თბილისის სპორტის სასახლე 20-22 მარტს, ძიუდოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - თბილისის გრან პრის მეორედ უმასპინძლებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გრან პრის სტატუსი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისს 2013 წლის მიწურულს მიანიჭა, როდესაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის სამინისტროში სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისის გრან პრიზე მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას მამაკაცთა და ქალთა შორის, ჩემპიონები 7-7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
გრან პრიზე დასასწრები მედია-აკრედიტაციის მსურველმა ჟურნალისტებმა აკრედიტაციის პროცედურა უნდა გაიარონ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ საიტზე, შემდეგ მისამართზე - http://www.datastat.si/IJF_media/?p=register&id;=86
აკრედატიციის პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება 15 მარტამდე. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საინფორმაციო ბაზაში დარეგისტრირებული ჟურნალისტები აკრედიტაციებს მიიღებენ 19 მარტს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" 14:00 საათზე დაგეგმილ ტურნირის ოფიციალურ კენჭისყრაზე.
გრან პრის ფინალურ ორთაბრძოლებს პირდაპირ ეთერში 17:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.