ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026

გია ხუხაშვილი - “ვერ ვიტყვი, რომ ღარიბაშვილის გააქტიურება წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ დღეს ეს უკვე ივანიშვილის თამაშია”

საუბრები “სექტაზე” - “ოცნების” ახალი კამპანია და შეთხელებული საპროტესტო გამოსვლები რუსთაველზე

მირიან მირიანაშვილი - “თუ მხოლოდ რუსეთის სატელიტის სტატუსით დავრჩებით, შეიძლება მეზობლების ზეწოლის ან აგრესიის სამიზნე გავხდეთ”

* * *

გია ხუხაშვილი - “ვერ ვიტყვი, რომ ღარიბაშვილის გააქტიურება წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ დღეს ეს უკვე ივანიშვილის თამაშია”

“გაეროს ტრიბუნაზე კობახიძემ ერთი მხრივ ახსენა, რომ ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ მას არ მოუხსენებია რუსეთი, როგორც დამნაშავე, არც დეოკუპაციის აუცილებლობა და ჯარების გაყვანა უხსენებია. გაახმოვანა მხოლოდ ის ფრაზები, რაზეც ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთიდან ჰქონდა მიღებული `ვიზა~... ხელისუფლება ისევ ცდილობს აქცენტი გააკეთოს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე და მხოლოდ გეოგრაფიის იმედზეა დარჩენილი. ისაუბრა ეკონომიკურ წარმატებებსა და სიღარიბის შემცირებაზე, არადა, შეიძლება ციფრები რაღაც ზრდას აჩვენებდეს, მაგრამ ჩვენ იმდენად ჩამოვრჩებით ცივილიზებულ სამყაროს, რომ ამით ტრაბახი უადგილოა. ისე კი, ეს გამოსვლა შეიძლება კობახიძისთვის ერთგვარ “გედის სიმღერად” იქცეს. ჩვენ ვიცით, საქართველოს პრემიერების ვიზიტები ამერიკაში რითაც მთავრდება ხოლმე - ამის ცუდი გამოცდილება გვაქვს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “არმია გენერლების გარეშე” ანუ რა შეცდომას უშვებს ოპოზიცია?!

“მე მისი შეცვლის კონკრეტულ ვადებს ვერ დავასახელებ, თუმცა პოლიტიკური პროცესის ლოგიკიდან თუ ამოვალთ, ასეთ სურათს ვნახავთ: მიზანმიმართულად და ძალიან მეთოდურად მოხდა მისი იზოლირება. ფაქტობრივად, უკვე ძალაუფლების გარეშეა დარჩენილი, რადგან მასთან ასოცირებული ყველა პირი ჩამოაშორეს პროცესებს და ის აბსოლუტურ იზოლაციაში მოაქციეს. პრაქტიკულად, არც ერთ მინისტრს აღარ აქვს იმის განცდა, რომ კობახიძის დანიშნულია ან მასთან არის ანგარიშვალდებული. მის ირგვლივ წმინდა ტექნიკური მთავრობა შექმნეს. დღეს მისი ძირითადი ფუნქციაა სამოქალაქო აქტივისტებთან დებატებში მონაწილეობა. მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ქვეყნის პირველი პირი სამოქალაქო აქტივისტებთან დებატებსა და დისკუსიებზე იჯდეს. ეს არის “ქართული ოცნების” უნიკალური ფენომენი. ხელისუფლების პირველი პირები მართავენ პრესკონფერენციებს, პასუხობენ კითხვებს, მაგრამ დებატები წარმოუდგენელი რამ არის. ჩემი დაკვირვებით, ივანიშვილი კობახიძის ამ როლით ამ ეტაპზე კმაყოფილია, რადგან ის პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ივანიშვილის მართვის ტექნოლოგია გულისხმობს განსაზღვრულ ციკლურობას: გროვდება ცოდვების პაკეტი, რომელიც მერე პასუხისმგებელ პირს - პრემიერ-მინისტრს უნდა აჰკიდოს და ამ ცოდვებით გაისტუმროს. ივანიშვილი ხომ თავად არ იღებს პასუხისმგებლობას, ამიტომ ნიშნავს პრემიერებს და ცოდვების დაგროვების შემდეგ ემშვიდობება მათ. ეს ციკლი კობახიძის შემთხვევაში პრაქტიკულად დასრულებულია. მისი პრემიერობის პერიოდში მასთან იმხელა პრეტენზიებია და იმდენი ცოდვა დაგროვდა, რომ ის უკვე ეშაფოტზეა აყვანილი და მხოლოდ სკამზე ფეხის გამოკვრა აკლია - ამას როდის იზამს ივანიშვილი, არ ვიცი. ვფიქრობ, ის გადაწყვეტილებას ჯერ არ იღებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს საეტაპო მომენტში უნდა გააკეთოს, საეტაპო გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ მისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია, საით მიდის სამყარო და რა ტიპის ქვეყნის მშენებლობა უნდა გააგრძელოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მისთვის ქვეყნის განვითარების ორი ძირითადი სცენარი არსებობს: 1. თუ ახალი მსოფლიო წესრიგის კონფიგურაციაში პუტინი იმდენად დასუსტდება, რომ ივანიშვილს მიეცემა მისი გადაგდების საშუალება, ის დაიწყებს აზერბაიჯანის ტიპის ქვეყნის მშენებლობას (სადაც დემოკრატიასა და დასავლეთზე საუბარი არ არის). ამ შემთხვევაში მას დასჭირდება “დავარცხნილი”, ზომიერად ცივილიზებული და დასავლური განათლების მქონე პრემიერი; თუ პუტინი ისევ ძლიერი იქნება, ივანიშვილი გააგრძელებს დრეიფს რუსეთის იმპერიისკენ. ასეთ შემთხვევაში მას დასჭირდება სხვა ტიპის პრემიერი, რომელიც უპრობლემოდ მოაწერს ხელს “გეორგიევსკის ტრაქტატ 2”-ს. როგორც კი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ტიპის პრემიერი სჭირდება, იმ მომენტში გამოჰკრავს სკამს ფეხს. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დრო, მაგრამ სისტემურად ყველაფერი იმდენად მზად არის, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ზემოთ ნახსენები არჩევანის გაკეთებას არც დაელოდოს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილიც ეხმარება ციხიდან თავისი ეპისტოლეებით. ღარიბაშვილი ამ წერილებით საზოგადოებას კი არა, ივანიშვილს მიმართავს და აძლევს არგუმენტებს კობახიძის მოსაშორებლად. პირველი ეტაპი - კობახიძის იზოლაცია გავლილია, ხოლო მეორეზე კონკრეტული პრეტენზიები უნდა წაუყენონ. მაგალითად, ივანიშვილს შეუძლია დაიბაროს კობახიძე და უთხრას, ერთი პატიმარი ჩაგაბარეთ და ვერ მოგივლიათ, ამხელა სკანდალი მოაწყვეთო. ვისი ხელითაც კობახიძეს რაიმე მოძრაობის ჩატარება შეეძლო, ისინი ჩამოალაბორანტეს, პოლიტიკიდან გაუშვეს და თან სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ასეთ აბსურდულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სახელმწიფო დაცვა პრივილეგია კი არა, ფაქტობრივად, შინაპატიმრობის ტოლფასია. მე შეთქმულების თეორიებს ვერ მოვყვები და ვერ ვიტყვი, რომ ღარიბაშვილის გააქტიურება წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ დღეს ეს უკვე ივანიშვილის თამაშია”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“დღეს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მთელი ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ გააკეთოს არჩევანი და ხმამაღლა თქვას, ბოლოს და ბოლოს, საით მიჰყავთ ქვეყანა? ორ სკამზე ჯდომა უნდა დამთავრდეს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას უქმნიან იმის კომფორტს, რომ ლავირებდეს და ხალხს თავგზას უბნევდეს. ეს ლავირების სივრცე უნდა შევუზღუდოთ, ეს კი საკონსტიტუციო პროცესის წამოწყებით შეიძლება. საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს არ მიიღებს? პარლამენტში ობსტრუქციას მოაწყობენ? ამით ხომ ყველაფერი სრულიად ცხადი გახდება. ამისთვის კი პოლიტიკურმა კლასმა ინიციატივა უნდა აიღოს და საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედოს. დღეს პოლიტიკური კლასი ხელისუფლების დღის წესრიგით მოქმედებს: ხელისუფლება რაღაცას აკეთებს და ესენი მერე კომენტარებს აკეთებენ, ცუდიაო. ის, რომ ხელისუფლება ცუდია, უკვე ყველამ იცის. ლაპარაკია იმაზე, რომ შენ შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი და ხელისუფლება აიძულო ამ დღის წესრიგით იმოქმედოს. თუ არიან პოლიტიკოსები და ამის გაკეთება არ შეუძლიათ, მაშინ არ ვიცი, რა გითხრათ”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითზვაზე - “ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს გამოხმაურებას აზერბაიჯანის მკვახე პასუხი მოჰყვა...” - პასუხებს:

