ბათუმში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა

ბათუმში რიგით მერვე შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი მიმდინარეობს. პროგრამის მიხედვით, ფესტივალის მეორე დღეს ლეგენდარულ შემსრულებელ ლივ ვორფილდს უნდა ემღერა, თუმცა ავიარეისებთან დაკავშირებული ცვლილებების გამო, მან ბათუმში ჩასვლა ვერ მოახერხა.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა კომპანია "ისთერნ ფრომოუშენის" დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლივ ვორფილდის და 30-კაციანი შემადგენლობის ბათუმში ჩამოყვანა ტექნიკურად შეუძლებელი იყო, რის გამოც ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა.
მისივე თქმით, უკრაინაში თვითმფრნავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, ლივ ვორფილდს სხვა ქვეყანაში მოუწია ჩაფრენა, შემდეგ კი 30 ბილეთი სხვა რეისზე ვეღარ გადაცვალეს. "ტექნიკურად შეუძლებელი იყო მათი ჩამოყვანა. გაგვიმართლა, რომ ნინო ქათამაძე ბათუმში იყო, ის ბათუმელია და პირველად გამოვიდა ჯაზ-ფესტივალზე", - აღნიშნა კახა კანდელაკმა.
ორი საათის განმავლობაში ნიკოლოზ რაჭველი, ჯგუფი "ინსაითი", ანსამბლი "ჯორჯიან ბრასი" და ნინო ქათამაძე ცნობილ კომპოზიციებს ასრულებდნენ.
როგორც ნინო ქათამაძემ კონცერტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სცენაზე მყოფმა 22-მა მუსიკოსმა ყველაფერი გააკეთა, რომ დღესასწაული ყოფილიყო მსმენელსა და შემსრულებლებს შორის.
"წვიმა ჩვენს კონცერტზე ყოველთვის მოდის, იმიტომ, რომ წვიმა და ვარსკვლავები მუსიკას უხდება. ბათუმი ჩემი სახლია, ბათუმი ჩემი დაბადებაა - ყველა ემოცია და რწმენა საკუთარ თავთან, ვიცნობ ყველა კუთხეს. იმდენი საყვარელი ისტორია მაქვს, რომელიც მუსიკასთან მიდის, რომ ნებისმიერი კონცერტი მაბრუნებს საწყის ემოციასთან. სცენაზე იდგა 22 მუსიკოსი და წარმოიდგინეთ რამხელა სურვილი იყო იმის, რომ დღესასწაული ყოფილიყო ჩვენსა და მსმენელს შორის. ჩვენ ვასრულებთ სიმღერებს, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში ერთად ვმღერით, ეს ძალიან ძვირფასია, არ იმსახურებს შეფასებას, მხოლოდ სიყვარულს იმსახურებს", - აღნიშნა ნინო ქათამაძემ.
ჯაზ-ფესტივალის პირველ დღე ლეგენდარული ჯგუფის ქულ ენდ ზი გენგ-ის (KOOL AND THE GANG) მუსიკალური ნომრებით დაიწყო. მომდევნო ორი საღამოსთვის კი მსმენელის წინაშე მარიო ბიონდის (MARIO BIONDI), ბუცი ქოლინსი და ფანქ იუნითი ბენდის (bootsy Collins & The Funk Unity Band) მუსიკალური ნომრები შესრულდება.
ჯაზის საღამოები ბათუმის ბულვარში კორტებზე იმართება. ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 2008 წლიდან ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული.

























