ირაკლი სესიაშვილი - თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმის გარკვეულ ნაწილს გრიფი უნდა მოეხსნას

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმის გარკვეულ ნაწილს გრიფი უნდა მოეხსნას.
ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში თემის კომენტირებისას განუცხადა.
"მე მიმაჩნია, რომ ამ საქმის გარკვეულ ნაწილს გრიფი უნდა მოეხსნას, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საკითხებთან მიმართებაში, თუმცა ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს შს სამინისტრომ, გამოძიებამ. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაკავებულ თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებით საქმის ნაწილობრივ განსაიდუმლოებას ითხოვს. შესაბამისი წერილით თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პროკურატურას დღეს მიმართავს. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედება ბრალად.

























