ილია მეორე - 26 საუკუნის განმავლობაში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი

26 საუკუნის განმავლობაში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც ებრაულ დელეგაციას უმასპინძლა.

ქართველ და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში უწმინდესთან ისრაელის პარლამენტის წევრები, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. უწმინდესმა სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად იერუსალიმში დიდი ზომის სანთელი გააგზავნა, რათა ის მშვიდობისათვის აინთოს. პატრიარქის თქმით, ქართველებსა და ებრაელებს შორის სისხლით ნათესაობა არსებობს. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ქართული სამეფო დინასტია, ბაგრატიონები წარმოშობას იღებს დავით მეფისა და სოლომონ მეფისგან. მისივე თქმით, მსოფლიოში არსად არის დავით მეფის სახელობის ტაძარი და ის მხოლოდ თბილისშია.

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, ჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო. მე გულითადად მოგესალმებით ქართველი ერის სახელით, ებრაელი ერი და ქართველი ერი აღნიშნავს 26-ე საუკუნეს ჩვენი ურთიერთობისა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ გავიდა 26 საუკუნე, მე ვფიქრობ, რომ ეს მთლად სწორი არ უნდა იყოს. საქართველოში ჩამოვიდა ებრაელი ერი, როცა ნაბუქოდონოსორის დროს დევნა იყო. ებრაელები არ ჩამოვიდოდნენ უცნობ ქვეყანაში. ებრაელები ჩამოვიდნენ თავის ძმებთან, თავის ნაცნობ ქვეყანაში და ებრაელებმა ჩამოუტანეს საქართველოს ორი დიდი საუნჯე – ჭეშმარიტი სარწმუნოება ერთი ღმერთისა და წმინდა ილია წინასწარმეტყველის შესამოსელი ხალენი. 26 საუკუნის მანძილზე საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი და ეს ჩანს იქიდან, რომ ებრაელები, როგორც ჩამოვიდნენ ერთი ღმერთის მორწმუნე ხალხი, ისევე დარჩნენ დღემდე. დღეს ებრაელები ბრუნდებიან ისრაელში, ისინი ბრუნდებიან ყველაზე მორწმუნე ადამიანები და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ურთიერთობას ქართველებსა და ებრაელებს შორის", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ქართველსაც და ებრაელსაც უნდა ახსოვდეს, ოდითგანვე მიღებულია საქართველოში, რომ როცა ებრაელი ლოცავს ქართველს, ეს არის ღვთის დალოცვა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა პირველი ქალი წმინდანად აღიარა ებრაელი ქალი - სიდონია. "ღმერთმა დალოცოს ჩვენი ორი ერი, ჩვენი მეგობრობა და ძმობა", - ბრძანა ილია მეორემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს