ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლოზ, თქვენთვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის საკითხები ის თემებია, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობთ და იკვლევთ დღესაც და კარგი იქნება თუ ჩვენ საუბარს ამ საკითხებზე მსჯელობით დავიწყებთ.

მას შემდეგ რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ფართობასშტაბიანი ომი დაიწყო, საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში რომ დიდი ძვრებია მომხდარი და არეულობაა, ვხედავთ.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ამ ომამდეც არსებული პრობლემები, ევროპა-აშშ-ს შორის არსებული უთანხმოებები, ასევე „კოლექტიურ დასავლეთსა“ და რუსეთს შორის ცივილიზაციური დაპირისპირებები გააშიშვლა, ეგეც ვნახეთ. საერთაშორისო სამართლის პრინციპების არსებობა რომ მივიწყებას მიეცა, ამასაც ვხედავთ.

სხვათა შორის იმასაც, რომ ზესახელმწიფოების ლიდერების თუნდაც ხმაურიან განცხადებებს აზრი აქვს დაკარგული, ამასაც მივეჩვიეთ. უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების დაპირებებით გაპრეზიდენტებულმა ტრამპმა წელიწად ნახევარია ვერ აიძულა და დაითანხმა პუტინი შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინაში.

ეგ კი არაა, ტრამპის მცდელობებით უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გამო იზოლაციაში მყოფი პუტინი დააბრუნა საერთაშორისო პოლიტიკაში, და მას მეგობარს უწოდებს.

ეს ხდება იმის ფონზე, როცა აშშ-ს ირანთან დაპირისპირებაში პრაქტიკულად კატასტროფული შედეგი აქვს, აშშ-მ, როგორც ზესახელმწიფომ ისლამური რესპუბლიკასთან ომი წააგო და ორმუზის სრუტე, ირანს აქვს ბლოკირებული.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მსოფლიოში ჩამოყალიბებულ რეალობას? ასევე ამ ომში აშშ-ს როლს?

- რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ სერიოზულად დააზიანა საერთაშორისო წესრიგი და საერთაშორისო სამართალი, მაგრამ ის არ არის დღეს მსოფლიოში არსებული მძიმე ვითარების ერთადერთი და მთავარი მიზეზი. უფრო სწორად, ის უფრო შედეგია ხანგრძლივი და ღრმა პროცესებისა, რომლებიც დიდ ხანია მიმდინარეობს მსოფლიოში და რომლებმაც საბოლოოდ მიგვიყვანა აქამდე.

სამწუხაროდ, დასავლური სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ მას ამისათვის რესურსი გააჩნდა, ინტელექტუალურად და მორალურად ვერ აღმოჩნდა მზად პოსტ „ცივი ომის“ სამყაროს მართვისა და სწორი ტრანსფორმაციისთვის.

უკონტროლოდ იქნა მიშვებული ან ზოგჯერ წახალისებულიც კი ისეთი პროცესები, რომლებმაც დღეს მსოფლიო ასეთ მძიმე პრობლემების წინაშე დააყენა, და რუსეთი ამ პრობლემებიდან, მართალია ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთერთია.

სამწუხაროდ, დასავლური სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ მას ამისათვის ყველა სხვა დანარჩენი რესურსი გააჩნდა, ინტელექტუალურად და მორალურად ვერ აღმოჩნდა მზად პოსტ „ცივი ომის“ სამყაროს მართვისა და სწორი ტრანსფორმაციისთვის

რაც შეეხება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას ევროპისადმი, მე არ ვფიქრობ, რომ ის ისეთი ანტაგონისტურია, როგორც თქვენ გულისხმობთ. უბრალოდ, დადგა ის მომენტი, როცა აშშ-ს სერიოზული პრობლემები აქვს გადასაწყვეტი სხვა მიმართულებებით, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი, ხოლო მისი რესურსები, ცხადია, უსაზღვრო არაა.

ამდენად, აშშ-ს პოზიციაა, რომ დროა ევროპამ აიღოს თავის თავზე ლომის წილი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რადგან შესაბამისი რესურსი მას გააჩნია და მისცეს აშშ-ს საშუალება გადაანაწილოს საკუთარი რესურსი ისე, რომ სხვა უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მიხედოს.

აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას ევროპისადმი, მე არ ვფიქრობ, რომ ის ისეთი ანტაგონისტურია, როგორც თქვენ გულისხმობთ. უბრალოდ, დადგა ის მომენტი, როცა აშშ-ს სერიოზული პრობლემები აქვს გადასაწყვეტი სხვა მიმართულებებით, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი, ხოლო მისი რესურსები, ცხადია, უსაზღვრო არაა

ეს არის ის რეალობა, რომელიც აისახება პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. ეს ევროპული ომია და წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას სწორედ ევროპის უსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, ის, რომ უკრაინის თავდაცვის უზრუნველყოფისთვის ძალისხმევის დიდი ნაწილი თანდათან სწორედ ევროპის მხრებზე გადავიდა, ეს სწორი და ლოგიკურია.

მთავარი აქ ისაა, რომ ამ ტენდენციას არ შეეწიროს ზოგადად დასავლეთის ერთიანობა მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში და შენარჩუნებულ იქნას სტრატეგიული კავშირი აშშ-სა და ევროპას შორის, რომლის მთავარ ინსტრუმენტს ათწლეულების მანძილზე ნატო წარმოადგენდა.

ვიცით, რომ ნატოს ეფექტურობა და მომავალი დღეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ არ უნდა დაიკარგოს დასავლური ცივილიზაციის ერთიანობა მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში.

მოხდება ეს ნატოს მოდერნიზებით და მისთვის ეფექტურობის დაბრუნების გზით თუ თანამშრომლობის ახალი ფრომების მოძიებით ეს უკვე, მართალია მნიშვნელოვანი, მაგრამ შედარებით მაინც მეორეხარისხოვანი საკითხია.

არ უნდა დაიკარგოს დასავლური ცივილიზაციის ერთიანობა მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში. მოხდება ეს ნატოს მოდერნიზებით და მისთვის ეფექტურობის დაბრუნების გზით თუ თანამშრომლობის ახალი ფრომების მოძიებით ეს უკვე, მართალია მაინც მეორეხარისხოვანი საკითხია

- მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა ომი დაიწყო, ევროკავშირის სივრცეში უცნაურადაც კი ვითარდება პროცესები.

იგულისხმება ის რომ ევროკავშირის მხარდაჭერით უკრაინა ახერხებს აგრესორ რუსეთთან გამკვლავებას, თუმცა, ვხედავთ, რომ ძლიერი ევროპის არსებობაში, როგორც აღმოჩნდა, ერთნაირად არ არიან დაინტერესებული როგორც პრეზიდენტი ტრამპი, ისე პრეზიდენტი პუტინი.

ეს რომ ასეა, ამის ნათელი მაგალითია ევროპის ქვეყნებში აშშ-სა და რუსეთის მხრიდან ამ ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში აქტიური ჩარევა, ევროსკეპტიკური პოზიციებით გამორჩეული პოპულისტური პარტიების გაძლიერება საფრანგეთსა თუ გერმანიაში, რომლებიც ამავდროულად ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩევიან.

ეს ტენდენციები რომ აუცილებლად გამოიწვევს ევროკავშირის დასუსტებას, ფაქტია.

თქვენთან დაკავშირებამდე ცნობილი გახდა ის რომ არა ერთ ერთი ბალტიის ქვეყნის წინააღმდეგობა, ევროკავშირი მიიღებდა გადაწყვეტილებას რუსეთის ოლიგარქებისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ.

არადა საუბარია, ოლიგარქ უსმანოვზე და ფრიდმანზე, რომლებიც პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრებად ითვლებიან. უსმანოვი სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს ფლობს, ფრიდმანიც, რომელიც, სხვათა შორის, მის დასანქცირებემდე „ბორჯომის“ 51% ფლობდა, ახლა კი 49% ფლობს.

როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომში ევროკავშირის როლ?

ასევე იმას, აშშ-სა და რუსეთის ჩარევების შედეგად რა ხდება ევროკავშირის რიგ წამყვან ქვეყნებში, ისეთებში როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია?

- ევროკავშირთან მიმართებაში აშშ-ს და რუსეთის ერთ სიბრტყეში დაყენება, ვფიქრობ დაუშვებელი გადაჭარბებაა.

დღეს აშშ-ს პოზიცია რუსეთის მიმართ შედარებით უფრო რბილია, ვიდრე ევროკავშირის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიმართ აშშ-ს ისეთივე მტრული განწყობა აქვს, როგორც პუტინს. დღეს აშშ-ში ტრამპი და მაგა დომინირებს. შესაბამისად, საქმე გვაქვს მკვეთრ მემარჯვენე გადახრასთან აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ბუნებრივია, ამ პირობებში ვაშინგტონი ხელს შეუწყობს მონათესავე პოლიტიკურ მოძრაობებს ევროპაში რათა ეს მემარჯვენე ტრენდი მსოფლიოში დომინანტური გახადოს, მითუმეტეს, რომ აშშ-ს დღევანდელი მმართველი ძალების გაგებით მათი მთავარი მეტოქე ქვეყანაში, დემოკრატიული პარტია, აქტიურად თანამშრომლობს ევროპის მემარცხენე ძალებთან სწორედ ამერიკელ მემარჯვენეებთან ბრძოლის კოორდინაციის საქმეში. საქმე ისაა, რომ ეს რეალობა სიტუაციურად დაემთხვა პუტინის ქმედებებს ევროკავშირის მიმართ.

აშშ-ს დღევანდელი მმართველი ძალების გაგებით მათი მთავარი მეტოქე ქვეყანაში, დემოკრატიული პარტია, აქტიურად თანამშრომლობს ევროპის მემარცხენე ძალებთან სწორედ ამერიკელ მემარჯვენეებთან ბრძოლის კოორდინაციის საქმეში. საქმე ისაა, რომ ეს რეალობა სიტუაციურად დაემთხვა პუტინის ქმედებებს ევროკავშირის მიმართ

პუტინის ჩარევას ევროპული ქვეყნების შინაურ საქმეებში და მის მიერ იქ ულტრამემარჯვენე და ევროსკეპტიკური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას სულ სხვა მიზანი და მოტივაცია აქვს - ინსტიტუციურად მოარღვიოს ევროკავშირი, შეიტანოს არეულობა ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოარღვიოს ევროპის კონსოლიდირებული ძალისხმევა უკრაინის მხარდაჭერის საქმეში.

ეს არის უცნაური სიტუაციური დამთხვევა და არა აშშ-რუსეთის შეთანხმებული და კოორდინირებული ქმედება ევროპის მოსარღვევად. სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ, ჩემი აზრით, ევროპის ქვეყნებში პუტინის მიერ მხარდაჭერილი ახალი რადიკალური მემარჯვენეების პოლიტიკური გამარჯვების შემთხვევაში, მათი და პუტინის “თაფლობის თვე” დიდხანს არ გაგრძელდება და მათი სახით რუსეთი გაცილებით უფრო ხისტ მოწინააღმდეგეს მიიღებს, ვიდრე ტრადიციული, მეინსტრიმული ევროპული პოლიტიკური სპექტრია.

ევროპის ქვეყნებში პუტინის მიერ მხარდაჭერილი ახალი რადიკალური მემარჯვენეების პოლიტიკური გამარჯვების შემთხვევაში, მათი და პუტინის “თაფლობის თვე” დიდხანს არ გაგრძელდება და მათი სახით რუსეთი გაცილებით უფრო ხისტ მოწინააღმდეგეს მიიღებს, ვიდრე ტრადიციული, მეინსტრიმული ევროპული პოლიტიკური სპექტრია

პუტინთან მეგობრობა და პრორუსული რიტორიკა მათ ახლა სჭირდებათ, ხელისუფლებაში მოსასვლელად გამართულ ბრძოლაში, თორემ ხელისუფლებაში ყოფნის რეალობა მათ სულ სხვა ინტერესებს და დღის წესრიგს უკარნახებს. თუმცა, ერთი რამე უნდა ითქვას - რადიკალი მემრჯვენეები ევროპაში საგრძნობლად ძლიერდებიან, მაგრამ მათ ტოტალურ პოლიტიკურ გამარჯვებაზე საუბარი დღეს ძალიან ნაადრევია.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომში ევროკავშირის როლს, ის დიდი ბრიტანეთის როლთან ერთად გადამწყვეტია უკრაინის მხრიდან ეფექტური წინააღმდეგობის უზრუნველყოფის საქმეში.

ვფიქრობ, რა ძალებიც არ უნდა მოვიდნენ ევროპის ქვეყნებში სათავეში, მათ საზღვრებთან აგრესიული პუტინის რუსეთის მოახლოვება არავის ესიამოვნება. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ევროპის მხრიდან, წესით, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს.

უსმანოვის და ფრიდმანის სანქციების მოხსნამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ჯერჯერობით რუსული ისტებლიშმენტზე სანქციური ზეწილის პოლიტიკა ურყევია.

სიტუაციური თავისებურებების გამო ევროკავშირს ამ ორ ადამიანზე სანქციების მოხსნა მოუხდა სწორედ დანარჩენ 3000 ადამიანზე და ორგანიზაციებზე სანქციების შესანარჩუნებლად.

ასეა, რადგან მათ თავიანთი ინტრიგებით მოახერხეს ცალკეული ქვეყნების (უსმანოვმა საფრანგეთის, ხოლო ფრიდმანმა ლუქსემბურგის) პოზიციების მოპოვება თავიანთ საკითხში, ხოლო გადაწყვეტილება მთლიან სიაზე სანქციური რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებით კონსენსუსის პრინციპით მიიღება. ვფიქრობ, პაპუაშვილის მოწოდება ევროკავშირთან დიალოგის აღდგენის შესახებ უარზე ან იგნორირებაზეა გათვლილი.

ვფიქრობ, პაპუაშვილის მოწოდება ევროკავშირთან დიალოგის აღდგენის შესახებ უარზე ან იგნორირებაზეა გათვლილი

- ამ მოვლენათა ფონზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც 2022 წლის შემდეგ თანაგუნდელებისგან გამოირჩეოდა ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებებით, ახლა ბრიუსელში იმყოფება.

ბრიუსელში გამგზავრებამდე ბატონი შალვა პაპუაშვილი აცხადებდა - „ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს და ამ თემებზე მოსინჯვებს შეეშვას“.

ბრიუსელში ჩასული შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს თბილისთან დიალოგის აღდგენისაკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, „ბრიუსელსა და თბილისს შორის თანამშრომლობის წერტილები არაა მოძებნილი ბრიუსელის ბრალია“. და ეს მაშინ, როცა ევროკავშირთან ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ განცხადება სწორედ საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გაააკეთა.

პაპუაშვილის ეს განცხადებები ოპოზიციამ „წარმოუდგენელ უტიფრობად“ შეაფასა, რადგან, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ შეუსრულებია ევროკავშირის არც ერთი „დათქმა და რეკომენდაცია,“ რის გამოც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

ბრიუსელში ჩასული ბატონი პაპუაშვილი აცხადებს - „ბრიუსელის ბიუროკრატია აზიანებს ევროკავშირის იდეას“. ბატონ პაპუაშვილს ეს თბილისშიც ბევრჯერ უთქვამს, მაგრამ, ახლა ბრიუსელშიც ამბობს - „მიგვიღეთ ისეთი, როგორებიც ვართ“.

თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტის სპიკერის ბრიუსელში ვიზიტს?

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბრიუსელი გაითვალისწინებს ოფიციალური თბილისის მოწოდებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის აღდგენაზე?

- ასეთი არადიპლომატიური ტონით არ აფორმებენ. მგონი, დღეს უკვე საბოლოოდ ცხადია, რომ “ოცნების” ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით და თუნდაც ეს მუდმივი შეურაცხყოფები პაპუაშვილის მხრიდან კეთდება იმისთვის, რომ დიალოგი და ინტეგრაცია შეუძლებელი იყოს.

საქართველოში პოლიტიკურმა რეჟიმმა ისეთი სახე მიიღო, რომ ძნელია წარმოიდგინო როგორ შეიძლება ამ პირობებში ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესები სერიოზულად განიხილებოდეს.

დღეს უკვე საბოლოოდ ცხადია, რომ “ოცნების” ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით და თუნდაც ეს მუდმივი შეურაცხყოფები პაპუაშვილის მხრიდან კეთდება იმისთვის, რომ დიალოგი და ინტეგრაცია შეუძლებელი იყოს

ციხეები სავსეა პოლიტიკოსებით და აქტივისტებით, დღის წესრიგში დგას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი, სასამართლო ჩვეულებრივ პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გადაქცეული და ა.შ.

როგორ შეიძლება ეს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციას და მასთან ამ თემაზე დიალოგის განახლებას სერიოზულად განიხილავდეს? შესაბამისად, კეთდება მხოლოდ განცხადებები დიალოგზე და თანაც ისეთი ფორმით, რომ ამ დიალოგის განახლება შეუძლებელი იყოს.

- ევროკავშირზე საუბრისას პაპუაშვილმა რუსული ნარატივი დააბრუნა იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირი აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხით ვაჭრობს.

ვინც პოლიტიკურ პროცესებს ადევნებს თვალს, იცის, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. რაში სჭირდება „ოცნებას“ ცრუ ნარატივების ტირაჟირება, თითქოს ევროკავშირის წევრობა ქვეყნის გამთლიანებას ხელს უშლის?

- ევროკავშირი არის ის სტრუქტურა, რომელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. როცა ასეთი უცნაური განცხადებები კეთდება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი - ხომ არ ხდება რაღაც პიარმზადება სხვა პროცესებისათვის.

შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო დროს ხელისუფლებამ რატომღაც ნაფტალინიდან ამოიღო გეორგიევსკის ტრაქტატი და დაიწყო ერეკლე მეორის რუსეთთან დაახლოვების პოლიტიკის ქება-დიდება. პარალელურად, ხელისუფლებასთან დაახლოვებულმა პროპაგანდისტებმა გააჩაღეს კამპანია რუსეთთან რაღაც მსგავსი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი არის ის სტრუქტურა, რომელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. როცა ასეთი უცნაური განცხადებები კეთდება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი - ხომ არ ხდება რაღაც პიარმზადება სხვა პროცესებისათვის

ამას ყველაფერს ძალიან ცუდი სუნი უდის. ყველას შევახსენებ, რომ ნორმალური, მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება დიდი ხნის წინ 1994 წლის 3 მარტს უკვე ხელმოწერილია რუსეთსა და საქართველოს შორის.

ეს იმ ტიპის ხელშეკრულებაა, რომელიც ქვეყნების თანასწორუფლებიანობის მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის დადებული.

რუსეთს რომ ჩვენთან ნორმალური ურთიერთობა უნდოდეს, უბრალოდ რატიფიცირებას გაუკეთებდა ამ ხელშეკრულებას, რაც დღემდე არ გაუკეთებია და ახლა ქართულ პოლიტიკურ დისკურსში რაღაც ახალ ხელშეკრულებაზე საუბარია შემოგდებული, რომელმაც ვითომ და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უნდა მოაგვაროს.

ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება დიდი ხნის წინ 1994 წლის 3 მარტს უკვე ხელმოწერილია რუსეთსა და საქართველოს შორის... რუსეთს რომ ჩვენთან ნორმალური ურთიერთობა უნდოდეს, უბრალოდ რატიფიცირებას გაუკეთებდა ამ ხელშეკრულებას, რაც დღემდე არ გაუკეთებია

რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ 1994 წლის ხელშეკრულებაშია მკაფიოდ და არაორაზროვნად აღიარებული. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მათ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოახდინეს.

ახლა პაპუაშვილის მხრიდან თავს იჩენს ყალბი ნარატივი ევროინტეგრაციის კურსის და ტერიტორიული მთლიანობის დაპირისპირების შესახებ, თითქოს ევროკავშირი ჩვენგან ინტეგრაციის სანაცვლოდ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას ითხოვს და მეორე ალტერნატივაა - ევროინტეგრაციაზე უარის თქმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ

მოცემულ პირობებში, პუტინის რუსეთთან დადებული, ნებისმიერი ახალი ხელშეკრულება მხოლოდ ე.წ. “ახალი რეალიების”, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის იურიდიულ გაფორმებას შეიძლება ემსახურებოდეს.

ოღონდ, სავარაუდოდ, ეს გაკეთდება შენიღბულად და ეტაპობრივად, თანაც საქართველოს იურიდიული თანხმობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენად შენიღბული სინამდვილეში კი ამ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის სანაცვლოდ რუსეთი სავარაუდოდ მოითხოვს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელოვან დათმობას და პროდასავლურ კურსზე უკვე იურიდიულად უარის თქმას. ქართულ საზოგადოებას კი ამას დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად მიჰყიდიან.

