დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოსო მანჯავიძე და ზვიად ტომარაძე პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე და დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვას უგზავნიან.

ღია მიმართვაში მანჯავიძე, ლორთქიფანიძე და ტომარაძე სკოლებში ახალი საგნის – "მე და საზოგადოების" დანერგვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ის "წარმოადგენს ე.წ. ახალი აზროვნების ნიმუშს, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტულობის ნიღბის ქვეშ უპირისპირდება კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს".

მიმართვის ავტორები პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მოუწოდებენ, არ დაუშვას სკოლებში აღნიშნული საგნის სწავლება.

"ინტერპრესნიუსი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ჩანს, ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფონი, რის გამოც საზოგადოების ყურადღება მოდუნებულია, საქართველოს განათლების მინისტრმა და მის უკან მდგომმა არასამთავრობოთა ქსელმა, რომელიც უხვად ფინანსდება ლიბერალური ინტერნაციონალის დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტებით, განათლების სიტემაში ეროვნული ცნობიერების დამანგრეველი საგნის დანერგვისთვის ხელსაყრელად მიიჩნიეს.

ახალი საგნის (მე და საზოგადოება) სწავლების დაწყება დაგეგმილია 3-4 კლასიდან და წარმოადგენს ე.წ. ახალი აზროვნების ნიმუშს, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტულობის ნიღბის ქვეშ უპირისპირდება კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს. ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო-სოციალური ექსპერიმენტი განათლების სამინისტროში მხოლოდ მას შემდეგ იქნა ინიცირებული, რაც პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ", რომელშიც აისახა სექსუალური და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა. ამას მალევე მოყვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ტრანსგენდერთათვის სქესის შეცვლის პროცედურების გამარტივების ინიციატივა. განათლების სამინისტროს აღნიშნული ინიციატივაც ამ კონტექსტშია განსახილველი, რადგან ის წარმოადგენს მოზარდ თაობებში უზნეობის ინსტალაციის მორიგ საფეხურს.

განათლების სამინისტრომ ამ საგნის მიღების პროცესში დაარღვია საჯაროობის პრინციპები: საგნის შინაარსი უცნობია ფართო საზოგადოებისათვის, იგნორირებულია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რაც უხეშად არღვევს კონკორდატის პრინციპებს, საკითხი არ განხილულა საქართველოს პარლამენტის არცერთ შესაბამის კომიტეტში (განათლება და მეცნიერება, ადამიანის უფლებები, იურიდიული). განხილვა შედგა მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც სათანადო გრანტების საფასურად ლობირებენ მსგავს მავნებლურ პროექტებს.

აღნიშნული სახელმძღვანელოს დანერგვა გამოიწვევს მოზარდი თაობის ფსიქიკის შეუქცევად დეფორმაციას, ანუ ჩვენ მივიღებთ უსქესო, უეროვნებო, უოჯახო, უპრინციპო და ურწმუნო ახალ თაობას, რაც იდეალურად ჯდება ლიბერალური ინტერნაციონალის იდეოლოგიაში. სახელმწიფო უნებლიედ გახდება მშობლებსა და შვილებს შორის ფასეულობათა შეუთავსებლობის ნიადაგზე წარმოშობილი დაუძლეველი კონფლიქტების ინსპირატორი. ეს კი გამოიწვევს ოჯახის, როგორც ერისა და სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ნგრევას და საბოლოოდ მის პოლიტიკურ დესუვერენიზაციას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, არ დაუშვას ამ საგნის სკოლებში შემოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს მიერ განხორციელდება ამ საგნის სკოლაში სწავლების წინააღმდეგ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებები, კერძოდ, საჯარო სკოლებში შეიქმნება მშობელთა საგანგებო კომიტეტები, რომლებიც ადგილებზე მოახდენენ საგნის სწავლების ბლოკირებას, რითაც უზრუნველყოფენ საკუთარი შვილების უფლებების დაცვას საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გათვალოსწინებული პირობებით.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა სათანადოდ შეაფასებს ზემოაღნიშნულ საგანგაშო ვითარებას და გაატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, რაც თავიდან აგვაცილებს ქვეყანაში ახალი დაძაბულობის კერების წარმოშობას", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს