საჩხერის N1 საბავშვო ბაღში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ადაპტირების მიზნით, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს, ახლად გარემონტებული საბავშვო ბაღი გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აშშ-ის სამხედრო ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლეიტენანტმა ბლეკ ბერნიმ გახსნეს.
საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები აშშ-ის ევროპის სარდლობის ჰუმანიტარული სამოქალაქო დახმარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. 15 დღის განმავლობაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო ინჟინრები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდნენ.
ამერიკელი ინჟინრები საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდნენ. საბავშვო ბაღში გადაიტიხრა ოთახები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შენობის შესასვლელში პანდუსები დამონტაჟდა. ბაღის გარემონტების პროცესში, ამერიკელმა და ქართველმა ინჟინრებმა ოპერატიული მზადყოფნის უნარები გაიღრმავეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. სარემონტო სამუშაოები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საჩხერის სამთო-მომზადების სკოლის მხარდაჭერით განხორციელდა.
ევროპის სარდლობა საქართველოში ჰუმანიტარულ-სამოქალაქო პროექტებს რამდენიმე წელია ახორციელებს.