მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უნარ-ჩვევების ცენტრში საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჩვენებელი ტრენინგი გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ტრენინგის ფარგლებში თსსუ-ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის ინსტრუქტორებმა მოსწავლეებს განუმარტეს, რა სახის სისხლდენები და მოტეხილობები არსებობს და რა გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს თითოეულ შემთხვევაში. ინსტრუქტორების დახმარებით მოსწავლეებმა შეისწავლეს გულის არაპირდაპირი მასაჟის და ხელოვნური სუთქვის (ვენტილაციის) ჩატარების ტექნიკა.
ტრენინგის შემდგომ სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ბიოლოგიის მუზეუმები.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად დარეგისტრირების გარეშე, რაც სავალდებულო იყო მოსწავლეთა დიდი ნაკადის 10–კაციან ჯგუფებში გადასანაწილებლად, ტრენინგზე ერთდროულად მომსვლელთა რაოდენობამ რამდენიმე ასეულს გადააჭარბა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასეთი დაინტერესებისა და აქტივობის გათვალისწინებით, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესწავლის მიზნით, უახლოეს მომავალში კვლავაც გეგმავს ღია კარის დღის გამართვას სკოლის მოსწავლეებისთვის.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ასევე ჩატარდა იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საჯარო ლექციები თემებზე: "ფარმაცია საქართველოში, განვითარების მოკლე მიმოხილვა"; "ფარმაცევტული პროდუქტის (პრეპარატის) შექმნის ეტაპები".
საშუალო სკოლის მოსწავლეები საჯარო ლექციებსაც დაესწრნენ და ფარმაციის დარგის მიმართ დიდი ინტერესი გამოავლინეს.