საამისოდ მოსახლეობის პროპაგანდისტური გამოთაყვანების სამუშაოები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჰოდა ამ კონტექსტში ახლა პაპუაშვილის მხრიდან თავს იჩენს ყალბი ნარატივი ევროინტეგრაციის კურსის და ტერიტორიული მთლიანობის დაპირისპირების შესახებ, თითქოს ევროკავშირი ჩვენგან ინტეგრაციის სანაცვლოდ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას ითხოვს და მეორე ალტერნატივაა - ევროინტეგრაციაზე უარის თქმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ.

სინამდვილეში, მეორე გზის შემთხვევაში გარანტირებულად დავკარგავთ ტერიტორიულ მთლიანობასაც, ევროინტეგრაციის პერსპექტივასაც, ზოგადად დასავლეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობასაც და ეროვნული სუვერენიტეტის უდიდეს ნაწილსაც. როგორი დაცინვაა, არა?

სინამდვილეში, მეორე გზის შემთხვევაში გარანტირებულად დავკარგავთ ტერიტორიულ მთლიანობასაც, ევროინტეგრაცისს პერსპექტივასაც, ზოგადად დასავლეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობასაც და ეროვნული სუვერენიტეტის უდიდეს ნაწილსაც. როგორი დაცინვაა, არა?

ყველაზე საწყენი აქ ისაა, რომ, როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ.

იმ ვითარების დადგომაში პასუხისმგებლობა ოპოზიციის პარტიებმაც და მათ ლიდერებმაც უნდა გაიზიარონ. სანამ ჯერ კიდევ შედარებით ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლა შესაძლებელი იყო, მათ ელემენტარულად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა ვერ შეძლეს, რამაც საშუალება მისცა “ოცნებას” დაემყარებინა ის რეჟიმი, რომელშიც დღეს ვარსებობთ

- პრემიერი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81 სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი სესიაზე სიტყვით ზეგ გამოვა.

უკვე ვიცით, რომ გაეროში ვიზიტის ფარგლებში პრემიერს შეხვედრა ჰქონდა თურქეთის პრემიერთან, ნაურუსთან გაფორმდა დიპლომატიური ურთიერთობები.

თუმცა, გაუგებარია რატომ არ აქტიურობს საქართველოს ხელისუფლება სირიის ახლი სელისუფების მიმართულებით, რომელსაც ასევე აქვს აღიარებული აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“. სხვათა შორის, სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი დამასკოში უკვე სამჯერ იყო ვიზიტით.

ამის პარალელურად ნიუ-იორკში მიმდინარეობს კასპიის ბიზნესფორუმი, რომელზეც „ტრამპის გზის“ პერსპექტივებზე იმსჯელებენ. მალე გავიგებთ მასში საქართველოს წარმომადგენლება მიიღებს თუ არა მონაწილეობას.

ფაქტი ისაა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში ვაშინგტონის გაუგებარი პოზიციის მიუხედავად, აშშ აქტიურად ცდილობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოზიციების გაძლიერებას.

რაც შეგვეხება ჩვენ, ისეთი პირი უჩანს, ცენტრალური აზიის ტვირთები „ტრამპის გზაზე“ გაივლის და გვერდს აუვლის საქართველოს. თუ აქამდე „შუა დერეფნად“ საქართველო განიხილებოდა, ახლა მისი კონკურენტი სომხეთზე გამავალი „ტრამპის გზა“ იქნება.

სავარაუდოდ, რა გზავნილებით წარსდგება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე?

- როგორც ვნახეთ, კობახიძის გამოსვლაში საქართველოს პოზიციებმა მომდევნო დეგრადაცია განიცადა. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მხოლოდ გაკრვით არის ნახსენები და პრობლემის მოგვარების აქცენტი არა რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ ე.წ. აფხაზ და ოს ძმებთან დიალოგზეა გადატანილი, თითქოს ეს მეორე პირველის გარეშე შესაძლებელი იყოს.

რაც შეეხება, კავკასიის რეგიონის სატრანზიტო როლის გაძლიერებაში საქართველოს მონაწილეობას, აქ პრემიერმა მხოლოდ საქართველოს ზოგად როლზე ისაუბრა და არ დაუკავშირა ის იმ კონკრეტულ პროცესებს და პროექტებს, რომლებიც რეგიონში უკვე მიმდინარეობს.

ვფიქრობ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით ამ გრანდიოზული პროცესების კონტექსტიდან ისევ ამოვარდნილია.

- გრილი ზაფხულის მიუხედავად პოლიტიკური თვალსაზრისით ზაფხული საკმაოდ „ცხელი“ აღმოჩნდა. ვგულისხმობს მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს, ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

რადგან პოლიტიკური სეზონი პრაქტიკულად დაწყებულია, მთავარია გავერკვით, როგორი პოლიტიკური გარემოთი შეხვდა ქვეყანა ახალ პოლტიკურ სეზონს, როგორი შედეგებით შეხვდა მას მმართველი „ქართული ოცნების“ გუნდი და ოპოზიცია, სავარაუდოდ, როგორი დღის წესრიგი ექნება მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრს.

მმართველი გუნდი კი გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკაში მაღალი ზრდა გვაქვს, მაგრამ, ცოტა ვინმე თუ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად მიბმულია რუსულ ეკონომიკას, რომელსაც დღეს ისე უჭირს, როგორც სსრკ-ს დაშლიდან, არასდროს.

როგორი პოლიტიკური გარემოთი, პოლიტიკური და ეკონომიკური პარამეტრებით შეხვდა ქვეყანა ახალ პოლტიკურ სეზონს?

- პოლიტიკური კლიმატი საქართველოში ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყების ფონზე ძალიან მძიმეა. “ქართული ოცნება” აგრძელებს და სავარაუდოდ კიდევ უფრო გააძლიერებს ე.წ. ქანჩების მოჭერის პოლიტიკას.

როგორც ჩანს, მთავარი ოპოზიციური ძალები საქართველოში მართლაც აიკრძალება და შესაბამისად იკვეთება ის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი პრაქტიკულად უკონკურენტო გარემოში აპირებს გასვლას.

კაცმა რომ თქვას, შეუძლებელი არაფერია, აგერ ნიკარაგუაში დანიელ ორტეგამ საერთოდ გააუქმა არჩევნები როგორც ასეთი. ამ ტიპის რეალობისაგან ჩვენ უკვე დღესვე არც ისე შორს ვართ, თუ რაღაც ფორმალურ ნიშნებს არ ჩავთვლით. საკითხავი ისაა, რას მოუტანს ეს ქვეყანას. ვფიქრობ, ეს ჩიხური გზაა და ამ ტიპის პოლიტიკა, როგორ წესი, მათი გამტარებლებისთვის კატასტროფით მთავრდება.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის - „დიდი კვლევა არ სჭირდება იმას, რომ საქართველოში საზოგადოების ასევე საკმაოდ დიდი ნაწილს აქვს მზაობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაუშვან“, მაგრამ, ხალხმა არ იცის, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში.

ფაქტი ისაა, რომ ჯერჯერობით, ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური ბრძოლის ისეთ ფორმაზე, რომელიც ეფექტური იქნება „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად.

ფაქტია ისიც, რომ „ქართულ ოპოზიციას პრობლემა აქვს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან. თუ ოპოზიცია ამ პრობლემას დაძლევს, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ დროის ამბავი იქნება“.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბევრი თვალსაზრისით ჭრელმა ოპოზიციამ შეძლოს მის მიმართ საზოგადოების უნდობლობის დაძლევა და საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ ალტერნატივად თავის დამკვიდრება?

- საქართველოში ოპოზიციის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არც პოლიტიკური და არც იურიდიული პირობები აღარ არსებობს. ამდენად, ძნელია ახლა ოპოზიციისთვის იმ მოთხოვნებისა და პრეტენზიების წაყენება, რომლებიც თქვენს კითხვაში იკითხება.

თუმცა, იმ ვითარების დადგომაში პასუხისმგებლობა ოპოზიციის პარტიებმაც და მათ ლიდერებმაც უნდა გაიზიარონ. სანამ ჯერ კიდევ შედარებით ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლა შესაძლებელი იყო, მათ ელემენტარულად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა ვერ შეძლეს, რამაც საშუალება მისცა “ოცნებას” დაემყარებინა ის რეჟიმი, რომელშიც დღეს ვარსებობთ

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო