ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2026

როგორ შეიცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი, თუ პარტიები აკრძალეს - ელექტორატის გადაჯგუფების ვარიანტები
უკრაინის დაფინანსების გარშემო გაჩენილი განხეთქილება - ევროპა ბანაკებად იყოფა
უცხოელი მიგრანტების ხარჯზე გაზრდილი დემოგრაფიული სტატისტიკა საფრთხეს შეიცავს
* * *
როგორ შეიცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი, თუ პარტიები აკრძალეს - ელექტორატის გადაჯგუფების ვარიანტები
“საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და აკრძალვის შესახებ “ოცნების” სარჩელის განხილვა გრძელდება და თუ სასამართლო ხუთივე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი არსებითად შეიცვლება. პოლიტიკური პროცესიდან შეიძლება გაქრეს ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სხვადასხვა ელექტორალურ ჯგუფს წარმოადგენენ და ხელისუფლების მთავარი ოპონენტები არიან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება არა მხოლოდ ამ პარტიების ლიდერებისა და წევრების პოლიტიკური მომავალი, არამედ ისიც, თუ სად გადანაწილდება მათი ამომრჩეველი, შეძლებენ თუ არა ახალი პოლიტიკური ცენტრების შექმნას და რა ფორმით გააგრძელებს ოპოზიცია ბრძოლას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორ შეიცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი, თუ პარტიები აკრძალეს - ელექტორატის გადაჯგუფების ვარიანტები.
“საკითხი მხოლოდ პარტიების გაუქმებით არ შემოიფარგლება. კანონმდებლობაში 2025 წელს შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს უკვე აკრძალული პარტიის არსებითად მსგავსი მიზნებისა თუ საქმიანობის მქონე ახალი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვის შესაძლებლობასაც. ეს ნიშნავს, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში მათი ლიდერებისა და წევრების ნაწილისთვის პოლიტიკური საქმიანობის ახალ ფორმატში გაგრძელება შესაძლოა გაცილებით რთული აღმოჩნდეს. ამასთან, ახალი პარტიების შექმნაც ვერ იქნება გამოსავალი. აქვე წამოიჭრება საკითი, თუ სად წავა აკრძალული პარტიების ელექტორატი. ანალიტიკოსთა შეფასებით, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, მათი მხარდამჭერები პოლიტიკურ სივრცეს არ დატოვებენ, ამომრჩევლის ნაწილი შესაძლოა დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდეს, ნაწილი - ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს დაელოდოს, ნაწილმა კი საერთოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა მასშტაბით და რა მიმართულებით გადანაწილდება ეს ელექტორატი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის პასიურობა და ბოიკოტი ხელისუფლების პოზიციებს აძლიერებს, ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა მოქმედების სტრატეგია უნდა შეცვალონ და პოლიტიკური ბრძოლის ახალი ფორმები მოძებნონ, პირადი დაპირისპირებები გვერდზე უნდა გადადონ, საჭიროების შემთხვევაში გადაჯგუფდნენ და ამომრჩეველს ისეთი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერისკენ მოუწოდონ, რომლებიც “ოცნების” წინააღმდეგ მოქმედებენ, მიუხედავად იმისა, რამდენად მისაღები არიან თავად ოპოზიციური პარტიებისთვის. “მე ამ ოპოზიციის იმედი სამწუხაროდ არ მაქვს, იმიტომ, რომ ძალიან პასიურები არიან. პარლამენტში არ შევიდნენ, ბოიკოტი გამოაცხადეს. თუ ასეთ დამოკიდებულებას არ შეცვლიან, რა თქმა უნდა, მაშინ “ოცნება” “სწორ გზაზე” დგას - ბრჭყალებში რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივ გზას ვგულისხმობ”, - თვლის ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, “მაგრამ, თუ გონს მოეგებიან, თავიანთ ქცევებს გადააფასებენ და ჩათვლიან, რომ ბრძოლა საჭიროა, მაშინ უამრავი ვარიანტები არსებობს”, - განაგრძობს გამოცემა.
“საჭირო იქნება გადაჯგუფება-გადმოჯგუფება, რომელი პარტიაც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუგინდ მიუღებელი და უსიმპათიურო იყოს მათთვის, მოუწოდონ ამომრჩევლებს, რომ ამ პარტიას, ან პარტიებს მისცენ ხმა, რათა “ქართულმა ოცნებამ” დაინახოს, რომ ცოცხალია ეს პროტესტი და ისინი სხვადასხვა ფორმებით მოქმედებენ. მაქსიმალურად ეცადონ, რომ გააძლერონ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არიან, თუმცა, შეიძლება მათ სიმპათიებს არ მისახურებენ, მთავარია, რომ როგორმე გამოჩნდნენ ძალები. ოღონდ ჭკუა უნდა გვეყოს გავარჩიოთ ერთმანეთისგან სატელიტური და ნამდვილი პარტიები, უნგრეთმა და სერბეთმა დაამტკიცა, რომ შეიძლება ახლადშექმნილი ძალით და ლიდერის გარეშეც კი, ხელისუფლება დაამარცხო. ანუ, თუ იბრძვი, ბრძოლის ფორმას ყოველთვის იპოვი. მით უმეტეს, როცა ასეთი სუსტი და უუნარო მეტოქე ჰყავთ, როგორიცაა “ქართული ოცნება”, რომელიც მხოლოდ შენ სუსტეებზე მუშაობს, სხვა არაფერი არ შეუძლია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ამ ფონზე ჭკუა უნდა გეყოს, რომ “ოცნება” არ გააძლიერო. ამ წუთამდე ამას ვერ ხვდებიან და ხვალ რა იქნება, არ ვიცი. ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ მათში რაღაცამ გაიღვიძა. მგონია, რომ რესურსები ძალიან ბევრია, ერთმანეთის ჭამას თავი უნდა დაანებონ. თუ იმ ოთხი პარტიიდან, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, რომელიმე მაინც გადარჩა და არ აიკრძალა, იმას უნდა მისცენ ხმა. ხმა მთლად წყალწაღებულ პარტიას არ უნდა მისცენ, რომელიც ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ახლა ერთმანეთთან საქმის რჩევის დრო არაა”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის შემთხვევაში პოლიტიკური ვაკუუმი არ შეიქმნება, რადგან მათ ადგილს ახალი პოლიტიკური ძალები დაიკავებენ. მისი თქმით, ახალი პარტიები ქვეყნის განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული და ხელისუფლებას გააკრიტიკებენ იმ საკითხებზე, სადაც კრიტიკა საჭიროა”, - დასძენს გამოცემა.
“ბუნებაში საერთოდ ასეთი კანონია: თავისუფალი ადგილი არ რჩება. ამიტომ ის ძალა, რომელიც ანტიკონსტიტუციურია და რომელიც ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს, აუცილებლად უნდა გაუქმდნენ კონსტიტუციის ძალით და შემოვდნენ ახალი პარტიები. უკვე დაწყებულია ზოგიერთი პარტიებს შემოსვლა პოლიტიკურ არენაზე. პოლიტიკა ისეთი საოცარი სფეროა, რომელიც ადგილს არ ტოვებს და სიცარიელე ივსება. და ეს სიცარიელე შეივსება ისეთი პარტიებით, რომლებიც იქნებიან ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულები და ამავე დროს ოპოზიციურად განწყობილნი, ანუ გააკრიტიკებენ იმას, რაც გასაკრიტიკებელია და არა ვიღაცეების დაკვეთით. არავითარი სატელიტი პარტიები არ იქნებიან. სატელიტი პარტიები იქნებიან ქართველი ხალხის. ვინც ამას ამბობს, თვითონ თავად არიან სატელიტები გარე ძალების”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
უკრაინის დაფინანსების გარშემო გაჩენილი განხეთქილება - ევროპა ბანაკებად იყოფა
“უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ევროკავშირი ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელების გზების ძიებაშია. თუმცა, ბლოკის წევრებს შორის სოლიდარობის ხარისხი და შეხედულებები თანდათან უფრო პოლარიზებული ხდება, რაც მკაფიოდ გამოჩნდა ბერლინსა და ბრატისლავას შორის წამოჭრილ პოლემიკაში. განხეთქილება გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ინიციატივას მოჰყვა, რომელსაც სურს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა დუბლინში დაგეგმილ სამიტზე უკრაინის დაფინანსების საჭიროებები განიხილონ. “უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მის თავდაცვით ბრძოლაში. ეს ჩვენს საერთო სასიცოცხლო ინტერესებშია. თუმცა, უკრაინისთვის გაწეული ორმხრივი დახმარება არათანაბრად ნაწილდება და მისი ტვირთის უდიდესი ნაწილი მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს აწევს” - აღნიშნა მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასადმი გაგზავნილ წერილში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უკრაინის დაფინანსების გარშემო გაჩენილი განხეთქილება - ევროპა ბანაკებად იყოფა.
“გერმანელი პოლიტიკოსის პოზიციით, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის 2028 წლიდან მყარი ფინანსური პერსპექტივის უზრუნველყოფაში, ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის - მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს - ფარგლებში. მისი თქმით, “საერთო ვალდებულება, გამონაკლისის გარეშე” არის არსებითი წინაპირობა უკრაინის დაფინანსებაში არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად. გერმანიის კანცლერის ამ მინიშნებას, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში შესაძლოა ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტი დაიბლოკოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა. “ის, რასაც გერმანიის კანცლერი აკეთებს, ტიპური შანტაჟია და მე მას არ დავემორჩილები”, - განაცხადა რობერტ ფიცომ. თავის მხრივ, ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა, რომლის მთავრობაც ასევე უარს ამბობს უკრაინისთვის სესხის დაფარვაში მონაწილეობის მიღებაზე, მერცის პოზიციაზე საუბრისას მოკლედ განაცხადა: ”არ ვიცი, რატომ ამბობს ის ამას”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ევროპული პოლიტიკური ლანდშაფტი და არსებული პოზიციები რობერტ ფიცოსა და ფრიდრიხ მერცს შორის გაჩენილი დაპირისპირება ასახავს ევროპაში ჩამოყალიბებულ სხვადასხვა პოლიტიკურ მიდგომას საკითხთან დაკავშირებით. სტრატეგიული უსაფრთხოების მომხრეთა პოზიციით (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთი) უკრაინის გამარჯვება პირდაპირ უკავშირდება მთელი ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან. მათი ხედვით, მხარდაჭერა უნდა იყოს გრძელვადიანი, სისტემატიური და სავალდებულო ევროკავშირის ყველა წევრისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტვირთის არათანაბარი გადანაწილება. ევროკავშირის წევრთა მეორე ნაწილი (სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ნაწილი) აქტიურად ემხრობა ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების გაწევას, თუმცა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისა და ეროვნული ბიუჯეტის გადატვირთვის მიმართ. ამის გამო, ისინი მკაცრად ადევნებენ თვალს გამოყოფილი სახსრების მოცულობასა და შიდა სოციალურ-ეკონომიკურ პრიორიტეტებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“უკრაინას მხოლოდ უკრაინელების გამო არ ვუჭერ მხარს, ამას იტალიის გამო ვაკეთებ. საერთაშორისო ვითარება, სადაც მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით უძლიერესის კანონი მოქმედებს, ჩვენი ერის ინტერესებში არ შედის” - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ. მესამე ნაწილი (სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამხედრო დახმარებას და სავალდებულო ფინანსურ პასუხისმგებლობებს. ისინი აცხადებენ, რომ ეროვნული სუვერენიტეტი და საკუთარი ბიუჯეტის პრიორიტეტები უზენაესია, ხოლო კონფლიქტი მხოლოდ დიპლომატიური გზითა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს. ევროპული პოლიტიკური დინამიკა ადასტურებს, რომ უკრაინის შემდგომი დაფინანსების მოდელი და ევროკავშირის მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ბლოკის შიდა ერთობას და აღნიშნული ინსტიტუციური მდგრადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოცდა გახდება”, - დასძენს გამოცემა.
უცხოელი მიგრანტების ხარჯზე გაზრდილი დემოგრაფიული სტატისტიკა საფრთხეს შეიცავს
“საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ათ წელიწადში 5.6%-ით გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ უცხოელი მიგრანტების ხარჯზე. დემოგრაფების განცხადებით, სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ ეს პრობლემა ბოლო ათ წელიწადში კი არა, 2000-იანი წლების დასაწყისიდან გამოიკვეთა, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების ხელშეწყობით, ქვეყანაში უცხოელი მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა. პრობლემა სერიოზულია, თუმცა გამოსავალიც არსებობს - აუცილებელია პირადობის მოწმობასა და პასპორტში ეროვნების გრაფის აღდგენა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა. 2015-2019 წლებში ბუნებრივი მატება ჯერ კიდევ დადებითი იყო, თუმცა თანდათან მცირდებოდა, ხოლო მიგრაციული სალდო უმეტესად ზომიერი რჩებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უცხოელი მიგრანტების ხარჯზე გაზრდილი დემოგრაფიული სტატისტიკა საფრთხეს შეიცავს / “ერთ-ერთი გამოსავალია ფინანსური დახმარება ახლადშექმნილი ოჯახებისთვის და მრავალშვილიანი დედებისთვის”.
