მინდია ჯანელიძე - ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობა დინამიკურად და წარმატებულად მიმდინარეობს

მინდია ჯანელიძე - ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობა დინამიკურად და წარმატებულად მიმდინარეობს

ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობა დინამიკურად და წარმატებულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ ჟურალისტებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობა და თანამშრომლობა ამ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.

"ნატო-სთან ურთიერთობა მიმდინარეობს დინამიკურად და წარმატებულად. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი დაწყებულია. ჩვენ ამ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა და თანამშრომლობა ნატო-სთან, რომ საზოგადოებამ და, რაც მთავარია, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაინახოს კონკრეტული პოზიტიური შედეგები ნატო-საქართველოს ურთიერთობაში. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს.

ჩვენი აპარატი ნატო-ს შტაბბინასთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ განხორციელდეს სამოქმედო გეგმის კონკრეტული ინიციატივები, განისაზღვროს თითოეული ინიციატივის განხორციელების დრო და პირობები. ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტად ნათელი წარმოდგენა გვექნება ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ, რომელიც თებერვლის დასაწყისში გაიმართება", - განაცხადა ჯანელიძემ.