ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი დღეს პენსიონერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა და დღესასწაული პირადად მიულოცა. ასევე, პირადად მოისმინა მათი პრობლემებისა და ინდივიდუალური უფლება-დარღვევების შესახებ.
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, საქართველოს პენსიონერთა კავშირის თავჯდომარემ ადერკინ კოპლატაძემ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ მათ 60 ათასამდე პენსიონერს გაუწიეს მატერიალური დახმარება ფულადი სახსრებითა და პროდუქტებით, რაც თავისთავად მორალურ მხარდაჭერასაც ნიშნავს.
"შეხვედრის დამსწრე პენსიონერებმა გულისტკივილი გამოთქვეს არასახარბიელო სოციალური დახმარებების, საპენსიო სესხების მაღალი საპროცენტო განაკვეთის, მთელი რიგი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების (მედიკამენტები, შინ მოვლა, დღის ცენტრი, სათემო სერვისები) ხელმიუწვდომლობისა და სხვა პრობლემების გამო. ისაუბრეს ხანდაზმულთა თავშესაფრების სიმცირეზეც, სადაც მოხვედრა სწორედ ამის გამო გართულებულია. სახალხო დამცველმა პენსიონერთა პრობლემების გადაჭრის საქმეში სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი მიდგომისა და საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. თავად უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ მართებული იქნებოდა პენსიის დანიშვნა ნამსახურობისა და სტაჟის მიხედვით. ომბუდსმენი პენსიონერებს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის წარმართვაში დახმარებას დაპირდა", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხანდაზმულთა პრობლემებს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2013 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში სპეციალური თავი აქვს დათმობილი. სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნაწილი აისახა საპარლამენტო დადგენილებაში, რომელიც მთავრობას ხანდაზმულთათვის ახალი სერვისების დანერგვასა და განვითარებას ავალდებულებს.