ლევან ბერძენიშვილი - "სააკაშვილი არის პოლიტიკური კეთროვანი და ვინც მას გაეკარება, ყველა მოუსვლელში წავა"
"ოცნება" მთავარი კონკურენტის გარეშე?! - რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ოპოზიციურ ფლანგზე
"გირჩი" - სჭირდება თუ არა წინასაარჩევნოდ ქვეყანას ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა?
* * *
ლევან ბერძენიშვილი - "სააკაშვილი არის პოლიტიკური კეთროვანი და ვინც მას გაეკარება, ყველა მოუსვლელში წავა"
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ "რუსთავი 2" ყველა საშუალებას მიმართავს, რათა მათ ყველა ინსტანცია გაიარონ - იქნება საკასაციო და უზენაესი სასამართლო, თუმცა მეეჭვება, რომ არჩევნებამდე მათ რამე მოუხერხდეთ. ეს პროცესი გაცილებით მალე დასრულდება, ვიდრე მათ ჰგონიათ. ძალადობის მომზადებას მიხეილ სააკაშვილი აპირებდა და ეს ნათელია, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი გეგმები საყოველთაოდ ცნობილი გახდა, მას ეს ძალიან გაუჭირდება. გასაგებია, რომ სახელმწიფოსაც არ სძინავს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ძალიან ახლოს ვართ ნატოსთან და არ გამოვრიცხავ, რომ სასიამოვნო მოულოდნელობები გვქონდეს" / ლევან ბერძენიშვილი 15 დეკემბერს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით წარმატებულ გადაწყვეტილებას ელის.
"ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული ლიდერები ძალადობის პროვოცირებას ცდილობდნენ, სახეზეა. ეს ამ პარტიას სიკეთეს არ მოუტანდა, ახლა კი მიხეილ სააკაშვილმა მისი გეგმებით მათ სამსახური გაუწია და საკუთარი პარტია შეარცხვინა - ხელმძღვანელმა, რომელიც თურმე "ბოევიკების" ძალას კანონზე მაღლა აყენებს. ჩვენ გვეგონა იქ პატიოსანი პროფესორები თერმოსებით ბრძოლას აპირებდნენ და თურმე მათ უკან კაციჭამიები უნდა მდგარიყვნენ. ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ პოლიტიკური ელიტა "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობით, გადაგვარდა. განსაკუთრებით ეს სააკაშვილს ეხება. არ ვიცი ის უკრაინას როგორ გამოადგება, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა საქართველოს არ გამოადგება ის კაცი, რომელმაც შემოგვითვალა, რომ ქვეყანას საპენსიოდ ინახავს. საქართველო მისი სათამაშო არ არის, მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ ის ფიგურა, რომელიც პენსიაზე გავა და აქ ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენ დაგვაკმაყოფილებს. ის ქვეყანაში დაუმორჩილებლობასა და არეულობას ამზადებდა, რომლის უნარიც არ გააჩნია, ამიტომ მან მხოლოდ მოახერხა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ლაფში ამოსვარა. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური კეთროვანი და თუკი მას ვინმე გაეკარება, ყველა მოუსვლელში წავა, ასეთ ადგილას საკუთარი თავი მან თვითონვე დააყენა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
"ეს ბოლო ხანები, დაწყებული ოქტომბრიდან, საქართველო ევროპული ინტეგრაციის ფაზაშია შესული. ისეთ ფაზაში, როცა ყოველდღე რაღაც ხდება. გვქონდა ნატოს კვირეული, შემდეგ ევროპარლამენტთან ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა, ორშაბათს კი მთავრობა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს. გარდა ამისა, შემდეგ კომიტეტი ბრიუსელში გვაქვს, 15 დეკემბრამდე ყოველდღე რაღაც ხდება, ამის მერე კი გვეცოდინება, იქნება თუ არა ჩვენსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა. ამ მდგომარეობით, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ დადებითი იქნება. ამის შემდეგ კი ჩვენ დამოკიდებულნი ვიქნებით ევროპარლამენტსა და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების პოლიტიკურ ნებაზე. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, როგორც ჩანს, ეს ნაწილი საქართველომ პირნათლად შეასრულა და ზოგიერთ შემთხვევაში გადააჭარბა კიდეც", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საპარლამენტო თვალსაზრისით, ყველაფერი, რაც მოთხოვნილი იყო, 100%-ით გვაქვს შესრულებული. სამთავრობო ნაწილშიც გარკვეული გადაჭარბებაა, ანუ, იმაზე მეტია გაკეთებული, ვიდრე მოთხოვნა იყო. ამდენად, ჩვენ ველოდებით და გვაქვს პირველი ნიშნები, რომ 15 დეკემბერი ჩვენთვის წარმატებული იქნება. რაც შეეხება ნატოსთან ინტეგრაციის საკითხს, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი განცხადება, რომელიც ღრმად და საფუძვლიანადაა შესასწავლი, ვინაიდან იქ კარგად ჩანს, რომ შტატები ჩვენს ნატოში ინტეგრაციას მხარს გაცილებით უფრო მეტად უჭერს, გაცილებით უფრო მეტი ნაბიჯებისთვისაა მზად, ვიდრე უწინ იყო. ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა მაპი ნატოში გაწევრიანებისთვის საერთოდ საჭირო, ვინაიდან ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული. რაც შეეხება სამხედრო შეფასებას, ამაზე 2 კვირის წინ ევროპარლამენტში თავად მოვისმინე აზრი - საქართველოს ნატოსთან გასასწორებელი არაფერი აქვს და მას შეუძლია, დღესვე იყოს ნატოს წევრი ქვეყანა", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
"ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, რა თქმა უნდა, საქართველოს ამ ნაწილში ნაბიჯები გადასადგმელი აქვს. ბუნებრივია, ეს ბევრ მიმართულებას მოიცავს, თუმცა ეს არ გახლავთ 1 და 2 წლის საქმე, ეს გახლავთ რამდენიმე წლის საკითხი. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ნატოსთან და არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობები გვქონდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა მუშაობა. როგორც ევროპასთან ასოცირების საკითხი დაიძრა, ზუსტად ასე ხდება ნატოსთან მიმართებაშიც. ნელ-ნელა ვხედავთ, რომ დამოკიდებულება იცვლება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი და თინათინ ხიდაშელის პროაქტიური პოლიტიკა თავის შედეგს აუცილებლად მოიტანს, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ამისთვის მარტო ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის. მსოფლიოს სჭირდებოდა იმის მტკიცება, თუ რამდენად გვინდა და გვიღირს ნატოსთან ინტეგრაცია, ჩვენ ეს ვაჩვენეთ - ვაჩვენეთ, რომ ევროპაც გვინდა და ნატოც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენივე კოლეგების მხრიდან არის იმის მცდელობა, თითქოს საქართველოს არაფერი ეკუთვნის, ვინაიდან სტალინს ძეგლებს ვუდგამთ, ჩვენ მაინც ყველას ავუხსენით, რომ სახელმწიფო ამას არსად არ დაუშვებს", - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.
"ოცნება" მთავარი კონკურენტის გარეშე?! - რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ოპოზიციურ ფლანგზე
"2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციური სპექტრის რეფორმირებაა მოსალოდნელი. სპეციალისტების აზრით, სამთავრობო კოალიციის დამარცხების შანსი ოპოზიციას მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში ექნება, რადგან ცალ-ცალკე თითოეული პარტიის რეიტინგი საკმაოდ დაბალია. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, მან მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი უკვე დაკარგა. თუკი არჩევნებამდე პოლიტიკურ ასპარეზზე დღეს არსებული ვითარება შენარჩუნდა და ახალი ძალა არ გამოჩნდა, ან რამდენიმე პარტიამ კოალიცია არ შექმნა, მათი აზრით, 2016 წელს უფრო მრავალპარტიული პარლამენტი გვექნება, სადაც ოპოზიციური სპექტრი მცირე დოზით იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობას კი კვლავ "ქართული ოცნება" მოიპოვებს. მცირე ცვლილებები ოპოზიციურ ფლანგზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გადაჯგუფება კიდევ უფრო გააქტიურდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნება" მთავარი კონკურენტის გარეშე / "ოპოზიციურ ფლანგზე უახლოეს თვეებში სიახლეებს უნდა ველოდოთ".
"ცვლილებებია "თავისუფალ დემოკრატებში", რომელიც ჯერ დავით ზალკალიანმა არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამო დატოვა, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ პარტიას თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილეც გამოეყო. ამასთან, გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანში "თავისუფალი დემოკრატების" პარტია აღარ არსებობს. ქუთაისში, "ქართული ოცნების" ოფისში, ვანის საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, რომან თვალაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პარტია რამდენიმე დღის წინ ყველა წევრმა დატოვა. მისი განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურ გზას ემიჯნებიან, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება. რომან თვალაბეიშვილის განცხადებით, საკრებულოს წევრები, რომლებიც "თავისუფალ დემოკრატებს" წარმოადგენდნენ, ჯერჯერობით დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლიძის წასვლის შესახებაც, თუმცა პარტიაში ეს არ დაადასტურეს. ამასთანავე, ასპარეზზე "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული სახეებიც გამოჩნდნენ. ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და სხვებმა გუშინ ახალი პოლიტიკური ცენტრის პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც "გირჩი" ეწოდა. ქუთაისში მათ რეგიონული ოფისიც გახსნეს, რომელსაც თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"მოგეხსენებათ, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინულ საიტზე აქტიურად ქვეყნდებოდა როგორც ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები, ისე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და ყოფილი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. თითოეული მათგანის გავრცელება საზოგადოებაში აჟიოტაჟის მიზეზი ხდებოდა. ამ ყველაფერმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იმდენად დიდი აღშფოთება გამოიწვია, რომ როგორც დედაქალაქში, ისე რაიონებში გახშირდა "ნაცმოძრაობის" ოფისებზე თავდასხმისა და ხმაურიანი აქციების, შეხლა-შემოხლის ფაქტები. შესაბამისად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა პარტიის რეიტინგი საგრძნობლად დაწია და არჩევნებამდე დაკარგული ხმების დაბრუნება გაუჭირდებათ. საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ "ნაცმოძრაობის" რეიტინგი ჩანაწერების გავრცელებამდე საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა მათი აქტიურობისა და საკმაო დაფინანსების გამო ეს ნაკლებად შეიმჩნეოდა. რეალურად კი, გამზარდიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აქციებზე საკმაოდ ცოტა მხარდამჭერი მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ დაანონსება ერთი თვით ადრე დაიწყო, "რუსთავი 2"-იც აქტიურად იყო ჩართული და ორგანიზებას მთელი საქართველოს მასშტაბით უწევდნენ", - განაგრძობს გამოცემა.
"რუსთავის 2"-ის მხარდამჭერ აქციებზე კი, მისი თქმით, კიდევ უფრო ცოტა ხალხი მივიდა და რეალურად, ამ პროცესმა აჩვენა, რომ "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი მეტისმეტად შემცირებულია. "მათი დღევანდელი მხარდამჭერები ძირითადად აქტივისტები, დაინტერესებული პირები და აგრესიული რადიკალები არიან. ამიტომაც, ვეჭვობ, რომ ჩანაწერების გავრცელებას ამ ადამიანებში განსაკუთრებული ძვრა მოეხდინა", - ამბობს გამზარდია. მისი აზრით, "ნაცმოძრაობა" მთავარი ოპოზიციური პარტია არც არასდროს ყოფილა და ახლა მით უმეტეს აღარ არის. ეს სტატუსი, სპეციალისტის თქმით, პარტიამ ხელოვნურად შეიქმნა. რუალურად კი, იგი, სხვა ოპოზიციური პარტიებისაგან მხოლოდ აქტიურობითა და დაფინანსებით განსხვავდება. სწორედ ამიტომ გამზარდია 2016 წლის არჩევნებში სხვა პარტიებისაგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება", - დასძენს გამოცემა.
"საკმაოდ წინ წაიწია "პატრიოტთა ალიანსმა", რომელმაც ყველაზე მეტი კონკურენტუნარიანობა გამოიჩინა. ვფიქრობ, მომავალ შემოდგომაზე ძირითადი ბრძოლა "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არც იქნება. თუმცა, ეს "ქართულ ოცნებას" საქმეს გაურთულებს, რადგან "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლაში მას ბევრად მეტი შანსი ექნებოდა. "როგორც კვლევები ცხადყოფს, ამომრჩევლის დიდი ნაწილი სიმპათიით არავის მიმართ არაა განწყობილი, მაგრამ "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არჩევანს მაინც "ოცნებაზე" შეაჩერებენ. თუმცა, ვის ექნება მეტი შანსი 2016-ში, ეს გასარკვევია, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე უახლოეს თვეებში სიახლეებსაც უნდა ველოდოთ", - ამბობს გამზარდია. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩევნებამდე ოპოზიციურმა ფლანგმა სერიოზული ცვლილებები არ განიცადა და არჩევნებამდე დაახლოებით იმავე კონფიგურაციით მივედით, რაც დღეს გვაქვს, გამზარდია ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" სერიოზული კონკურენტის გარეშე დარჩება. დღეს რომ არჩევნები იყოს, მისი აზრით, პარლამენტში შესვლის შანსი უფრო მეტ პარტიას ექნებოდა, ოღონდ მცირე წარმომადგენლობით", - წერს სტატიის ავტორი.
"მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისადმი საზოგადოებას ძალიან ბევრი შენიშვნა და პრეტენზია აქვს, იგი მაინც შედარებას აკეთებს - თუ რა არის და რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ბევრი ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ იმიტომ მაინც უნდა მისცე ხმა, რომ ისინი მკვლელები არ არიან და სისასტიკეს არ სჩადიან. ამან აჩვენა, რომ "ნაცმოძრაობის" ცოდვებმა მათი გაკეთებული ყველა საქმე გადაწონა და სოციალური მდგომარეობის გართულებაც კი შესაძლოა, მოსახლეობისათვის უსაფრთხოებასთან შედარებით, მეორეხარისხოვანი აღმოჩნდეს. თუკი საზოგადოებას ასეთი არჩევანი ექნება, მაშინ შესაძლოა, მან მოქმედი ხელისუფლების მიმართ, როგორც უსაფრთხო მთავრობისადმი, ისევ დიდი მხარდაჭერა გამოხატოს, სხვა პარტიებიდან პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა ექნებათ "ნაციონალური მოძრაობსა" და "პატრიოტთა ალიანსი", რომელსაც სავარაუდოდ, "ნაცმოძრაობაზე" მეტი წარმომადგენლის შეყვანის შანსი ექნება. ასევე შეიძლება "თავისუფალი დემოკრატებიც" ვიხილოთ პარლამენტში, თუმცა, ეს პარტია ამჟამად ისე არაეფექტურად ჩანს, რომ მომავალ პარლამენტში მოხვედრის ნაკლები შანსი აქვს. ასე რომ, დღეს რომ არჩევნები იყოს, ვფიქრობ, უფრო მრავალპარტიული პარლამენტი გვექნებოდა, თუმცა ოპოზიცია პატარ-პატარა წარმომადგენლობებით და "ოცნება" კი უმრავლესობით", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას არჩილ გამზარდია.
"რა თქმა უნდა, ჩანაწერები ამომრჩეველზე გავლენას ახდენს, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები ფაქტობრივად რაღაც სექტასავით ჩამოყალიბდნენ და დანარჩენი საზოგადოებისაგან თითქოს თვითიზოლაცია მოახდინეს. ასე რომ, ეს ჩანაწერები საზოგადოებაზე უფრო ახდენს გავლენას, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებზე. რაც შეეხება იმას, ინარჩუნებს თუ არა ყველაზე მთავარი და გავლენიანი პარტიის იმიჯს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ეს ასეა. მიუხედავად იმისა, რომ მან სექტის ფორმა მიიღო, ეს სექტა საკმაოდ მრავალრიცხოვანი, შეკრული და სტრუქტურირებულია. ჩანაწერებშიც ხომ არის საუბარი, თუ ვინ რამდენი კაცი უნდა მიიყვანოს. ასე რომ, ეს საკმაოდ გამართული სტრუქტურაა, რომელიც დღეს და გუშინ არ შექმნილა. ასეთი ძლიერი სტრუქტურა არც ერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არ აქვს. თანაც, როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობას" დასავლეთიდანაც საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა აქვს გამოქვეყნებული ჩანაწერების მიუხედავად", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.
"მისივე აზრით, არჩევნებამდე ჩანაწერების გამოქვეყნება განახლდება და მომავალი არჩევნები ისევ კომპრომატული იქნება. კითხვაზე, კიდევ რომელ ოპოზიციურ პარტიას აქვს არჩევნებში წარმატების მოპოვების შანსი, ძაბირაძე გვპასუხობს, რომ "თავისუფალი დემოკრატები" და "პატრიოტთა ალიანსი" ძალებს უფრო იკრებენ - მიუხედავად იმისა, რომ ახალბედები არიან და დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიებად ახლა ყალიბდებიან, ვფიქრობ, რომ შანსი მათაც აქვთ, მით უმეტეს, "პატრიოტთა ალიანსს". თუმცა, არ მგონია, რომელიმემ "ნაცმოძრაობას" გადაუსწროს, ან უკეთესი სტრუქტურა შექმნას. სხვათა შორის, ბურჯანაძესაც ექნებოდა შანსი, შემდგომი ზრდის რესურსი რომ გააჩნდეს", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ კოალიციის შექმნაზე უნდა იფიქროს, სხვაგვარად მას მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა გაუჭირდება", - დასძენს სტატიის ავტორი.
"გირჩი" - სჭირდება თუ არა წინასაარჩევნოდ ქვეყანას ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა?
"ქუთაისში "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" რეგიონული ოფისი გაიხსნა. რეგიონულ წარმომადგენლობას თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს. "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ხელმძღვანელებმა მედიას ცენტრის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს - "პარტიის მიზანია, შექმნას ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრი, მოიზიდოს და პოლიტიკურ პროცესში ჩართოს პროფესიონალები. ახალი პოლიტიკური ცენტრი გთავაზობთ: აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას; ღია და თავისუფალ საპარლამენტო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც არ დაგხვდებათ წინასწარ ჩამოწერილი ხალხი; სიაში მოხვედრის გასაგებ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს - რაც არასოდეს ჰქონია საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას", - განაცხადეს ცენტრის ხელმძღვანელებმა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან. პარტიის ერთ-ერთი წევრის გოგა ხაჩიძის თქმით, პოლიტიკური ცენტრის სახელი შეირჩა პარტიის წევრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, როგორც თავად განმარტავს, გირჩი ასოცირდება სიახლესთან, მარადმწვანესთან. ის არის განახლების სიმბოლო. გარდა ამისა, გირჩი ყველგან არის - ქალაქშიც და სოფელშიც” - წერს გაზეთი"რეზონანსი” სტატიაში სათაურით სჭირდება თუ არა წინასაარჩევნოდ ქვეყანას ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა?
"ახალი პარტიები სჭირდება თუ არა ქვეყანას, ამას მე ვერ ვიტყვი, უბრალოდ ახალი პარტიები ძველი სახეებით რამდენად სანდოა მოსახლეობისთვის, არ ვიცი, რამე ახალს და განსხვავებულს ამაში მე ვერ ვხედავ. ძველ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა უკვე დაამტკიცეს, რისი გამკეთებლები არიან და ახალი სახელის დარქმევით რამდენად მოიპოვებენ ხალხის ნდობას, არ ვიცი, ამაში ეჭვი მეპარება", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირმა სოხაძე მომღერალი
"როგორ გითხრათ, უნდათ და გააკეთეს. ჯანსუღმა ერთხელ იხუმრა - ერთი პარტია უნდა გავაკეთო "ვიჩეპე" უნდა დავარქვაო, როცა ვკითხე, რას ნიშნავდა, მითხრა, "ვაი, ჩვენს პატრონსო". რომ გითხრათ, მაღიზიანებს-მეთქი, ასე არ არის. ეს მათი უფლებაა. ისე, მგონი, "ნაციონალები" უფრო გაღიზიანებულები უნდა იყვნენ, ხაჩიძემ ისეთი კომენტარი გააკეთა. ბოლო დროს რომ ვაკვირდები მოვლენებს, მართლა ვფიქრობ, რომ "ვაი, ჩვენს პატრონს", - აცხადებს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
"ჩემი აზრით, ახალი პოლიტიკური პარტია ნამდვილად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არა ძველი სახეებით, რადგან ის არ გამოადგება ჩვენს ქვეყანას. ახალი პარტია უნდა იყოს ახალი ადამიანებითა და იდეებით წარმოდგენილი", - თვლის ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე
"მე მგონია, რომ პოლიტიკური სივრცე გაჯერებულია პოლიტიკური პარტიებით, თუმცა მე, რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ იმ პარტიებს, რომლებიც აღიარებენ დასავლურ იდეებს და ემიჯნებიან რუსულ გზას", - დასძენს ორგანიზაციის "საქართველო არ იყიდება" ხელმძღვანელი გიგა ნასარიძე