თუმცა, ნატო-ს გენმდივნის, იააპ დე ჰოოპ სხეფერის მიერ წაკითხული სამიტის კომუნიკეს ის პარაგრაფი, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ნატო-სთან შემდგომ ურთიერთობას ეხება, არის პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯი, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ გადაწყვეტილება ნატო-ს სახელმწიფოთა მეთაურებისა, რომელშიც ჩაიწერა, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, მიესალმებიან რეფორმებს და პროგრესს რეფორმების თვალსაზრისით. მოუთმენლად ელიან საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრებს უფლება მიეცათ, შეისწავლონ პროგრესი, რომელიც საქართველოსთვის განმსაზღვრელი იქნება "MAP-ის მიღების თვალსაზრისით.
პირველი ასეთი პროგრესის შეფასება ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2008 წლის დეკემბერში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ, მიიღებს თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას.
ამის გათვალისწინებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა სამიტზე მიღწეული შედეგით კმაყოფილია, მათ მიიღეს უფრო მეტი, ვიდრე ელოდნენ. საბოლოო კომუნიკეში გაკეთებული ჩანაწერი უკრაინისათვის უფრო დიდი მიღწევაა, ვინაიდან უკრაინაში არ არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე და რაც მთავარია, ნატო-სადმი ხალხის ნდობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი - 35-40 პროცენტია. ამის გამო უკრაინამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე. აქედან გამომდინარე, უკრაინისათვის საქართველოსთან დაწყვილება კიევისათვის მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, უკეთესი იყო, "MAP"-ის მიღება, მაგრამ ის, რაც ჩაიწერა და ის, რაც პირველად ითქვა ნატო-ს კედლებში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ეს მნიშვნელოვანია.
ნატო-ს სამიტის წინ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა კონსტანტინე კოსაჩოვმა და სერგეი მარკოვმა საქართველოს მისამართით ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთეს. მათი პოზიცია თითქმის ემთხვევა იმას, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გააკეთა. მათ, ლავროვის მსგავსად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრობლემის გაღრმავებაზე, რუსეთის მიერ სოხუმისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
რაც შეეხება საერთოდ რუსეთის პოზიციას და იმას, რამდენად იყო გადამწყვეტი რუსეთის დემარში ნატო-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, უფრო ადრე ნატო-ს გენმდივანმა სხეფერმა, გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, რომ არავის, მით უფრო მესამე ქვეყანას და იგულისხმებოდა რუსეთი, არ შეუძლია სასიცოცხლო გავლენა მოახდინოს ნატო-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე.
თუმცა კულუარებში ამას ადასტურებენ ცნობილი ჟურნალისტები გერმანიიდან და საფრანგეთიდან. რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიცია იყო მნიშვნელოვანი და როგორც ჩანს, ტაქტიკა, რომელიც არჩეული იქნა რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ წინა წლებში ძალიან რადიკალური, ხისტი დამოკიდებულებისა, იყო განმსაზღვრელი იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე არ წავიდა გერმანია. მაგრამ ამაზე ღიად არავინ საუბრობს.
ისევე, როგორც დღეს სხეფერმა უპასუხოდ დატოვა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვა, თუ რომელი ქვეყნები იყვნენ გერმანიის და საფრანგეთის გარდა წინააღმდეგი საქართველოს მიეღო "MAP"-ი, მან თქვა, რომ ეს არის ნატო-ს სახელმწიფოთა მეთაურების პრივილეგია და რომ მას არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მათ გადაწყვეტილებაზე.
"MAP"-ის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით ზედმეტი ოპტიმიზმი საჭირო აშკარად არ იყო. მით უმეტეს, როდესაც საქმე 26-მა ქვყანამ უნდა გადაწყვიტოს, თან კონსენსუსის წესით. მიუხედვად ამისა, არანაირი დრამატიზმის საფუძველი არ არსებობს, რადგან ნატო-ს ისტორიაში, თუკი საქართველოს საკითხი 97-ე-98-ე ადგილზე იყო ხოლმე, ეს იყო სამიტი, როდესაც ავღანეთის, ახალი წევრების დასახელების, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და საერთოდ კოსოვოს საკითხის შემდეგ საქართველო-უკრაინის საკითხი რიგით მე-4 იყო.
მთავარ პრესკონფერენციაზე ამ რიგითობით იქნა ეს პრიორიტეტები გამოტანილი. საქართველოსა და უკრაინის მიერ "MAP"-ის მიღება-არმიღების თემა ამ სამიტის მთავარი ინტრიგა იყო. გამომდინარე აქედან და იმ ჩანაწერით, რაც კომუნიკეში გაკეთდა, საქართველოს აქვს "MAP"-ის მიღების შანსები, მაგრამ საქართველოსგან ასევე ელიან გარკვეულ დიდ პროგრესს დემოკრატიის თვალსაზრისით და ეს შემთხვევით არ ჩაიწერა სწორედ საქართველოსთან მიმართებაში და არა უკრაინასთან მიმართებაში. ეს ძალიან ყურადსაღებია. ნატო-ს წევრი ქვეყნები სულმოუთქმელად დაელოდებიან საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რაც მთავარია, ამასაც ყურადღება უნდა მიექცეს, საუბარია 2008 წლის დეკემბრამდე პირველი პროგრესის შეფასების მოსმენისას. ეს პირველი და ბოლო იქნება, თუ ერთ-ერთი იმ უამრავთაგანი, რაც უნდა იყოს შემდგომში, ეს იქნება ისევ და ისევ საქართველოზე დამოკიდებული. თუ ამ 8 თვის განმავლობაში რეალური პროგრესი მოხდება ბევრი მიმართულებით, რა თქმა უნდა, 2008 წლის დეკემბრისთვის საგარეო საქმეთა მინისტრები მოამზადებენ რეალურად პოზიტიურ დასკვნას, რაც წინაპირობა გახდება "MAP"-ის მისაღებად, მაგრამ აქვე ერთი რამ უნდა ითქვას, რადგან ეს ისევ დაუკავშირდება მოლოდინს და ზედმეტ ოპტიმიზმს. საქართველოს მიერ "MAP"-ის მიღება ქვეყანაში დემოკრატიულ შიდარეფორმებზე იქნება დამოკიდებული.