ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2026

სანდრო თვალჭრელიძე - “სისტემაში ძალიან ღრმა ბზარია გაჩენილი”
ვის დაადებს ხელს ღარიბაშვილი - “გამოძიება ვალდებული იქნება დაკითხოს ის პირი, რომელსაც ის დაასახელებს”
წიგნის - „ჩატეხილი ხიდის“ გამო აფხაზები ქართველების დასჯას ითხოვენ
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “სისტემაში ძალიან ღრმა ბზარია გაჩენილი”
“მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი ბავშვური დამალობანას თამაშის შთაბეჭდილებას მიტოვებს. არც ვიცი, ამაზე სერიოზულად როგორ უნდა ვილაპარაკო. მთავრობის უმთავრესი შეცდომა ის არის, რომ ყველაფერს უკიდურესად ამარტივებენ, ასეა, როდესაც ბატონ კობახიძეს, დიდ გურუს, დაუჯერებ და წინასწარ არაფერს გათვლი. არ არსებობს არანაირი კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”. ოპოზიციაში არიან მსოფლმხედველობრივად ძალიან განსხვავებული პარტიები... ამ “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში” მოაზრებულ პარტიებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც რეალური და ძალიან დიდი კონფლიქტი ჰქონდათ და აქვთ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მაგალითად, მამუკა ხაზარაძის პარტია “ლელოს”. ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მართალია მამუკა ხაზარაძე არ იყო პოლიტიკაში, მაგრამ ყოველთვის გამოირჩეოდა იმ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით... ასე რომ, “ნაციონალურ მოძრაობასთან” მისი მიტმასნის მცდელობა სასაცილოა...” - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ეს ყველაფერი ბავშვური დამალობანას თამაშის შთაბეჭდილებას მიტოვებს”.
“განსაკუთრებით სასაცილოა, როდესაც გახარიას პარტიას აბრალებენ `კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის~ ნაწილად ყოფნას. ეს საერთოდ ანეკდოტური და კომიკური პარადოქსია. კაცს ედავებიან საქართველოს ტერიტორიაზე საგუშაგოს დადგმას. რა არის საგუშაგოს დადგმაში კონსტიტუციური თუ სხვა რამ დარღვევა?! თან ეს კაცი იმჟამად “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ამის შემდეგ დააწინაურეს პრემიერ-მინისტრად. საერთოდ სრული ანეკდოტია, რაც მის ირგვლივ ხდება. უბრალოდ, ეტყობა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვერ პატიობს გახარიას იმ დროს და იმ ფორმით წასვლას, რაც ვნახეთ. გახსოვთ, რა დროს წავიდა, ხომ? მეც მიმაჩნია, რომ თუ გუნდის წევრი ხარ და წასვლა გინდა, ასე დემონსტრაციულად არ უნდა წახვიდე - ეს მისი პოლიტიკური შეცდომა იყო. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გახარიას პარტია ტიპური ცენტრისტული პარტიაა, რომელსაც აბსოლუტურად საერთო არაფერი აქვს არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც “ქართულ ოცნებასთან”. მისი აკრძალვა ტრაგიკომედია იქნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“მე საკმაოდ შორს ვარ ეკლესიის წიაღისგან მიზეზთა გამო, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკს დავიწყებ ჰამლეტის ცნობილი სიტყვებით: “რაღაც დალპა დანიის სამეფოში”. მეუფე იობი ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპული პოზიციით. ჩემი დაკვირვებით, თვითონ საპატრიარქოს წიაღში არის ფარული დინებები. მიტროპოლიტის ამ გამონათქვამს რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - შიდა ბრძოლა და შიდა მიზეზები; მეორე - როგორც ჩანს, ადამიანს უკვე აღარ შეუძლია მოითმინოს ის, რაც ქვეყანაში ხდება.ერთადერთი, ცოტა სხვა სიტყვებით და სხვანაირად უნდა ეთქვა, შესაძლოა ოპონენტებისთვის არ მიეცა საბაბი ელაპარაკათ, რატომ ერევა პოლიტიკაშიო. თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. რატომ თქვა ეს მაინცდამაინც ახლა, ეს მას უნდა ჰკითხოთ, ეტყობა, მართლაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. მან ერთი ძალიან სწორი რამ თქვა: წლების განმავლობაში ერთი და იგივე ჯგუფი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რადგან ეს ადამიანების ცნობიერებაში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს - ძალაუფლება რყვნის ამ ადამიანებს... მეუფე იობი მართალია, რომ არჩევნები სხვაგვარად უნდა ჩატარდეს, მაგრამ საკითხავი ის არის, რა ალტერნატივა გვაქვს?” - განაგრძობს რესპონდენტი.
“ახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, ვის მისცემს ხალხი ხმას? “ოცნების” ნორმალური შემცვლელი არ ჩანს. მომდევნო ორ წელიწადში აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ალტერნატივა, რადგან ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია... რაც შეეხება ხელისუფლების გამოხმაურებას, ეს იყო აშკარად ორკესტრირებული, მაგრამ სრულიად დაუფიქრებელი პასუხი. ნუ გგონიათ, რომ “ქართულ ოცნებაში” სპინოზები სხედან. ეს არის ხალხი, რომელსაც ნებისმიერი კრიტიკა აღიზიანებს და ასე ინფანტილურად და დაუფიქრებლად პასუხობენ. ეს პასუხი გაცილებით უფრო საზიანო იყო მათთვის, შეეძლოთ სულ გაჩუმებულიყვნენ... რაც შეეხება ღარიბაშვილს, თავიდანვე პრინციპულად არასწორი პოზიცია დაიკავა. ჯერ ყველაფერზე დათანხმდა, საპროცესო გარიგებასაც კი, და მერე დაიწყო წერილების წერა. ეს არ ჰგავს ჭკვიანი, სტრატეგიის მქონე პოლიტიკოსის ქცევას. თავის გადარჩენა უნდა, მაგრამ არასწორი ტაქტიკა და სტრატეგია აირჩია, რითაც საკუთარ თავს უფრო ავნო”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ობიექტურად რომ შეხედო, ეს წერილები არაფერს ცვლის, რადგან პოლიტიკოსების სიტყვის აღარავის სჯერა. მართალს ამბობს თუ ტყუილს, კაცმა არ იცის. ასეთი კრიტიკა აზრს მოკლებულია - თავიდანვე სხვანაირი პოზიცია უნდა დაეჭირა. ახლა ამის გამოსწორება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, პროცესი შეუქცევადი გახდა. ღარიბაშვილი შიდა გარჩევებსა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას ემსხვერპლა. ჩემი აზრით, ის, ვინც ღარიბაშვილი გაწირა, თვითონაც გაიწირება ახლო მომავალში... ამ სახელმწიფოში ხალხი უკვე აღარაფერს ერიდება: კრიმინალურ ავტორიტეტებს პოლიტიკურად იყენებენ, პენიტენციარულ დაწესებულებაში ადამიანებს სცემენ და ა.შ. ეს მიუთითებს, რომ სისტემაში ძალიან ღრმა ბზარია გაჩენილი. არ მინდა წინასწარ თქმა, სადამდე მივა პროცესი, მაგრამ ამის გაგრძელებას დაახლოებით თვე-ნახევარში ნამდვილად უნდა ველოდოთ”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “გასულ კვირას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით აბუ-დაბიში სამმხრივ ფორმატში გაიმართა შეხვედრა...” - პასუხობს:
“იქ მნიშვნელოვანი რამ მოხდა. როგორც იქნა, ამ პროცესში ევროპა ძალიან აქტიურად ჩაერთვება. ეს ნიშნავს, რომ პუტინი და ტრამპი ვერაფერს მოილაპარაკებენ უკრაინის დაყოფაზე, მით უმეტეს, ტრამპმა წააგო შუალედური არჩევნები. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატები მომაგრდებიან და გაცილებით აქტიურად დაუჭერენ მხარს უკრაინასა და პირადად ზელენსკის”.
