საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) მაგისტრალური ხაზების ინტერაქტიული ციფრული რუკის შექმნის პროექტზე მუშაობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქარათველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მსოფლიო სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ხაზების ინტერაქტიული რუკის შექმნის პროექტს შეუერთდა.
კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ხაზების ინტერაქტიული რუკის შესაქმნელად მუშაობა უკვე დაიწყო. კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიის მფლობელი და ავტორიზებული პირებისთვის, ასევე მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი და ავტორიზებული პირებისთვის შემუშავდა სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის ფორმები. აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაციის ფორმები ძალაში 2014 წლის 1 სექტემბრიდან შედის. კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა ფორმები 2014 წლის 25 სექტემბრამდე უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმით.
ლიცენზიის მფლობელი და ავტორიზებული პირებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ კომისია საქართველოს სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ხაზების ინტერაქტიულ რუკას შექმნის, რომელსაც მოგვიანებით საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ხაზების ინეტრაქტიულ რუკას მიუერთებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომისიის ანალიტიკურ პორტალზე საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი და რადიო სარელეო ხაზების ციფრული ინტერაქტიული რუკაც შეიქმნება. ციფრული ინტერაქტიული რუკა ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას თუ რა დინამიკა არსებობს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში და ინტერნეტით დაფარვის პროცესში მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს არა მხოლოდ არსებულ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, არამედ პოტენციურ ინვესტორებსაც.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"