მოგების გადასახადის რეფორმა და მოსალოდნელი შედეგები

მოგების გადასახადის რეფორმა საქართველოში, რომელიც ე.წ. ,,ესტონური მოდელის" სახელითაა ცნობილი, თავის თავში გულისხმობს საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ კუთხით, რომ დაბეგვრისგან გათავისუფლდება მოგების ის ნაწილი, რომელსაც საწარმო არ გაანაწილებს დივიდენდებად, გამოიყენებს რეინვესტირებისათვის და ჩააბრუნებს ეკონომიკაში. აღნიშნული მოდელის მიზანს წარმოადგენს ეკონომიკისა და ბიზნეს აქტივობის სტიმულირება, შიდა და უცხოური ინვესტიციების წახალისება და შესაბამისად ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ხელშეწყობა.

ასეთი მიდგომა არახალია. ეკონომიკურ თეორიაში არსებობს კონცეფცია, რომელიც ლეფერის ეფექტითაა ცნობილი და, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება საწყის ეტაპზე მართალია იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების კლებას, მაგრამ იგი ძლიერ სტიმულს ანიჭებს ბიზნეს აქტივობას, დასაქმებას, დაგროვებას, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, შესაბამისად ფართოვდება დასაბეგრი ბაზა და საბოლო ჯამში, გარკვეული პერიოდის შემდეგ სახელმწიფოს მეტი გადასახადი შემოსდის.

რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს მოგების გადასახადის მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმა საქართველოში? რას მოუტანს იგი სახელმწიფოს, საზოგადოებას და ბიზნესს მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში?

მოდით ერთად გავაანალიზოთ.

2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობებში საგადასახადო შემოსავლებს წამყვანი როლი აკისრია. საგადასახადო შემოსავლების 45 % მოდის დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ), 27% - საშემოსავლო გადასახადზე, 13% - მოგების გადასახადზე. ეს უკანასკნელი თანხობრივად 1.0 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

ძნელია ზუსტად განვსაზღვროთ, თუ საწარმოები მოგების რა ნაწილს, რა ოდენობას მიმართავენ რეინვესტირებისათვის. ესტონეთის შემთხვევაში პირველ წელს ეს იყო დაახლოებით 50%, და მოდით, ჩვენც იგივე დაშვება გავაკეთოთ. შედეგად მივიღებთ, რომ თუ საწარმოები მოგების 50% ჩააბრუნებენ ეკონომიკაში, რაც გათავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან, ყველა სხვა თანაბარ პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს მოგების გადასახადის სახით დააკლდება დაახლოებით 500 მლნ. ლარი. სავარაუდოდ გარკვეულ კლებას ადგილი ექნება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაშიც.

ანუ მთავრობა (სახელმწიფო), აძლევს რა საწარმოებს არჩევანს განახორციელონ რეინვესტირება და არ გადაიხადონ მოგების გადასახადი, შეგნებულად მიდის შემოსავლების შემცირებაზე, იმ იმედით, რომ მოხდება ბიზნეს აქტივობის სტიმულირება, ეკონომიკის ზრდა, რამდენიმე წლის მერე გაიზრდება დასაბეგრი ბაზა და ნაკლები გადასახადებით შესაძლებელი იქნება მეტი საბიუჯეტო შემოსავლების მიღება.

მაგრამ რა უნდა ქნას სახელმწიფომ მანამდე, სანამ საბიუჯეტო შემოსავლები დაიწყებს ზრდას და თუნდაც, მიაღწევს რეფორმამდელ შედეგს?

თეორიულად არსებობს ოთხი გზა:

1. მოგების გადასახადის სახით მიუღებელი თანხების საკომპენსაციოდ გაიზარდოს სხვა გადასახადები. დღგ-ს განაკვეთის გაზრდა დღეს არსებული 18%-დან 19%-მდე ან საშემოსავლო გადასახადის გაზრდა 20%-დან 21%-მდე მისცემს ბიუჯეტს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად აინაზღაუროს მოგების გადასახადის კლებით გამოწვეული დანაკარგები. თუმცა, ეს გზა დაკავშირებულია რიგ წინააღმდეგობებთან და პრობლემებთან. კერძოდ, ერთი მხრივ მოგების გადასახადისგან განთავისუფლება და მეორე მხრივ, სხვა გადასახადების ზრდა გარკვეულად გაანეიტრალებს რეფორმის იმ მიზანს, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ტვირთის შემცირებასთან. ამასთანავე, გადასახადების გაზრდა, თანახმად ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" კანონისა, რეფერენდუმის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ სამი წლის ვადით. ასევე, დღგ-ს განაკვეთის გაზრდა გამოიწვევს ფასების და ინფლაციის ზრდას. მთლიანობაში აღნიშნული გზა არ იქნება მომგებიანი, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით და ნაკლებად სავარაუდოა ხელისუფლებამ ის აირჩიოს;

2. მიუღებელი თანხის საკომპენსაციოდ აიღოს დამატებითი ვალი. ეს, ერთი მხრივ, გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების ზრდას (ვალის მომსახურეობის ნაწილში), მეორე მხრივ, კი ტვირთად დააწვება გრძელვადიან მაკროეკონომიკურ მდგრადობას და სტაბილურობას. აღნიშნული გზაც არასასურველი და ნაკლებად სავარაუდოა;

3. დამატებითი საგადასახადო შემოსავლების მიღება ადმინისტრირების გაძლიერებით. საქართველოში საგადასახადო ადმინისტრირება ისედაც საკმაოდ მაღალ დონეზეა, ამ მიმართულებით 500 მლნ. ლარის რეზერვს ჩვენ ვერ ვხედავთ;

4. და რჩება ერთადერთი გზა - საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, რომელსაც ჩვენის აზრით ალტერნატივა არ გააჩნია.

აღნიშნულის გარდა მოგების გადასახადის რეფორმას ექნება სხვა პირდაპირი და ირიბი გავლენაც ეკონომიკაზე.

უახლოესი 1-2 წლის ჭრილში სავარაუდოდ:

• უარყოფითად იმოქმედებს მოხმარებაზე და გამოიწვევს მოხმარების მცირედით შემცირებას.

• უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე და გამოიწვევს მშპ-ს ზრდის ტემპების მცირედით შემცირებას.

• უარყოფითად იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთებზე და გამოიწვევს მათ მცირედით ზრდას.

• დადებითად იმოქმედებს ინფლაციაზე და ხელს შეუწყობს ფასების ზრდის ტემპის შემცირებას.

• დადებითად იმოქმედებს საგადამხდელო ბალანსზე და ლარის კურსზე.

რეფორმის ამოქმედებიდან 2-3 წლის შემდეგ სავარაუდოდ:

• დადებითად იმოქმედებს საზოგადოების შემოსავლებზე და გაიზრდება მოხმარება.

• დადებითად იმოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე და ხელს შეუწყობს მშპ-ს ზრდას დაახლოებით 1.5-2%-ით.

• დადებითად იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთებზე და ხელს შეუწყობს მათ დაახლოებით 1%-ული პუნქტით შემცირებას.

• დადებითად იმოქმედებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე.

აღნიშნული ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედების გათვალისწინებით და ყველა სხვა თანაბარი პირობების დაშვებით, სახელმწიფო ბიუჯეტი პირველ წელს სავარაუდოდ დაკარგავს დაახლოებით 550 მლნ. ლარს, მეორე წელს - დაახლოებით 350 მლნ ლარს, მესამე წელს - დაახლოებით 150 მლნ ლარს. ჩვენი გათვლებით, მეოთხე წლიდან ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით აკუმულირებელი შემოსავლები გადააჭარბებს რეფორმამდელ მაჩვენებელს და გვექნება საგრძნობი და მნიშვნელოვანი ზრდა (კიდევ უკეთესი შედეგის მიღებას სავარაუდოდ ხელს შეუწყობს "ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების (DCFTA) შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება).

მხედველობაშია მისაღები, რომ მოგების გადასახადის რეფორმის არსებული პროექტის შესაბამისად ის ძალაში უნდა შევიდეს 2016 წლის 1 ივლისიდან. მოგების გადასახადის გადახდის სავადოა საანგარიშგებო წლის მომდევნო 1 აპრილი, ანუ საწარმოები 2015 წლის დეკლარირებულ მოგების გადასახადს გადაიხდიან საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლამდე. ასევე, მიმდინარე წლის 15 მაისამდე გადაიხდიან მოგების გადასახადის საავანსო გადასახდელს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საჭირო იქნება 2016 წლის ბიუჯეტის დაახლოებით 300 მლნ. ლარით შეკვეცა. ჩვენი აზრით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პირველ რიგში, უნდა შემცირდეს სუბსიდიები, ადმინისტრაციული და სხვა არამწარმოებლური ხარჯები.

ლევან ქისტაური

ეკონომიკის დოქტორი,

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის პრეზიდენტი