“2020 წლიდან ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფით ნიშნულზე გადავიდა. 2022-2024 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი იყო (ჯამურად -13.8 ათასი კაცი). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის საერთო რაოდენობამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა და 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე 169.9 ათასით გაიზარდა. 2015-2025 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა ძირითადად რამდენიმე რეგიონში: თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში გაიზარდა. დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა...“, - აღნიშნულია “საქსტატის” ინფორმაციაში. რას ნიშნავს ქვეყნის მოსახლეობის ზრდა უცხოელი მიგრანტების რაოდენობის ზრდის ხარჯზე და რა საფრთხეს შეიცავს ეს ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის? დემოგრაფი ანზორ სახვაძე აცხადებს, რომ “საქსტატის” ეს ინფორმაცია მაინცდამაინც ზუსტი არ არის, რადგან წლების წინ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, პირადობის მოწმობასა და პასპორტში გაუქმდა ეროვნების გრაფა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ეროვნების და რამდენი მიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საერთოდ, მოსახლეობის ეროვნული ნიშნის მიხედვით აღრიცხვა ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. მიმდინარე აღრიცხვის საშუალებით, ჩვენ ვეღარ ვიგებთ, რა ეროვნების და რამდენი ადამიანია შემოსული საქართველოში. ეს გამოწვეულია იმით, რომ თავის დროზე, წლების წინ, ჩვენს პირადობის მოწმობასა და პასპორტში გრაფა - ეროვნება იქნა ამოღებული. ამის გამო, არ ვიცით, რამდენი იბადება ქართველი, რუსი ან სხვა ეროვნების წარმომადგენელი. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მონაცემებიც, რაც გამოაქვეყნა “საქსტატმა”, შესაძლოა, სწორი არც იყოს. როდესაც პირადობის მოწმობაში გვეწერა ეროვნება, მაშინ ზუსტად ვიცოდით, რა რაოდენობის რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ებრაელი თუ სხვა ეროვნების ადამიანი იბადებოდა ქვეყანაში. ახლა კი ასეთი პირდაპირი მონაცემები აღარ გვაქვს. ერთადერთი ფორმა, რომელიც ეროვნების შესახებ მონაცემებს იძლევა, ეს არის მოსახლეობის აღწერის მონაცემები, სადაც დაფიქსირებულია ეროვნება, ოღონდ სავალდებულო ნიშნად არ არის მიჩნეული. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუთითებს საკუთარ ეროვნებას. შესაბამისად, ეროვნული ნიშნის მიხედვით სტატისტიკური მონაცემები არასრულია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანზორ სახვაძე.
“მისი აზრით, ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს - აუცილებლად უნდა აღდგეს გრაფა ეროვნების შესახებ. დემოგრაფმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ეროვნების და რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში. განსხვავებული პოზიცია აქვს დემოგრაფ ავთო სულაბერიძეს, რომლის განცხადებითაც უცხოელი მიგრანტების ხარჯზე მოსახლეობის ზრდა ბოლო ათი წლის წინ კი არა, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. ამ სიტუაციიდან გამოსავალი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება და საქართველოდან წასული ემიგრანტების უკან, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაზე მუშაობაა”, - დასძენს გამოცემა.
“მანამდე საქართველოდან გავიდა მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. რაც შეეხება უცხოელ მიგრანტებს, ზოგადად, 94 ქვეყანასთან გვაქვს ხელშეკრულება დადებული მიგრაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად მოქმედებს მოსახლეობის შემადგენლობაზე. ცხადია, უცხოელ მიგრანტებს ქვეყანაში შემოსვლას ვერ ავუკრძალავთ. გარდა ამისა, არის მეორე მომენტიც - დროებით შემოსული მიგრანტები, რომლებიც გარკვეულ ამინდს ქმნიან და ესეც ზრდის მოსახლეობის რაოდენობას... გამოსავალი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება და ემიგრანტების უკან, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაზე მუშაობაა. გარდა ამისა, აუცილებელია გარკვეული ფინანსური დახმარება ახლადშექმნილი ოჯახებისთვის, მრავალშვილიანი დედებისთვის და რაც მთავარია, აუცილებელია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე, გამოსავალია შობადობის ზრდაც და ამ მხრივ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო აწ განსვენებული პატრიარქის ინიციატივა, ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ახალი მძლავრი მექანიზმი არ შემუშავებულა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთო სულაბერიძე.

























