვანაზე.
მისივე თქმით, სექტემბერში ექსპლოატაციაში შევა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, სადაც გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიზნით შსს-ს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტების ფარგლებში ეცნობოდნენ ევროპულ გამოცდილებას.
"ცენტრი ექსპლუატაციაში შევა 2014 წლის სექტემბერში. ამოქმედდება არალეგალ მიგრანტთა გამოვლენის ელექტრონული პროგრამა და მასში ჩაერთვება ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტი. ამ მიზნით ხორციელდება შესაბამისი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განახლებაც", - აღნიშნა ჭიკაიძემ.
მისივე განცხადებით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიას შორის, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა საქართველოდან ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ".
მინისტრის განმარტებით, შეთანხმება დაარეგულირებს შსს-სა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების საქართველოდან ნებაყოფლობითი დაბრუნების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.