“ასეთი ფაქიზი საკითხების საჯარო პოლემიკაში გამოტანა არასოდეს ხდება შემთხვევით და ყოველთვის მიმართულია საქართველო-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის შემოსატანად. ეს არ არის ახალი თემა - ათწლეულების პრობლემაა. ვიდრე ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტის ფორმულა მოიძებნება, ყველაზე სწორი მიდგომაა პროცესის კულისებში მართვა და მოგვარება. მსურველებს, რასაკვირველია, უნდა ჰქონდეთ ტაძრის მოლოცვისა და თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ვართ ერთი გეოპოლიტიკური კვანძის განუყოფელი ნაწილები და ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია საერთოა. ამ თემის ხელოვნური აქტუალიზაცია და დღის წესრიგში წამოწევა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. თუ მოვლენებს ქრონოლოგიურად მივადევნებთ თვალყურს, სურათი ძალიან ნათელი გახდება: რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომლითაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მხარეს მებრძოლ აზერბაიჯანელებს, რამაც, ბუნებრივია, რუსეთი გააღიზიანა და ამ განცხადებიდან სულ რაღაც ორ დღეში ხდება ქურმუხის თემის აქტუალიზაცია”...

“მე არ ვამბობ, რომ ამას აუცილებლად ვინმე შეგნებულად აკეთებს, თუმცა რუსული გავლენის აგენტებსა და მექანიზმებს ძალიან კარგად შეუძლიათ თემის ისე წამოწევა, რომ შემდგომ მასში მთელი ისტორია და დაპირისპირება ჩაერთოს. სამხრეთ კავკასიაზე რუსეთის კონტროლი ისტორიულად ყოველთვის ემყარებოდა “გათიშე და იბატონეს” პრინციპს. რუსეთის სტრატეგია იყო საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთმანეთზე გადაკიდება: ყარაბაღის კონფლიქტიც რუსების ინსპირირებული იყო, რათა მუდმივად მარყუჟში ჰყოლოდათ როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი. საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაც ამავე სტრატეგიის ნაწილია. როდესაც რეგიონში ასეთ დანაწევრებას ახდენ, ეს ქვეყნების გაკონტროლების ძალიან სერიოზული ბერკეტია. ამ დაძაბულობის კერებში განსაკუთრებით სახიფათოა მსოფლმხედველობრივი და ფუნდამენტური საკითხების, კერძოდ, რელიგიური ელემენტებისა და `ერთმორწმუნეობის~ თემის შემოტანა. ეს არის ყველაზე ძლიერი და სასტიკი ინსტრუმენტი გავლენის აგენტების ხელში. იმედია, ეს სენსიტიური თემები დღის წესრიგიდან დროულად მოიხსნება”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

საუბრები “სექტაზე” - “ოცნების” ახალი კამპანია და შეთხელებული საპროტესტო გამოსვლები რუსთაველზე

“პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს განულებულად მიიჩნევს და აქციის მონაწილეებს “სექტანტებს” უწოდებს. მისი შეფასებით, პროტესტის მონაწილეები ყოველდღიურად საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ხედავენ, რომ მოძრაობას შედეგის მიღწევის შესაძლებლობა აღარ აქვს. პროტესტის მსგავსი შეფასებები არაერთხელ გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას “აგრესიული ფუნდამენტალისტური სექტა” უწოდა, ხოლო პროტესტის 666-ე დღეს კი ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, მოძრაობა “ფსევდორელიგიურ სექტად” მოიხსენია და მის სიმბოლიკასა და რიტუალებზე გაამახვილა ყურადღება. ამის საპასუხოდ ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია თავად ჩამოყალიბდა სექტად, სადაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელშეუხებელ და აბსოლუტურ ავტორიტეტად ითვლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საუბრები “სექტაზე” - “ოცნების” ახალი კამპანია და შეთხელებული საპროტესტო გამოსვლები რუსთაველზე.

