აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე თსუ-ში "წლის პირველ საჯარო ლექციას" წაიკითხავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, "წლის პირველი საჯარო ლექციის" ფარგლებში, თსუ-ს ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას "რამ გადაგვარჩინა?". ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, "წლის პირველი საჯარო ლექციის" ჩატარების წესის თანახმად, თსუ-ში საჯარო ლექციის გამართვის უფლება ენიჭება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს - მოქმედ აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტის ემერიტუსს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენელს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, საჯარო ლექცია ყოველწლიურად 12 თებერვალს ტარდება.
"1918 წელს, სწორედ 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პირველი ლექცია "ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში" (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში). "წლის პირველი საჯარო ლექციის" ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია "ჩვენი სახელმწიფო" 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა", - განაცხადეს უნივერსიტეტში.
ღონისძიების დასასრულს, თსუ-ს ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე "წლის პირველი საჯარო ლექციის" ჩატარებისთვის სიგელით დაჯილდოვდება.
საჯარო ლექციის მონაწილეებს დაურიგდებათ თსუ-ს გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი კრებული "პირველი ლექცია", რომელშიც ივანე ჯავახიშვილის და დავით უსუფაშვილის ლექციების ბეჭდური ვერსიაა შესული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"