ვის დაადებს ხელს ღარიბაშვილი - “გამოძიება ვალდებული იქნება დაკითხოს ის პირი, რომელსაც ის დაასახელებს”
“ორშაბათს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამომძიებლები შევლენ. პროკურატურა აცხადებდა, რომ ექსპრემიერზე შესაძლო ზეწოლის საკითხზე გამოძიების დაწყებას არ გეგმავდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათი პოზიცია შეიცვალა. დაცვის მხარის ცნობით, ზეწოლის ფაქტის მთავარი მტკიცებულებაა წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა საპატიმროში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძისგან მიიღო. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება ორშაბათის შეხვედრას გამომძიებლებთან. ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საგამოძიებო უწყებიდან ღარიბაშვილის უფლებადამცველებს უკვე დაუკავშირდნენ. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მას პროკურორი ესაუბრა და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისა და მისი პოზიციის მოსმენის მზაობა გამოთქვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვის დაადებს ხელს ღარიბაშვილი - “გამოძიება ვალდებული იქნება დაკითხოს ის პირი, რომელსაც ის დაასახელებს”.
“თუ გამოძიება დაწყებულია, ბატონი ირაკლი მზად არის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მას შემდეგ, რაც ბატონი ირაკლი მისცემს ჩვენებას, გამოძიება ვალდებული იქნება, დაკითხოს ის პირი, რომელიც მის ჩვენებაში იქნება დასახელებული. ორშაბათს შევლენ ისინი ციხეში. ჯერ უნდა დავადგინოთ, დაწყებულია თუ არა გამოძიება და ამის შემდეგ ჩვენ განვსაზღვრავთ იმ ფორმატს, რომელ ფორმატშიც ითანამშრომლებს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიებასთან”, - განაცხადა ბარათაშვილმა. პროკურატურის შეცვლილ პოზიციასა და მოსალოდნელ საგამოძიებო მოქმედებებს პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიმდინარე მოვლენებს არა სამართლებრივ პროცესად, არამედ მმართველი გუნდის შიგნით არსებული კლანური დაპირისპირებისა და გავლენის ცენტრებს შორის ინტრიგების ნაწილად აფასებს. განსხვავებული პოზიცია აქვს ანალიტიკოს პეტრე მამრაძეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რაიმე სახის დავალების გაცემასა და ირაკლი ღარიბაშვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მთელი ეს ისტორია ღარიბაშვილთან მიმართებაში ძალიან, ძალიან უცნაური და ამორფულია. რასაც მე ვადევნებ თვალყურს, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერს სამართლის წარმოებასთან ბევრად ნაკლები კავშირი აქვს. ძირითადი არის შიდა ურთიერთობების კვლევა, შიდა ინტრიგები. ამ ინტრიგების ნაწილი შეიძლება იყოს გამომძიებლების შესვლა. ყოფილი მოხელეების ურთიერთქმედება არის დაკავშირებული შიდა კლანურ პრობლემებთან. მე არ მაქვს იმის რწმენა, რომ ან სამართალს ეძებს იქ სახელმწიფო, ან ის, რომ ვიღაცის უფლებას იცავს, თუკი რამე გადაცდომა მოხდა. ჩემი განცდა არის ის, რომ შეიძლება ეს პროცესიც უკავშირდებოდეს კიდევ ვიღაცა სხვა სუბიექტებს. შიდა გავლენის ცენტრებს შორის ურთიერთობის საკითხს უფრო ვხედავ, ვიდრე სამართლებრივ პროცესს. ამ ქვეყანაში უკვე შეუძლებელია რაიმეს გამორიცხვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
“მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წასვლა უკავშირდება ასევე რაღაც შიდა კლანურ გადანაწილებებს. ეს შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მდინარაძე დაიკითხოს და მეტიც, უფრო შორს წავიდეს პროცესი მის წინააღმდეგ. გააჩნია დროის ამ მომენტში მამუკა მდინარაძის სტატუს-კვო როგორია არსებულ ხელისუფლებასთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაკიღა საქმე გვაქვს “ოცნებაში” შიდა გავლენებისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლასთან, ამ პროცესში, ბუნებრივია, ისინი, ვინც უფრო მეტად არიან ჯერჯერობით მორგებული შიდა გავლენებს, ისინი გამოიყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს სხვა ადამიანების მიმართ, ის, ვინც ხელისუფლების შიგნით ძლიერია, აუცილებლად დაუწყებს დევნას იმას, ვინც ხელისუფლების სივრცეში ან ყოფილი მოხელე იყო, ან რაღაცა გავლენისათვის მაინც იბრძვის”, - დაასკვნის გამზარდია.
“მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის მხრიდან ყოფილიყო გაცემული რაიმე დავალება, ეს პირველ რიგში. ასევე ვერ წარმომიდგენია, რა ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა განხორციელებულიყო ღარიბაშვილზე. ის, რასაც წერილში წერდა, ჩემთვის ეს არის ბოდვის ზღვარზე, ან ბოდვა. შეგახსენებთ, ის წერდა, რომ თითქოსდა მას ეუბნებოდნენ, რომ თუნდაც ძალიან მცირე პროცენტიაო, მაგრამ მაინც ხომ არის პროცენტი, რომ შენ მერე ციხიდან გამოხვიდე და ისევ პოლიტიკური ფიგურა გახდე და აი, ეს ჩვენ არ გვინდა რომ მოხდეს. ამიტომ აღიარე, რომ ეს იყო კორუფციული მოქმედება შენი მხრიდან და გარანტია გვექნება, რომ ვერ გახდები პოლიტიკური ფიგურა. ეს არის მარაზმი, ეს არის აბსურდი. ადამიანი, რომელსაც უპოვეს ექვსნახევარი მილიონი დოლარი და ძალიან ბევრი სხვა ძვირფასი ნივთი... აქ ლაპარაკია, რომ კორუფციით არ მოიპოვა?” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“ეს იყო რაღაც ფანტაზიის ნაყოფი და მე ისიც კი გავიფიქრე, რომ შეიძლება ვერ გაუძლო ამ ადამიანის ფსიქიკამ იმ ფაქტს, რომ ასეთ ფუფუნებაში იყო, ამხელა კაპიტალი დააგროვა, თან პრემიერი იყო და ახლა აღმოჩნდა ციხეში. არის არაერთი მაგალითი მსოფლიოში, რომ ფსიქიკა ამას ვერ ეგუება და ღმერთმა ნუ ქნას, ზოგი თავს იკლავს. ზოგი შეიძლება, ასე ვთქვათ, შეირყას ფსიქიკურად. შესაძლოა მსგავს სტრესში ჩავარდა ადამიანი და ამ უაზრობას ამიტომ წერს. ის, რომ გამომძიებლები შევიდნენ, ეს კარგია. რაც მთავარია, სამართლებრივად არის განპირობებული - ადამიანმა იჩივლა, რომ მასზე იყო თურმე რაღაცა ფსიქოლოგიური ზეწოლა. შევიდნენ, გამოიკვლიონ, თქვას კონკრეტულად - ვინ, როგორ ჩაერია და ასე შემდეგ და გაირკვევა აბსურდულობა... იმიტომ, რომ წერილი იყო სრულიად აბსურდული. სხვა საქმეა, რომ როცა ადამიანი, როგორც ღარიბაშვილის შემთხვევაში, დაადგა ასეთ გზას - ფანტაზიის და უაზრო ბრალდებებს, იქ შეიძლება ნებისმიერი დაასახელოს ასეთმა ადამიანმა. მის ფანტაზიაში შეიძლება ნებისმიერი გვარი დაემატოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეალურად დაემატება გვარები”, - დასძენს მამრაძე.
წიგნის - „ჩატეხილი ხიდის“ გამო აფხაზები ქართველების დასჯას ითხოვენ
“ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულენოვანი წიგნის, “ჩატეხილი ხიდის” აღმოჩენას სკანდალი მოჰყვა. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას და 1992-1993 წლების ომის თემას ეხება, სეპარატისტებმა “პროპაგანდისტულად” და “გაყალბებულ ისტორიად” გამოაცხადეს. თავდაპირველად განგაში ოპოზიციურმა სააგენტო “აიაშარამ” ატეხა - წიგნი, რომელიც აფხაზებს ქართველი მოსახლეობის მკვლელებს უწოდებს, გალის რაიონის ახალგაზრდებსა და სოფლის სკოლების მასწავლებლებში ვრცელდებაო. მალევე, 4 ოქტომბერს, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ წიგნის ხუთი ეგზემპლარი ჯერ კიდევ აგვისტოში, ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს და “აკრძალული ლიტერატურის” გავრცელება აღკვეთეს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით ქართულენოვანი წიგნი „ჩატეხილი ხიდი“ აფხაზური რისხვის სამიზნე გახდა - აფხაზები ქართველების დასჯას ითხოვენ.
“დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, 18 აგვისტოს ენგურის გამშვებ პუნქტზე აფხაზმა და რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მომავალი `მერსედესი~ შეამოწმეს. მანქანას გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის მკვიდრი, `ენგურჰესის~ თანამშრომელი ავთანდილ ბერაია მართავდა. მას `ჩატეხილი ხიდის~ ხუთი ეგზემპლარი ჩამოართვეს. უწყების ცნობით, ბერაიას დაკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ წიგნები გალში გასავრცელებლად ავტორის, ნუგზარ სართანიას თხოვნით მიჰქონდა. წიგნი საქართველოს ტერიტორიაზეა გამოცემული და მისი ტირაჟი 200 ეგზემპლარს აღემატება. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ბერაიასთან “პროფილაქტიკური გასაუბრება” ჩატარდა და ის გაათავისუფლეს, ხოლო წიგნის ავტორ ნუგზარ სართანიასა და იმ პირებს, რომლებმაც მას წიგნის შედგენასა და გამოცემაში დახმარება გაუწიეს, აფხაზეთში შესვლა აეკრძალათ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“წიგნი აფხაზურ-ქართული ურთიერთობების თემას ეძღვნება. მასში საუბარია ომის შემდეგ ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე და გამოთქმულია მოსაზრება, რომ ომი, სავარაუდოდ, გარე ძალების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ჩარევით დაიწყო. ასევე საუბარია აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების ყოფნის უარყოფით გავლენაზე”, - ნათქვამია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. სეპარატისტებში განსაკუთრებულ აღშფოთებას ომის დროს აფხაზების სისასტიკეების აღწერა იწვევს. “წიგნში ასევე მოცემულია ცნობები 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის პერიოდის შესახებ და საუბარია ე.წ. აფხაზ სეპარატისტთა სისასტიკეზე, რომლებიც, როგორც წიგნშია აღნიშნული, აფხაზეთის მშვიდობიან მოსახლეობაში ეთნიკურად ქართველთა განადგურებას ეწეოდნენ”, - წერია განცხადებაში. წიგნის ავტორი ნუგზარ სართანია გალელია და ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში შპს “ენგურჰესის” გენერალური დირექტორის მოადგილე იყო”, - განაგრძობს გამოცემა.
“წიგნის გამოცემის შესახებ მან 2026 წლის ივლისში საკუთარ “ფეისბუკის” გვერდზე დაწერა: “წიგნი იწყება აფხაზეთის თემატიკით, შეტანილია სხვადასხვა ავტორის საინტერესო პუბლიკაციები, გარკვეული ნაწილი ეთმობა საზოგადოებრივ და პროფესიულ საქმიანობას, ბოლოს კი მეგობრებსა და ოჯახზეა საუბარი~. აფხაზეთში ატეხილი სკანდალის შემდეგ სართანიამ “ფეისბუკის” გვერდი დახურა. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის “ლმობიერებით” უკმაყოფილებას არ მალავს გამოცემა “აიაშარა”. მისი მტკიცებით, წიგნი აფხაზებს სეპარატისტებსა და მკვლელებს უწოდებს და აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს. გამოცემა უკმაყოფილოა, რომ ამ “გაყალბებული და პროპაგანდისტული” წიგნის გამოცემისა და გავრცელებისთვის არავინ დასჯილა. “წიგნის გამავრცელებელი ბერაია ენგურჰესის თანამშრომელია. ის წიგნის შედგენაში განსაკუთრებული დახმარებისთვის მადლობას უხდის ასევე ენგურჰესის ენერგეტიკოსებს, ხარისხის მართვის სამსახურის სპეციალისტ ბადრი ბაძაგუასა და თანამშრომელ ოთარ მიქავას. არსებული ინფორმაციით, ყველა ეს ადამიანი კვლავ ენგურჰესში მუშაობს. აფხაზი ხალხის შეურაცხყოფისა და ისტორიის ფალსიფიკაციისთვის დღემდე სს საქმეც არ აღძრულა”, - აღშფოთებით წერს “აიაშარა”, - დასძენს გამოცემა.
“აიაშარა”რუსულად თარგმნილი წიგნის ნაწყვეტებსაც აქვეყნებს: `ათასობით ადამიანი მოკლეს საშინელი წამებისა და დამცირების შემდეგ. ძალიან ხშირად სეპარატისტები და ოკუპანტები აიძულებდნენ მსხვერპლს, თავად ამოეთხარა საფლავი, სადაც შემდეგ ცოცხლად მარხავდნენ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ შენობაში, ყველაზე ხშირად საკუთარ სახლში, კეტავდნენ ცალკეულ პირებს ან მთელ ოჯახებს, ზოგჯერ კი დიდ ჯგუფებსაც და ცოცხლად წვავდნენ. არცთუ ცოტაა მაგალითი იმისა, როდესაც ცოცხალ ადამიანებს და გვამებს ბენზინს ასხამდნენ და წვავდნენ. როგორც ჩანს, ოკუპანტებს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა უმწეო ადამიანების საშინელი წამება მათ დახვრეტამდე. მათ აჭრიდნენ ფეხებსა და ხელებს, ასევე ცხვირს, ყურებს, ენას, სასქესო ორგანოებს, სთხრიდნენ თვალებს, აძრობდნენ ფრჩხილებსა და კბილებს. ცნობილია მაგალითები, როდესაც ტყვე მამაკაცების თვალწინ აუპატიურებდნენ მათ დედებს, ცოლებს, ქალიშვილებს, დებს და შემდეგ ყველა მათგანს ფიზიკურად ანადგურებდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ბოროტმოქმედები ნათესავებს არ აძლევდნენ დახვრეტილთა დაკრძალვის უფლებას, რათა მათი სხეულები ძაღლებისა და ღორების საჯიჯგნი გამხდარიყო”, - წერს სტატიის ავტორი.
“1992 წლის სექტემბერში სოფელ ბზიფში მოკლულ კაცს მკლავიდან ხორცი ააჭრეს, დაამარილეს, ფეხსაცმელში ჩადეს და მის ცოლს გადასცეს. 1993 წლის 10 ოქტომბერს ზემო კელასურის მცხოვრებს (სოხუმის რაიონი) იროდიონ ფიფიას გული ამოაჭრეს და ძაღლებს მიუგდეს.…ეთნიკური წმენდისა და გენოციდის საკმაოდ გავრცელებულ ფორმებს წარმოადგენდა ადამიანების ხეებზე, ელექტროძელებზე ჩამოკიდება, აგრეთვე საკუთარ ჭაში დახრჩობა~... სხვადასხვა სოცქსელში აფხაზების უკმაყოფილო კომენტარებიც მრავლადაა. მათი ავტორები უმეტესად “ენგურჰესის” თანამშრომლების დაპატიმრებას მოითხოვენ. “ბერაია უნდა დაადეპორტო თავის სამშობლოში, არადა, ისევ მუშაობს “ენგურჰესში”. სამშობლოს ღალატისთვის უნდა აგონ პასუხი! ასე მოქცევას მომავალშიც გააგრძელებენ, რადგან მათ არავინ სჯის. სამივეს სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯო”, - წერენ კომენტარებში”, - დასძენს სტატიის ავტორი.
“ავტორს ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია. წიგნი ურთიერთობის აღდგენაზეა, მაგრამ ვისაც ეს თემა არ აწყობს, მისი რეაქციაც ისეთია, როგორიც ვნახეთ. წიგნში ომის ეპიზოდებიც არის აღწერილი. საუბარია ელემენტარულ სიმართლეზე, იმ დანაშაულებზე, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილია... ეთნიკური წმენდა იყო, საშინელი მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურება, არ უნდა დაწეროს?! რომ წერენ, ისტორია დამახინჯებულიაო. თუ სადმე სიტყვები “სეპარატისტი”, “დე ფაქტო ხელისუფლება”, “ოკუპირებული ტერიტორია” წაიკითხეს, მათთვის ეს უკვე დამახინჯებული ისტორიაა. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებსა და ძალადობაზე არც ამახვილებენ ყურადღებას. ყურადღება ძირითადად “მხედრიონის” ამბებზე გადააქვთ. თუმცა შედარებაც შეუძლებელია იმასთან, რა მასშტაბის და სიმძიმის უბედურება დაატრიალეს ოკუპანტებმა. არსებობს ციფრები, სტატისტიკური მონაცემები და უამრავი კონკრეტული ფაქტი. ეთნიკურ წმენდასა და მოსახლეობის მასობრივ განადგურებას არ აღიარებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
“ქართულენოვანი წიგნი, რაც არ უნდა ყოფილიყო მისი შინაარსი, ოკუპანტებისთვის მაინც მიუღებელი იქნებოდა. 1954 წელს გამოვიდა პავლე ინგოროყვას ცნობილი წიგნი, რასაც მოჰყვა დაპირისპირება, 1967 წელს ნიკო ბერძენიშვილის ნაშრომების მესამე ტომის გამოცემაზეც იყო გამოსვლები - იყო აფხაზეთის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე ის მოსაზრებები, რომლებსაც ინგოროყვა თავის წიგნში წერდა. ნიკო ბერძენიშვილის ნაშრომში გატარებული იყო აზრი, რომ აფხაზეთი საქართველოა და ისტორიული აფხაზები ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორიც მეგრელები, იმერლები, გურულები და კახელები. ამ მოსაზრებებს მოჰყვა დიმიტრი გულიას წიგნიც, “ჩემი წიგნი აფხაზეთის შესახებ”, რომელშიც იგივე იდეები იყო. თუმცა გულიას წინააღმდეგ არაფერი უთქვამთ, ხოლო ჯერ პავლე ინგოროყვას, შემდეგ კი ნიკო ბერძენიშვილს აუჯანყდნენ. არავინ ამბობს, რომ თანამედროვე აფხაზები ქართველები არიან. საუბარია იმ ისტორიულ აფხაზებზე, რომლებმაც შექმნეს აფხაზეთის სამეფო, ააშენეს კულტურული ძეგლები და ეკლესიები აფხაზეთში, მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებაში, ქართულად წერდნენ და ლოცულობდნენ. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის ცნობილი”, - ამბობს გამახარია.
“დღევანდელი აფხაზები რომ ჩამოსული აფსუები არიან, ამას ამბობდა მე-17--18 საუკუნეებიდან უკლებლივ ყველა, ვისაც აფხაზეთი შეუსწავლია - ევროპელები, რუსები, ქართველები. არც ერთი არ წერს, რომ აბორიგენები არიან. აფსუები ძირითადად მე-16-17 საუკუნეებში ჩამოვიდნენ, თუმცა შემდეგაც გრძელდებოდა. ეს იყო აქსიომა და მხოლოდ შემდეგ გახდა პრობლემა, როდესაც პოლიტიკაში დასჭირდათ. პავლე ინგოროყვა იმიტომ დაიხვიეს ხელზე, რომ ეს უფრო მომგებიანი იყო ქართულ-აფხაზური დაპირისპირების გასაღვივებლად. დღევანდელი აფხაზეთის ისტორია რუსებმაც კარგად იციან. რამდენიმე თვის წინ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილეს სულ სხვა საკითხზე ჰქონდა პრესკონფერენცია, სადაც შეკითხვა დაუსვეს აფხაზეთზე, იქაურ ქრისტიანობასა და კულტურის ძეგლებზე და მან თქვა, რომ ის დიდებული კულტურული ძეგლები და ტაძრები, რომლებიც აფხაზეთშია, დღევანდელი აფხაზების წინაპრების აშენებული არ არისო. ამას აფხაზეთში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა არც მიტინგები გამართულა და არც დიდი პროტესტი ყოფილა”, - ამტკიცებს ჯემალ გამახარია.

























