ია მეტრეველი შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აკისრებს. სასამართლოში რობაქიძის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით დაკითხვისას ია მეტრეველმა განაცხადა, რომ პოლიციელებს უსაზღვრო უფლებები სააკაშვილისა და ოქრუაშვილის მიერ გატარებული პოლიტიკის საფუძველზე ჰქონდათ.
"ამ ყველაფერში სააკაშვილია თავი და თავი. მან უთხრა პოლიციელებს, ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთო. 160 ბიჭი დახვრიტეს ქუჩაში. 10 წელი ვიბრძოდი, რომ ეს ჯალათები შემეჩერებინა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, თქვენს შვილებს რა ცოდვას უტოვებთ. ისეთი შვილი მომიკალით, აუცილებლად გადავა ეს ცოდვა თქვენს მოდგმაზე", - მიმართა ია მეტრეველმა ბრალდებულებს.
მისი თქმით, 2004 წლის 23 ნოემბერს ბუტა რობაქიძესთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდგომ დააკავეს, ბარბაროსულად მოექცნენ.
ია მეტრეველის განცხადებით, მომაკვდავ ბუტა რობაქიძესთან სასწრაფოს არ უშვებდნენ, მის ამ ნათქვამს დარბაზში მყოფი ბრალდებული დავით იაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ როდესაც იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა, სასწრაფოს ორი მანქანა დაინახა. ია მეტრეველმა ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სასწრაფოებს დაჭრილთან მიახლოვების უფლებას არ აძლევდნენ.
ია მეტრეველმა ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ინფორმაცია აქვს, რომლის მიხედვითაც, მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. მეტრეველის თქმით, ბუტა რობაქიძის მამიდასთან გურამ დონაძის დავალებით პოლიციელები მივიდნენ.
მეტრეველის დაკითხვის პროცესში განცხადების გაკეთების უფლება ითხოვა ბრალდებულმა იაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბუტა რობაქიძის დედა შეცდომაში შეიყვანეს.
"მე როდესაც მივედი, 2 სასწრაფო იდგა, ახლა კი როდესაც გირაოს მიფარდებდნენ ამ საქმეზე, მოსამართლეს ვუთხარი, რომ დროულად რომ მივსულიყავი, მე წავიყვანდი ბუტას საავადმყოფოში. ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი არ ვარ, თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ფირცხალავა ყველა თავის ინტერვიუში, ბუტა რობაქიძეზე ამბობს, რომ უპატიოსნესი ბიჭი იყო", - განაცხადა იაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"