თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დახურული პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დახურული პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს , შესაბამისად პროცესი დახურულია.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატებმა განუცხადეს, მათი შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე იქნება, რომ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე გამოყენებული არ იყო, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში გირაო მისაღები იქნება.

ამასთან, დაცვის მხარე საუბრობს პროკურორების მხრიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევაზე. ადვოკატებმა ლევან სამუშიამ და დავით კორკოტაშვილმა განაცხადეს, რომ ისევე, როგორც ბრალდებულებს, ასევე დაცვის მხარეს არ გადასცეს საქმის მასალები, რითაც დაარღვიეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ გარემოებას სასამართლო გაითვალისწინებს.

აღნიშნული დარღვევის გამო, დღევანდელ პროცესზე ადვოკატები პროკურორების აცილების შუამდგომლობას დააყენებენ.

პროკურატურას პროცესის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ პროკურორები დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები რამდენიმე დღის წინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე თანამშრომელს თავდებში უდგებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა გიორგი სამუშიამ განუცხადა, მაღალჩინოსნები დაკავებულების მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში თავდებში დგებიან, რომ ბრალდებულები არ მიიმალებიან და საქმის გამოძიებას ხელს შეუწყობენ.