“ირაკლი კობახიძის შეფასებით, საზოგადოების მხარდაჭერისა და რაიმე კონკრეტული მიზნის გარეშე მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის სისტემატური გამოსვლა ქუჩაში სექტის საქმიანობის ნიშნებს შეიცავს. “არ არსებობს რადიკალური ოპოზიციის არავითარი პროტესტი და მართლა სექტანტებივით გამოდიან ყოველდღე ხან 50, ხან 60, ხან 70 კაცით და ყოველდღიურად ახდენენ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას. ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, გარდა მართლა სექტანტობისა. როდესაც ხედავ, რომ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენ ყოველდღე და მაინც აგრძელებ ე.წ. უწყვეტ პროტესტს, ეს ნიშნავს ზუსტად სექტანტობას”, - აღნიშნა პრემიერმა. შალვა პაპუაშვილმა კი ვრცელ პოსტში დაწერა, რომ “პროტესტის ეს ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა თავისი სიმბოლიკით, რიტუალებით, ქურუმებითა და წინამძღვრებით, მსხვერპლითა და მოწამეებით!”. ანალიტიკოს პეტრე მამრაძის თქმით, პროტესტი რუსთაველზე პრაქტიკულად მართლაც განულებულია, ორგანიზატორებს აღარ აქვთ მასობრივი მობილიზაციის რესურსი, თუმცა, ქვეყანაში ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხი რეალურად არის. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ პროტესტი არ განულებულა, ხოლო ხელისუფლების მხრიდან მისი მონაწილეების “სექტად” და პოლიტიკურად დასრულებულ მოძრაობად წარმოჩენა პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ხელისუფლებით უკმაყოფილოები, რა თქმა უნდა, არიან. მაგრამ სულ სხვაა ასეთი ბრძოლა სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. პრაქტიკულად არიან მარტო ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა. იქ ვინც არიან, პოლიტიკურად განულებულები არიან, აღარ აქვთ უნარი გვარამიებს, ხაბეიშვილებს და ვაშაძეებს, რომ ბევრი ადამიანი გამოიყვანონ... სექტასთან შესადარებელია - ვნახეთ, რომ რაღაცეები დაწვეს და ა.შ. ეს ტიპური სექტანტური რიტუალიზმია. გარდა ამისა, არავითარ საბუთს, არავითარ ფაქტს, არაფერს არ ცნობენ, ისევ თავის პოზიციაზე დგანან, არაფერს არ ცვლიან. და ეს უკვე სექტანტიზმია. ხოლო ფაქტი, რომ მმართველი გუნდის წევრები საჯაროდ არ აკრიტიკებენ ლიდერს, თავისთავად სექტანტობის ნიშანი არ არის. ის, რომ გუნდში შიგნით საჯაროდ არავინ არ დაიწყებს თავისი ლიდერის კრიტიკას, ეს მთელს მსოფლიოში ასეა, ეგ შეუძლებელია, იმიტომ, რომ მაშინ უნდა გამოხვიდე პარტიიდან”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“ეს არის კობახიძის და სხვათა ოცნება, რომ ეს პროტესტი განულებულად ჩათვალონ. ხელისუფლებამ ახალი პროპაგანდული მიმართულება დაიწყო, რომ ვითომ პროტესტი არის განულებული, რომ პროტესტის მონაწილეები წარმოადგენენ სექტას და ა.შ. ეს გასაგებია - მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ათასი შესწორება შეიტანა კანონმდებლობაში და ლამის ქუჩაში დგომაც კი უკვე დანაშაულად ითვლება, პროტესტი მაინც გრძელდება. ხელისუფლებას კი არ აძლევს ხელს, რომ პროტესტის მონაწილეები ისევ დააპატიმროს. სადამსჯელო ღონისძიებებით ხალხს ვერაფერი ვერ შეუცვალა და ახლა იწყება საზოგადოების, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური, პროპაგანდისტული დამუშავება, რომ ესენი არიან სექტის წარმომადგენლები, რაღაც სექტა ჩამოყალიბდა, რომ პროტესტი ნულამდეა დასული და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “რატომ არ გამოდის ბევრი ხალხი პროტესტზე და რა არის ამის მთავარი მიზეზი?” - პასუხობს:

“ყოველთვის, ყველა პროტესტზე და ყველაფერზე ბევრი ხალხი ვერ იქნება და არ იქნება. ოპოზიციას და საზოგადოებრივ სექტორს მობილიზაცია არ გამოუცხადებია და დიდი პროტესტი დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ თემატიკასთან”.

მირიან მირიანაშვილი - “თუ მხოლოდ რუსეთის სატელიტის სტატუსით დავრჩებით, შეიძლება მეზობლების ზეწოლის ან აგრესიის სამიზნე გავხდეთ”

“რუსული პროპაგანდა მუდმივად გვეუბნება, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს. თუმცა კარგად იციან, რომ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალის გამოყენების გარეშე. პუტინს სწორედ ამ ბერკეტის წართმევა უნდა საქართველოსთვის. ამასთან, ის ამას არაფრის სანაცვლოდ მოითხოვს. ის მაინც ეთქვა, თუ საქართველო ასეთ ვალდებულებას აიღებს, რუსეთი სამხედრო შენაერთებს სეპარატისტული რეგიონებიდან გაიყვანსო. ამიტომ ეს უფრო კაპიტულაციის მოთხოვნას ჰგავს. რუსეთის ასეთი დემარშების რეალური ადრესატი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება არ არის - მთავარი ადრესატი დასავლეთია. მოსკოვი სიგნალს უგზავნის დასავლეთის სახელმწიფოებს და აკვირდება მათ რეაქციას. ამ რეაქციიდან შეიძლება დავინახოთ, რამდენად ხელსაყრელ გარემოს ხედავს დღეს რუსეთი მსგავსი მოთხოვნების წასაყენებლად. ჩემი შეფასებით, მათთვის ვითარება ჯერ არ არის ისეთი, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული ზეწოლა თავისუფლად მოახდინონ”, - აცხადებს ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “საქართველო არ უნდა გახდეს ისეთი შეთანხმების ობიექტი, რომლის გარეშეც სხვა სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებას”.

“ქართულ ოცნებას” კი მოსკოვის მოთხოვნის მიღება ნამდვილად არ უნდა სურდეს, რადგან ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და ამიერკავკასიის პროცესებში ჩართული რეგიონული მოთამაშეები საქართველოს ხელისუფლების კაპიტულაციად აღიქვამენ. პირველ რიგში, ვგულისხმობ თურქეთს, საუდის არაბეთს და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებს. ამას შესაძლოა სერიოზული რეგიონული შედეგებიც მოჰყვეს. თუ აღმოჩნდება, რომ დიდი ძალის ზეწოლით საქართველოს ხელისუფლებას სტრატეგიულ საკითხებზე დათმობები შეიძლება აიძულო, მსგავსი შესაძლებლობა სხვა რეგიონულ მოთამაშეებსაც გაუჩენს ინტერესს. სამხედრო თვალსაზრისით კი დღეს ამიერკავკასიაში თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემი გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუსეთი, და შესაძლოა მათაც გაუჩნდეთ მსგავსი მოთხოვნების წამოყენების სურვილი. ამიტომ ამ ყველაფერში, შეიძლება ითქვას, “ნაღმია” ჩადებული. ასეთი შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებისთვის კაპიტულაციის სახეს მიიღებს და მისი გამართლება როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან გაუჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიან მირიანაშვილი.

“გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯი რეგიონულ გარემოზეც მოახდენს გავლენას. ბოლო პერიოდში ბაქოს რიტორიკა უფრო ნაკლებად მეგობრული ხდება. ეს იმ პროცესის ნათელი ილუსტრაციაა, რაზეც ვსაუბრობ: როდესაც საქართველო რუსეთისგან ასეთ ზეწოლას განიცდის, ამან შესაძლოა საქართველოს ტერიტორიების ინტერესები გაუჩინოს სხვა სახელმწიფოებსაც. თუ თავს მუდმივად მხოლოდ ჩაგრულ მხარედ წარმოვაჩენთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონში პოტენციური მჩაგვრელები არც ისე ცოტანი არიან, მათ შორის ირანიც. ამიტომ საქართველოს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური და სტრატეგიული მხარდაჭერა დასავლეთისგან. ჩვენგან განსხვავებით, დღეს ალიევსა და ფაშინიანს ბევრი შეხვედრა აქვთ დასავლელ პარტნიორებთან. ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური კურსი დასავლეთში სასურველ რეაქციას ვეღარ იწვევს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთი უკრაინასთან ომში გამარჯვებული მხარე ვეღარ იქნება. სწორედ ეს განსაზღვრავს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების, აზიის სახელმწიფოების, ჩინეთისა და, გარკვეულწილად, ბელარუსის მოქმედების ლოგიკასაც. ბოლო პერიოდში ბელარუსის ხელისუფლებამ აქტიური დიპლომატიური ურთიერთობა დაიწყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის პოლონეთსა და გერმანიასთან. ცოტა ხნის წინ ლუკაშენკო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. ასეთი რამ ბოლო 7 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი იყო. ეს ცხადყოფს, რომ ქვეყნებმა რუსეთთან ურთიერთობის ფორმატი შეცვალეს, რადგან უკრაინის ომმა რუსეთი სხვა რეალობაში გადაიყვანა. ერთადერთი, ვინც თითქოს ისევ ძველი რეალობის მიხედვით მოქმედებს, საქართველოა. საქართველო უკვე წარმოჩენილია როგორც რუსეთის სატელიტი. ძლიერი სახელმწიფოს სატელიტობაც პრობლემაა, მაგრამ დამარცხებული ან დასუსტებული სახელმწიფოს სატელიტად აღქმა კიდევ უფრო სახიფათო”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“თუ რეგიონში მხოლოდ რუსეთის სატელიტის სტატუსით დავრჩებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს ვინ ჩივის, ადრე თუ გვიან, შეიძლება თურქეთის ზეწოლის ან აგრესიის სამიზნე გავხდეთ. თურქეთი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და გავლენიანი სახელმწიფოა და მეზობელ ქვეყნებთან არაერთი ღია თუ გაყინული დაპირისპირება აქვს - მათ შორის სომხეთთან, ერაყთან, სირიასა და საბერძნეთთან. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თურქეთი ჯერ თითქოს აკვირდება, საქართველოა. ამიტომ იბადება კითხვა: რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ თურქეთმა თავისი ისტორიული პოლიტიკა მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში შეცვალა? ან, საერთოდ, ხომ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ რუსეთი მომავალშიც დაგვიცავს თურქეთისგან? რუსეთმა უკრაინასთან ომში ძალების გადაძაბვისა და რესურსების დეფიციტის გამო, ფაქტობრივად, დაკარგა კონტროლი ჩრდილოკავკასიურ სივრცეში არსებულ რამდენიმე მიმართულებაზე. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ის, რომ დაღესტანში, ინგუშეთსა და ჩეჩნეთში რუსული სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული”, - ამტკიცებს მირიან მირიანაშვილი.

“რუსეთს საკუთარი ტერიტორიული უსაფრთხოების წინაშე არსებული სერიოზული ჩრდილოკავკასიური გამოწვევებიც კი ბოლომდე ვერ მოუგვარებია და ასეთ ვითარებაში როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ის საქართველოს თურქეთისგან დაიცავს? რა სამხედრო რესურსით, რომელი შენაერთებით... როდესაც ამბობენ, რომ რუსეთს შეიძლება ჰქონდეს რაიმე არგუმენტი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში უნდა დავსვათ მარტივი კითხვა: როგორ უნდა დაგიცვას ქვეყანამ, რომელმაც თავად წაგართვა ტერიტორიები და დღემდე ულტიმატუმის ფორმით გელაპარაკება? როგორ შეიძლება უსაფრთხოების გარანტიად განვიხილოთ სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებდა და დღესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ყოფნას ინარჩუნებს? ასეთი პოლიტიკური პოსტულატის მიღება სრულიად არარეალისტურია”, - დასძენს მირიანაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო