ნიკოლოზ ხატიაშვილი - უკრაინის გამძლეობას, ევროპის ჩართულობასა და ამერიკის კონგრესის ზეწოლას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს იმის ალბათობა, რომ კრემლის სასურველი „იალტა“ ან „მიუნხენი“ რეალობად იქცეს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პარტია „ჯერ საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრს და ყოფილ დიპლომატს, ნიკოლოზ ხატიაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ნიკოლოზ, დასრულდა აშშ-ის ინიციატივით აბუ-დაბიში მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ პირველად გამართული მოლაპარაკებები უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის.
როგორც ამერიკულ და რუსული მედიების მიერ მსუყედ გაშუქებული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, ტყვეთა გაცვლაა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ამ შეხვედრას „პროდუქტიული“ უწოდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა „კონკრეტული და შინაარსიანი“.
თუმცა, ომის დასრულების თემაზე, მოსკოვსა და კიევს შორის მთავარი შეუთანხმებელი საკითხები უკრაინის პრეზიდენტმა გააჟღერა. ზელენსკის თქმით, „უკრაინა არ აპირებს რუსეთისათვის დონბასის დათმობას.“ ომით კი რუსები ვერ ახერხებენ დონბასის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას.
რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ში შუალედურ არჩევნებში კატასტროფული მარცხის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებების ორგანიზებით ცდილობს ისტორიული მარცხის გადაფარვას და თან ცდილობს დააჩქაროს უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში რაიმე ხელშესახების მიღწევა.
ეს კი შეუძლებელია უკრაინის ბრძოლისუნარიანობის, გამძლეობისა და გაუტეხლობის, უკრაინის მიმართ ევროპელების დახმარების გამო. ტრამპის სიჩქარის მიზეზი შესაძლოა, ისიც იყოს, რომ მას შემდგ რაც 3 იანვრის შემდეგ აშშ-ს კონგრესისა და სენატის ახალი შემადგენლობა შეიკრიბება, მას აღარ ექნება შესაძლებლობა უკრაინა-რუსეთის ომის საკითხებში ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები. გასაგებია რომ აშშ-ს პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღება შეეძლება, მაგრამ, მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე პასუხების გაცემა მას კონგრესმენებისა და სენატირების წინაშე მოუწევს.
თქვენ როგორ შეაფასებდით აბუ-დაბიში აშშ-ს ინიციატივით გამართულ მოლაპარაკებებს? მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ პოზიციებს და იმას, სავარაუდოდ, რას შეიძლება ისინი ნიშნავდეს?
- ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ აბუ-დაბის შეხვედრას კონკრეტული შედეგი აქვს, რაც გულისხმობს ტყვეთა მასშტაბურ გაცვლას. ოჯახებისთვის, რომლებიც თვეებია ან წლებია ახლობლებს ელიან, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ომის დასრულების პირობებზე კი მხარეებს შორის კვლავაც რადიკალური განსხვავებებია. ცეცხლის შეწყვეტის პირობები, ტერიტორიული საკითხები და უსაფრთხოების გარანტიები კვლავ ღიად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ რუბიომ პირველი დღის მოლაპარაკებებს „პროდუქტიული“ უწოდა, რაიმე სახის ხელშესახები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი ვერ იქნა მიღწეული. ვაშინგტონი ალბათ გააგრძელებს შუამავლის როლის შესრულებას, თუმცა ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება, რომ მოლაპარაკებებმა უახლოეს მომავალში ომის დასრულების თვალსაზრისით ხელშესახები შედეგი გამოიღოს.
კიევიც ცდილობს წლის ბოლომდე რაიმე სახის შედეგის მიღწევას, თუმცა მისთვის გადამწყვეტია, რა ვალდებულებებს აიღებენ პარტნიორები და როგორ დაიცავენ უკრაინას ახალი თავდასხმების შემთხვევაში.
რუბიომ პირველი დღის მოლაპარაკებებს „პროდუქტიული“ უწოდა, რაიმე სახის ხელშესახები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი ვერ იქნა მიღწეული. ვაშინგტონი ალბათ გააგრძელებს შუამავლის როლის შესრულებას, თუმცა ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება, რომ მოლაპარაკებებმა უახლოეს მომავალში ომის დასრულების თვალსაზრისით ხელშესახები შედეგი გამოიღოს
მოსკოვი მოლაპარაკებებზე ითხოვს იმ ტერიტორიების დათმობასაც, რომელთა დაკავებაც მან ფრონტზე ვერ შეძლო. უკრაინა კვლავ აკონტროლებს დონეცკის ოლქის დაახლოებით მეხუთედს, მათ შორის სლოვიანსკსა და კრამატორსკს. ამიტომ ზელენსკის უარს სამხედრო ლოგიკაც აქვს.
დონბასში პოზიციების დატოვება, გარდა იმისა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის „ჩუქებას“ გამოიწვევდა, უკრაინას თავდაცვასაც გაურთულებდა რუსეთის შეტევის განახლების შემთხვევაში. უკრაინის ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები და ევროპული დახმარება კიევს საშუალებას აძლევს, ამ მოთხოვნას შეეწინააღმდეგოს და მოლაპარაკებები განაგრძოს.
პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო შეთანხმებას უკავშირებს და კვლავ აყენებს ნატოს გაფართოების შეზღუდვის საკითხს.
დონბასში პოზიციების დატოვება, გარდა იმისა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის „ჩუქებას“ გამოიწვევდა, უკრაინას თავდაცვასაც გაურთულებდა რუსეთის შეტევის განახლების შემთხვევაში. უკრაინის ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები და ევროპული დახმარება კიევს საშუალებას აძლევს, ამ მოთხოვნას შეეწინააღმდეგოს და მოლაპარაკებები განაგრძოს
ვფიქრობ, რომ მოსკოვი ამით ცდილობს, გავლენა მოიპოვოს იმაზეც, თუ რა უსაფრთხოების არჩევანს გააკეთებენ მისი მეზობლები. 12 ნოემბერს უიტკოფმა განაცხადა, რომ ევროპელები მომდევნო რაუნდს შეუერთდებიან. კრემლმა ეს საკითხი ღიად დატოვა. ევროპელების მონაწილეობას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ მათთან ერთად უნდა განისაზღვროს, რა სამხედრო დახმარებას მიიღებს უკრაინა შეთანხმების შემდეგ და ვინ როგორ იმოქმედებს, თუ რუსეთი შეთანხმებას დაარღვევს.
ტრამპის სურვილსაც, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება სწრაფად შედგეს, თავისი ახსნა აქვს. კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკელების მარცხის შემდეგ სწრაფი დიპლომატიური შედეგი მას საშუალებას მისცემდა, ყურადღება საგარეო მიღწევებზე გადაეტანა.
იანვრიდან ახალი კონგრესის მთავარი ბერკეტები დაფინანსება და ზედამხედველობა იქნება. პრეზიდენტი წარმართავს დიპლომატიას, კონგრესს კი შეუძლია განსაზღვროს უკრაინისთვის ახალი დახმარების მოცულობა და პირობები, რომელთა აღსრულება მოუწევს ტრამპის ადმინისტრაციას.
იანვრიდან ახალი კონგრესის მთავარი ბერკეტები დაფინანსება და ზედამხედველობა იქნება. პრეზიდენტი წარმართავს დიპლომატიას, კონგრესს კი შეუძლია განსაზღვროს უკრაინისთვის ახალი დახმარების მოცულობა და პირობები, რომელთა აღსრულება მოუწევს ტრამპის ადმინისტრაციას
ასევე, მნიშვნელოვანია მარცვლეულთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი. კიევი მარცვლეულის გადაზიდვების დასაცავად ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს კრემლს და მის პასუხს ელის. უფრო ფართო შეთანხმების შესაძლებლობა მაშინ გამოჩნდება, თუ ვაშინგტონი შეძლებს მოსკოვის დაყოლიებას ცეცხლის შეწყვეტაზე.
თუ ეს შეთანხმება შედგება და აღსრულდება, მაშინ შესაძლოა გაჩნდეს ფრთხილი ოპტიმიზმი უფრო მასშტაბურ შედეგებთან მიმართებით.
ზოგადად, უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის რუსეთს მხოლოდ ძალის ენის ესმის. როდესაც საქმე ეხება კრემლის ინტერესებს, მისთვის არც საერთაშორისო სამართალი და არც ვალდებულებების შესრულება არ არსებობს.
პუტინის რუსეთს მხოლოდ ძალის ენის ესმის. როდესაც საქმე ეხება კრემლის ინტერესებს, მისთვის არც საერთაშორისო სამართალი და არც ვალდებულებების შესრულება არ არსებობს
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პუტინზე ზეწოლის საუკეთესო გზა იქნება უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა და პარალელურად ხისტი დიპლომატია. ასეთი მიდგომა გაცილებით რეალურს გახდის უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობას.
- აბუ-დაბიში მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფონზე საკმაოდ აქტიურობდა რუსული პროპაგანდა.
პუტინი და რუსული პროპაგანდა ცდილობენ დაარწმუნონ რუსეთის მოსახლეობა და დანარჩენი მსოფლიო რომ „რუსეთს ომის დასრულება უნდა, ოღონდ თავისი პირობებით,“ ანუ დონბასზე კონტროლი რუსული უნდა იყოს, ამის გამო ებრძოდა რუსეთი არა უკრაინას, არამედ, მთელ ნატოს 2022 წლიდან.
ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ამბობს რომ „ომის დასრულება ზელენსკის არ უნდა“. არადა, ცხადადაც კი ჩანს რომ ომის დასრულება თუ ვინმეს არ უნდა, ეს პუტინია, რადგან, ომის დასრულების შემდეგ მას უხერხულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.
რუსული პროპაგანდა ასევე საუბრებს იმაზე რომ აშშ რუსეთს ეკონომიკურ პროექტებს, რუსეთის G7-ში დაბრუნებას სთავაზობს. ზოგი რუსი ექსპერტი უფრო შორსაც მიდის, მაგალითად, მაქსიმ შევჩენკო, რომელიც ამბობს რომ აბუ-დაბის შეხვედრაზე ევროპელებს არაფერი ესაქმებათ, რადგან მათ არავინ არაფერს ეკითხება, ასეა რადგან ახლა მსოფლიოს ბედს აშშ რუსეთი და ჩინეთი წყვეტენ.
არადა, ფაქტია რომ აბუ-დაბის შეხვედრის მოლაპარაკებებს ესწრებოდა ევროპაში ნატოს მთავარსარდალი გენერალი გრინკევიჩი. როგორც ჩანს სწორედ აბუ-დაბიში მოლაპარაკებების ფონზე გააკეთა გერმანიის კანცლერმა მერცმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება.
ფაქტია, რომ უკრაინამ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების ახალი ამერიკული გეგმა არ მიიღო. ამერიკელები ამ გეგმას ახალს კი უწოდებენ, მაგრამ, ახალი მასში არაფერია. თან ახლა ცხადადაც კი ჩანს რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში პრეზიდენტი ტრამპი ახლა უკვე დაუფარავად და ერთმნიშვნელოვნად რუსეთის მხარესაა.
ახლა ბევრს ესმის რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, მაგრამ, რადგან აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტის უფლებამოსილება ჯერ კიდევ აქვს, ზელენსკი იძულებულია დიპლომატიურ ლავირებაზე უარი არ თქვას.
რადგან უკვე დაანონსებულია ამერიკელი მოლაპარაკებების ფარგლეფში კუშნერისა და ვუტკოფის შეხვდრა მოსკოვში პუტინთან, ხოლო შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტ ზელენკისთან, თქვენი ვარაუდით, ამ შეხვედრების მიზნები და სავარაუდო შედეგები როგორი შეიძლება იყოს?
- რუსული პროპაგანდის მთავარი ამოცანაა, უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინას და დაარწმუნოს მსოფლიო, თითქოს მშვიდობას სწორედ კიევი უშვლის ხელს. როდესაც კრემლი ამბობს, რომ ზელენსკის ომის დასრულება არ უნდა, ის გვერდს უვლის მთავარ გარემოებას, რომ კრემლი უკრაინისგან მისი ტერიტორიის დათმობას ითხოვს და ამ მოთხოვნაზე უარს მშვიდობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად წარმოაჩენს.
პუტინს სურს ისეთი შეთანხმება, რომელსაც საკუთარ საზოგადოებას გამარჯვებად „მიჰყიდის“. ომის დასრულების შემდეგ რუსეთში გაჩნდება კითხვები ადამიანურ დანაკარგებზე, ეკონომიკურ ფასსა და იმაზე, თუ რა შედეგი მიიღო ქვეყანამ წლების განმავლობაში წარმოებული ომის სანაცვლოდ.
პუტინს სურს ისეთი შეთანხმება, რომელსაც საკუთარ საზოგადოებას გამარჯვებად „მიჰყიდის“. ომის დასრულების შემდეგ რუსეთში გაჩნდება კითხვები ადამიანურ დანაკარგებზე, ეკონომიკურ ფასსა და იმაზე, თუ რა შედეგი მიიღო ქვეყანამ წლების განმავლობაში წარმოებული ომის სანაცვლოდ
ამასთან, ომი კრემლს აძლევს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებაზე კონტროლი გააძლიეროს და მუდმივად შეინარჩუნოს გარე მტრის ხატი. ეს ყველაფერი პუტინს უბიძგებს, მოლაპარაკებებზე ისეთი შედეგის მიიღებას, რომლითაც ის ომის გაგრძელებას საკუთარი მოსახლეობის წინაშე გაამართლებს.
სხვათა შორის, გარე მტრის ხატის პროპაგანდას საქართველოშიც ეფექტურად იყენებს „ქართული ოცნება“ საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის.
ამავე მიზანს ემსახურება განცხადებები, თითქოს რუსეთი უკრაინის ნაცვლად მთელ ნატოს ებრძვის. ამ გზავნილით კრემლი ცდილობს, საკუთარი სამხედრო სირთულეები ძლიერი მოწინააღმდეგის არსებობით ახსნას და რუსეთის მოსახლეობას უთხრას, რომ ომი ქვეყნის გადარჩენისთვის მიმდინარეობს. სინამდვილეში კი უკრაინა იცავს საკუთარ ტერიტორიას და ამისთვის საერთაშორისო პარტნიორების დახმარებას იღებს.
რაც შეეხება რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკულ ეკონომიკურ პროექტებსა და G7-ში რუსეთის შესაძლო დაბრუნებაზე, ვფიქრობ, მას რამდენიმე მიზანი აქვს.
რუსეთის მოსახლეობას უქმნიან მოლოდინს, რომ დასავლეთი პუტინთან ურთიერთობების აღდგენას აპირებს. ამავე დროს, ევროპას უგზავნიან სიგნალს, რომ თითქოს მისი პოზიცია მეორეხარისხოვანია. ვფიქრობ, რომ აშშ-რუსეთის ე.წ. დიზელის შეთანხმებაც ამას ემსახურებოდა და კრემლის კარგად დაგეგმილი ჰიბრიდული ოპერაციის ნაწილი იყო. თუ რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივას მიიღებს ისე, რომ აგრესიის შეჩერებაზე კონკრეტულ ვალდებულებას არ აიღებს, პუტინი ამას საკუთარი პოლიტიკის წარმატებად შერაცხავს.
თუ რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივას მიიღებს ისე, რომ აგრესიის შეჩერებაზე კონკრეტულ ვალდებულებას არ აიღებს, პუტინი ამას საკუთარი პოლიტიკის წარმატებად შერაცხავს
მაქსიმ შევჩენკოს განცხადებაც სწორედ გავლენის სფეროების იმ პოლიტიკას ასახავს, რომლის აღდგენაც კრემლს სურს. ამ ლოგიკით, დიდი სახელმწიფოები სხვა ქვეყნების მომავალზე მათივე მონაწილეობის გარეშე უნდა შეთანხმდნენ.
ეს საქართველოსთვისაც კარგად ნაცნობი საფრთხეა, რადგან მოსკოვი ჩვენი ქვეყნის სუვერენულ არჩევანსაც საკუთარი გავლენის სფეროს პრიზმიდან უყურებს. ზოგადად, ე.წ. ახალი „იალტის“ ნარატივები რუსეთის პროპაგანდის ნაწილია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოშიც ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით ე.წ. სამთავრობო ექსპერტების მხრიდან, რომლებიც იმ პოზიციებს აჟღერებენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ინტერესებშია.
ე.წ. ახალი „იალტის“ ნარატივები რუსეთის პროპაგანდის ნაწილია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოშიც ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით ე.წ. სამთავრობო ექსპერტების მხრიდან, რომლებიც იმ პოზიციებს აჟღერებენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ინტერესებშია
ევროპას უკრაინის უსაფრთხოებაში პირდაპირი ინტერესი და მნიშვნელოვანი როლი გააჩნია. აბუ-დაბიში გენერალ გრინკევიჩის ყოფნა, ისევე როგორც მერცის განცხადება უკრაინის მხარდაჭერის შესახებ აჩვენებს, რომ ევროპელი პარტნიორები ამ პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.
უკრაინის თავდაცვის, აღდგენისა და მომავალი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპას საკვანძო პასუხისმგებლობა ექნება, ამიტომ მის მონაწილეობას შეთანხმების პირობების განხილვაში არსებითი მნიშვნელობა აქვს.
უკრაინის თავდაცვის, აღდგენისა და მომავალი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპას საკვანძო პასუხისმგებლობა ექნება, ამიტომ მის მონაწილეობას შეთანხმების პირობების განხილვაში არსებითი მნიშვნელობა აქვს
ამერიკულ გეგმასთან დაკავშირებით ჩემთვის მთავარი კითხვაა, რას სთხოვს ვაშინგტონი თითოეულ მხარეს. თუ უკრაინისგან ტერიტორიების დათმობას და უსაფრთხოების შეზღუდვას ელიან, ხოლო რუსეთს ეკონომიკური ნორმალიზების და სანქციების მოხსნის პერსპექტივას სთავაზობენ, ასეთი მიდგომა კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს.
ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციების ცვლილება დიდი გამოწვევაა როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპული უსაფრთხოებისთვის, რაც აჩენს ბევრ კითხვას.
ამ პირობებში ზელენსკისთვის მნიშვნელოვანია, ამერიკასთან დიპლომატიური არხი ღიად შეინარჩუნოს. მას სჭირდება პარტნიორებთან მუშაობა, ტყვეების გათავისუფლებაზე შეთანხმება და იმის ჩვენება, რომ უკრაინა მზად არის სამართლიან მშვიდობაზე სასაუბროდ. პარალელურად, მან უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი.
ზელენსკისთვის მნიშვნელოვანია, ამერიკასთან დიპლომატიური არხი ღიად შეინარჩუნოს. მას სჭირდება პარტნიორებთან მუშაობა, ტყვეების გათავისუფლებაზე შეთანხმება და იმის ჩვენება, რომ უკრაინა მზად არის სამართლიან მშვიდობაზე სასაუბროდ. პარალელურად, მან უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი
რაც შეეხება კუშნერისა და უიტკოფის შეხვედრას პუტინთან, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის მთავარი მიზანია კრემლის პირობების დაზუსტება და იმის გარკვევა, თუ რა ფორმით შეიძლება მათი შემდგომი განხილვა.
თავად პუტინი, სავარაუდოდ, შეეცდება ამერიკელებისთვის საკუთარი მოთხოვნების მოლაპარაკებების ძირითად ჩარჩოდ წარმოჩენას და ვაშინგტონის გავლენის გამოყენებას კიევზე ზეწოლისთვის.
ზელენსკისთან საუბრისას ამერიკელები, სავარაუდოდ, მოსკოვის პოზიციას გადასცემენ და გაარკვევენ, რა პირობებზეა უკრაინა მზად მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ვფიქრობ, რომ თუ ვაშინგტონის ზეწოლა ძირითადად უკრაინისკენ იქნება მიმართული, მაშინ ეს რუსეთის მოთხოვნებს გააძლიერებს და მომავალში ახალი აგრესიის საფრთხეს გაზრდის.
- დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინის საკითხში რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება და მისთვის უკრაინის ჩაბარება სულაც არ იქნება უკრაინაში ომის დასასრული.
თუ ასე განვითარდა მოვლენები, ეს გააძლიერებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს. პუტინის შემდეგი ნაბიჯები იქნება ევროპის გავლენის ზონებად გაყოფის მოთხოვნის ულტიმატუმები, ევროპის კონტინენტზე პერმანენტული დაძაბულობის ინსპირირება, რამაც გამორიცხული არ არის, აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ომი გამოიწვიოს.
ამ თვალსაზრისით, საინტერესო იყო ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, უკრაინის ყოფილი სარდლისა და გენერლის ზალუჟნის მიერ გაკეთებული განცხადება.
მასში ნათქვამია - „დღევანდელ რეალობაში აღარაა საუბარი იმაზე, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ომის დაწყების ორგანიზატორები სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ. ტრიბუნალის ნაცვლად მათ სთავაზობენ მომგებიან გარიგებებს. ცდილობენ გაიმეორონ ის, რაც მოხდა 1938 წლის 30 ოქტომბერს მიუნხენში. უკრაინაზე ახდენენ ზეწოლას რომ უკრაინას კი არ გადასცენ ომის დამნაშავეები, არამედ, უკრაინამ რუსეთს გადასცეს ტერიტორიები“.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, „იალტა -2-მდე“, რაზეც დიდი ხანია რუსული დიპლომატია ოცნებობს, მოხდეს „მიუნხენ-2“-ის მსგავსი გარიგება — 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების მსგავსად, რომელმაც შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია?
- იმის რისკი, რომ უკრაინას ისეთი შეთანხმება შესთავაზონ, რომელიც რუსეთის მიერ ძალით მიღწეულ შედეგებს განამტკიცებს, რეალურია, თუმცა ევროპის ფართომასშტაბიანი გადანაწილება, ანუ ე.წ. „იალტა-2“ ან „მიუნხენის“ ტიპის სცენარი ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. ამის მთავარი მიზეზებია უკრაინის წინააღმდეგობა, ევროპის მზარდი როლი და კონსოლიდაცია, აგრეთვე ის პოლიტიკური ცვლილება, რომელიც ამერიკის კონგრესში შუალედური არჩევნების შედეგად მივიღეთ.
ზალუჟნის მიერ ნახსენები მიუნხენის მაგალითი მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა. 1938 წელს ევროპულმა სახელმწიფოებმა ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის საკითხი მისი სრულფასოვანი მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტეს.
იმის რისკი, რომ უკრაინას ისეთი შეთანხმება შესთავაზონ, რომელიც რუსეთის მიერ ძალით მიღწეულ შედეგებს განამტკიცებს, რეალურია, თუმცა ევროპის ფართომასშტაბიანი გადანაწილება, ანუ ე.წ. „იალტა-2“ ან „მიუნხენის“ ტიპის სცენარი ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. ამის მთავარი მიზეზებია უკრაინის წინააღმდეგობა, ევროპის მზარდი როლი და კონსოლიდაცია, აგრეთვე ის პოლიტიკური ცვლილება, რომელიც ამერიკის კონგრესში შუალედური არჩევნების შედეგად მივიღეთ
რამდენიმე თვის შემდეგ ნაცისტურმა გერმანიამ ჩეხეთის მიწებიც დაიკავა. ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტერიტორიული დათმობა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს იმ სახელმწიფოს შეკავებას, რომელსაც ექსპანსიონისტური და იმპერიალისტური მიზნები აქვს.
თუ რუსეთი უკრაინაში ტერიტორიულ და პოლიტიკურ მოთხოვნებს დაიკმაყოფილებს, კრემლმა ეს შესაძლოა აღიქვას როგორც დასტური იმისა, რომ სამხედრო ძალით მეზობელი ქვეყნების არჩევანზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ასეთ შემთხვევაში გაიზრდება ზეწოლა საქართველოზე, მოლდოვასა და ევროპის სხვა სახელმწიფოებზე. ეს ზეწოლა შეიძლება გამოიხატოს სამხედრო მუქარით, ჰიბრიდული საფრთხეებითა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობებით. აღმოსავლეთ ევროპაშიც გაიზრდება ესკალაციის რისკები.
პუტინის სურვილს, რომ ევროპა დაყოს გავლენის სფეროებად, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ხვდება. უკრაინამ აჩვენა, რომ აქვს ბრძოლისა და საკუთარი პოლიტიკური არჩევანისა და სუვერენიტეტის დაცვის უნარი. ევროპული სახელმწიფოები აცნობიერებენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება მათ უსაფრთხოებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ ისინი საკუთარ პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ რესურსებს უკრაინის დასახმარებლად და ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად მიმართავენ.
თუ რუსეთი უკრაინაში ტერიტორიულ და პოლიტიკურ მოთხოვნებს დაიკმაყოფილებს, კრემლმა ეს შესაძლოა აღიქვას როგორც დასტური იმისა, რომ სამხედრო ძალით მეზობელი ქვეყნების არჩევანზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ასეთ შემთხვევაში გაიზრდება ზეწოლა საქართველოზე, მოლდოვასა და ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ეს ზეწოლა შეიძლება გამოიხატოს სამხედრო მუქარით, ჰიბრიდული საფრთხეებითა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობებით. აღმოსავლეთ ევროპაშიც გაიზრდება ესკალაციის რისკები
შესაძლებელია, რუსეთი და მისი მხარდამჭერები ცდილობდნენ ევროპელების ჩამოშორებას მოლაპარაკებების ცალკეული ფორმატებიდან, თუმცა შეთანხმების მიღწევა, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენა ევროპული ქვეყნების პოზიციისა და რესურსების გათვალისწინებას მოითხოვს. ევროპას საკუთარი ხმა აქვს იმ საკითხებში, რომლებიც კონტინენტის მომავალს ეხება.
პუტინის სურვილს, რომ ევროპა დაყოს გავლენის სფეროებად, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ხვდება. უკრაინამ აჩვენა, რომ აქვს ბრძოლისა და საკუთარი პოლიტიკური არჩევანისა და სუვერენიტეტის დაცვის უნარი
დიდი მნიშვნელობა ექნება აშშ-ის კონგრესის როლსაც. როდესაც ახალი შემადგენლობა შეუდგება მუშაობას, პრეზიდენტ ტრამპს ურთიერთობა მოუწევს კონგრესთან, რომლის ორივე პალატაშიც დემოკრატებს უმრავლესობა ექნებათ. ვფიქრობ, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იქნება როგორც დემოკრატების, ასევე უკრაინის მხარდამჭერი რესპუბლიკელების მხრიდან.
კონგრესს შეუძლია გამოიყენოს უკრაინისთვის დახმარების დაფინანსების, კანონმდებლობის მიღების, საკომიტეტო მოსმენებისა და ტრამპის ადმინისტრაციის ზედამხედველობის ბერკეტები. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაზე კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გავლენა, კონგრესის პოლიტიკურ და საბიუჯეტო ზეწოლას შეუძლია გაართულოს ისეთი შეთანხმებების გაფორმება, რომლებსაც ვაშინგტონში ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაზე კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გავლენა, კონგრესის პოლიტიკურ და საბიუჯეტო ზეწოლას შეუძლია გაართულოს ისეთი შეთანხმებების გაფორმება, რომლებსაც ვაშინგტონში ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება
ზალუჟნის გაფრთხილებაც მნიშვნელოვანია. მიუხედავად დაბალი ალბათობისა, თუ აგრესიის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე რუსეთის მოთხოვნები დაკმაყოფილდება და ამავე დროს მას ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი მიეცემა, მაშინ სხვა სახელმწიფოებსაც შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ ძალის გამოყენებას შედეგი მოაქვს.
სწორედ ამიტომ, უკრაინისა და მისი ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით შეთანხმებულ უსაფრთხოების გარანტიებს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. საჭიროა, წინასწარ განისაზღვროს უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარება, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი და რეაგირების ქმედითი მექანიზმები ახალი თავდასხმის შემთხვევაში.
უკრაინის გამძლეობას, ევროპის ჩართულობასა და ამერიკის კონგრესის ზეწოლას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს იმის ალბათობა, რომ კრემლის სასურველი „იალტა“ ან „მიუნხენი“ რეალობად იქცეს.
- თუ მართლაც ასე განვითარდა პროცესები, ეს სავარაუდოდ, როგორ აისახება უკრაინაზე, ევროპაზე, ევროკავშირის პერსპექტივაზე და რა თქმა უნდა, საქართველოზე?
- მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენარები ნაკლებად სავარაუდოა, გავლენის სფეროებზე გარიგების ნებისმიერი მცდელობა საქართველოსთვის განსაკუთრებული საფრთხეა. როდესაც ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებს აზიანებს და რუსეთის მიმართ შემგუებლურ პოლიტიკას ატარებს, ქვეყნის უსაფრთხოება სუსტდება.
თუ საქართველო მომავალი დიდი გარიგების საგანი გახდება, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ძნელი მისახვედრი არ არის, თუ სად აღმოჩნდება ქვეყანა: ეს არ იქნება დასავლეთი. ამიტომ საქართველოს სჭირდება ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ძლიერი ურთიერთობა და მათთან ერთად საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე აქტიური მუშაობა. თუმცა „ქართული ოცნების“ პირობებში ამის პოლიტიკური ნება, სამწუხაროდ, არ არსებობს.
საქართველოს სჭირდება ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ძლიერი ურთიერთობა და მათთან ერთად საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე აქტიური მუშაობა. თუმცა „ქართული ოცნების“ პირობებში ამის პოლიტიკური ნება, სამწუხაროდ, არ არსებობს
- 15-16 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიმართება., რომელზეც საქართველო მიწვეული არაა.
ეს გასაკვირი არაა, რადგან ევროკავშირის გაფართოების კონტექსტიდან საქართველო კარგა ხანია ამოვარდნილია. ამას მოწმობს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები.
ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოსთან ტექნიკური სახის ურთიერთობები აქვთ, მაგრამ, „პოლიტიკური კონტექსტის გარეშე“. ბრიუსელიც და ვაშინგტონიც ელოდებიან საქართველოში ნორმალური პოლიტიკური პროცესის აღდგენას, ამის ნაცვლად კი ჩვენთან პარტიების აკრძალვაზეა საუბარი.
ამის გარდა კიდევ ერთი საერთაშორისო ფორუმი - „დაკავშირებადობის მინისტერიალი“ უნდა გაიმართოს, რომელზეც საქართველოს დელეგაცია არაა მიწვეული. ცნობილი ხდება რომ საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამ საქართველოს ელჩს აუკრძალა ამ ფორუმში მონაწილეობა.
საერთაშორისო ურთიერთობებში ჩახედული ადამიანების შეფასებით ქართული მხრიდან ამგვარი დემონსტრაციული ნაბიჯის გადადგმა „დრამატული შეცდომა და დიპლომატიური მიამიტობაა.“
„დაკავშირებადობის მინისტერიალზე“ დაკავშირებადობის პროცესში ჩართული ქვეყნები ურთიერთობის წესებს ადგენენ. თუ ჩვენ ამ პროცესის მიღმა დავრჩებით შემდეგ მოგვიწევს სხვების მიერ შემუშავებული წესების მიღება.
თქვენ როგორ შეაფასებდით გაფართოების ფორუმზე საქართველოს მიუწვევლობას?
როგორ შეაფასებდით საქართველოს უარს „დაკავშირებადობის ფორუმში“ მონაწილეობაზე იმის გამო რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო მიწვეული?
- ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების არმიწვევა იმ პოლიტიკის შედეგია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ევროპულ პარტნიორებთან ღრმა კრიზისამდე მიიყვანა.
კანდიდატის სტატუსი ფორმალურად შენარჩუნებულია, თუმცა გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ამავე დროს, ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს. ასეთ პირობებში რთულია, ევროპულ პარტნიორებს ვესაუბროთ დემოკრატიულ თანამეგობრობაში გაწევრიანებაზე.
არმიწვევის ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო აღარ განიხილება ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში და ვფიქრობ, რომ სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ეს ვითარებაც არ შეიცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება „ქართული ოცნებაა“.
ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების არმიწვევა იმ პოლიტიკის შედეგია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ევროპულ პარტნიორებთან ღრმა კრიზისამდე მიიყვანა
დაკავშირებადობის მინისტერიალის შემთხვევაშიც ვითარება საგანგაშოა. საქართველო ღონისძიებაზე უფრო დაბალ დონეზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ხელისუფლების პოზიცია კი ის არის, რომ სათანადო დონის მიწვევის გარეშე ის მონაწილეობას არ მიიღებს. ამ ქმედებით ხელისუფლება საკუთარ უკმაყოფილებას საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს.
ასეთ შეხვედრებზე განიხილება სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირები, ინვესტიციები და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები. თუ საქართველო ამ განხილვებს ჩამოშორდება, გაიზრდება რისკი, რომ პრიორიტეტები ჩვენი ინტერესების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე ჩამოყალიბდება.
ზოგადად, საქართველოს ღირსება იმასაც გულისხმობს, რომ სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალი განიხილება, იქ ჩვენი წარმომადგენელი საქართველოს ინტერესებს უნდა იცავდეს.
- სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის უფროსის გიორგი გვიმრაძის მიერ გაჟღერებული წინადადება იმის შესახებ, რომ ოფიციალურმა თბილისმა 3 +3 ფორმატში მონაწილე მხარეებს ამ ფორმატის გამართვის ადგილად თბილისი უნდა შესთავაზოს.
მკითხველს შევახსენებ, 3 + 3 -ის ფორმატში საქართველოს მონაწილეობას რუსეთი კარგა ხანია მოითხოვს. ამ ფორმატის მონაწილეები არიან სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ასევე რუსეთი, თურქეთი და ირანი.
დამკვირვებელთა ერთი ნაწილი 3 + 3 -ის ფორმატში „საქართველოს მონაწილეობას განიხილავს როგორც „საქართველოს მე-18 საუკუნეში გადასროლას და რუსეთის, თურქეთისა და ირანის გარანტიით საქართველოს ნეიტრალიტეტს.“
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ანდრო გოცირიძის მტკიცებით - „ამგვარი ნეიტრალიტეტის და 3+3 ფორმატის თავსმოხვევით, რუსეთი ცდილობს დასავლეთი მყარად გაისტუმროს რეგიონიდან და შემდგომ მიაღწიოს მინიმუმ საქართველოს სრულ მიერთებას.“
მისივე აზრით, მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარებაში „ზოგიერთი უცნაური ადამიანი ეკონომიკურ და კულტურულ პროგრესს ხედავს, ახლა რუსეთს ჩვენი მიერთება საერთოდ არ სურს- არც პუტინს და არც მის მუნდირიან თუ "კოსტუმიან" ოლიგარქებს, საქართველოს დოტაციაზე აყვანა არავის არაფრად სჭირდება.“
შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსის ეს განცხადება ბევრს გაუკვირდა, მაგრამ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მას დაახლოებით ასეთი რამ აქვს ნათქვამი - „კარგი იქნება თუ რუსეთსა და საქართველოს შორის საგარეო პოლიტიკაში სრული თანხვედრა ექნება,“ მისი ეს განცხადება გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს.
თქვენ როგორ შეაფასებდით საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსის გიორგი გვიმრაძის წინადადებას და სავარაუდოდ, იგი რას შეიძლება ნიშნავდეს?
- ბატონი გვიმრაძის წინადადება ჩემთვის საგანგაშო პოლიტიკური გზავნილია. ის საუბრობს როგორც თბილისში „3+3“ ფორმატის მასპინძლობაზე, ასევე იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა უნდა უზრუნველყონ.
ამ ხედვაში ყველაზე მძიმე ის არის, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტორად წარმოდგენილია სახელმწიფო, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. რუსეთს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის სამხედრო ძალების გაყვანა. ასეთ პირობებში მოსკოვის გარანტიებზე ქვეყნის მომავლის დამყარება საქართველოს უსაფრთხოებას კიდევ უფრო დაასუსტებს.
ბატონი გვიმრაძის წინადადება ჩემთვის საგანგაშო პოლიტიკური გზავნილია. ის საუბრობს როგორც თბილისში „3+3“ ფორმატის მასპინძლობაზე, ასევე იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა უნდა უზრუნველყონ
„3+3“ არის ფორმატი, რომელშიც ევროკავშირი და აშშ წარმოდგენილები არ არიან. რუსეთი ამ პლატფორმას დასავლეთის მონაწილეობის გარეშე რეგიონულ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობად განიხილავს. თუ საქართველოს უსაფრთხოების საკითხები ასეთ სივრცეში გადავა, გაიზრდება მოსკოვის გავლენისა და დასავლელი პარტნიორების რეგიონიდან განდევნის რისკები.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამ პოზიციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი აჟღერებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.
ამიტომ ხელისუფლებამ საზოგადოებას მკაფიოდ უნდა უპასუხოს, იზიარებს თუ არა გვიმრაძის წინადადებას და აპირებს თუ არა ამ პოზიციის შეცვლას, რადგან ხშირად ვხედავთ, რომ მთავრობის რეალურ სურვილებსა და მიზნებს აჟღერებენ მთავრობასთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად არ წარმოადგენენ ხელისუფლებას. ამგვარი მიდგომა საზოგადოებრივი აზრის მოსასინჯად გამოიყენება, რასაც შემდგომ უშუალოდ მთავრობის კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება.
ხელისუფლებამ საზოგადოებას მკაფიოდ უნდა უპასუხოს, იზიარებს თუ არა გვიმრაძის წინადადებას და აპირებს თუ არა ამ პოზიციის შეცვლას, რადგან ხშირად ვხედავთ, რომ მთავრობის რეალურ სურვილებსა და მიზნებს აჟღერებენ მთავრობასთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად არ წარმოადგენენ ხელისუფლებას
საქართველოს ინტერესია მჭიდრო თანამშრომლობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ასევე, ევროკავშირსა და აშშ-სთან. სწორედ ასეთი ტიპის თანამშრომლობით შესაძლებელია საქართველომ მიიღოს რეალური და ქმედითი უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენი უსაფრთხოების არჩევანი თავად ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს.
- ერთადერთი რაც ამ საკითხზე კარგი მახსენდება გახლავთ პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც მან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის პირად წარმომადგენლად საგარეო საქმეტა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზურაბიშვილის დანიშვნისას განაცხადა.
მაშინ პრემიერმა დახლოებთ ასეთი რამ თქვა - „ვიდრე რუსეთი არ გაიწვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, მოსკოვსა და თბილისს შორის სრულფასოვანი დიალოგი არ დაიწყება.“
თუ რუსეთმა უკან გაიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან, ყველაზე ოპტიმალური და რაციონალური ნაბიჯები როგორი შეიძლება იყოს?
- მე არარეალისტურად მეჩვენება, რომ ახლო მომავალში პუტინის რუსეთმა ჩვენ რამე ტერიტორია დაგვიბრუნოს და არ მინდა ჩვენს მკითხველს რაიმე ილუზია გავუჩინო. ზოგადად, თუ რუსეთი უკან გაიწვევს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ დამოუკიდებლობას ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა და მშვიდობიანი დარეგულირების შესაძლებლობა იქნება.
ამ შესაძლებლობის გამოყენება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს მოსკოვი ამის შემდეგ.
არარეალისტურად მეჩვენება, რომ ახლო მომავალში პუტინის რუსეთმა ჩვენ რამე ტერიტორია დაგვიბრუნოს და არ მინდა ჩვენს მკითხველს რაიმე ილუზია გავუჩინო
ასეთი სცენარის პირობებში საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები დეოკუპაციის კონკრეტულ გეგმაზე. დღის წესრიგში უნდა დადგეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, მათ შორის, რუსული სამხედრო ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვება. შეთანხმებას უნდა ჰქონდეს მკაფიო ეტაპები, ვადები და შესრულების მონიტორინგის მექანიზმი.
ამ პროცესში საქართველოს დასჭირდება ევროკავშირის, აშშ-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. ევროკავშირს უკვე აქვს შუამავლობის გამოცდილება და სადამკვირვებლო მისია, ხოლო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მოქმედი ფორმატია. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანება სწორედ იმ შესაძლებლობებს ასუსტებს, რომლებიც მშვიდობიანი რეგულირებისთვის გვჭირდება.
ამ პროცესში საქართველოს დასჭირდება ევროკავშირის, აშშ-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. ევროკავშირს უკვე აქვს შუამავლობის გამოცდილება და სადამკვირვებლო მისია, ხოლო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მოქმედი ფორმატია
ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თუმცა თუ მაინც მიიღებს, ამის სანაცვლოდ შესაძლოა საქართველოს ისეთი რამ მოსთხოვოს, რაც მას ფაქტობრივად რუსეთის სრული გავლენის ქვეშ მოაქცევს. მათ შორის, შესაძლოა, ეს კონფედერაციის მოდელიც იყოს. საქართველოს ეროვნული ინტერესია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით აღდგენა და საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა.
საქართველოს ინტერესია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა და საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

























