დაღუპული სამხედროების შვილებს სადღესასწაულო ცენტრში უმასპინძლეს

ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრმა 2008 წელს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების შვილებს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასართობ ცენტრში ანიმატორებმა ბავშვებს მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს: სპორტული და სახალისო თამაშები, კარაოკე, X–BOX ცეკვები, შეხვედრა ზღაპრების და მულტფილმების გმირებთან.
სპორტულ შეჯიბრებებში პატარებთან ერთად ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&FP;) მონაწილე მე-12 ბატალიონის "ალფა" და "ჩარლი" ასეულების სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთნენ.
სტუმრებისთვის სპეციალური მუსიკალური პროგრამა მოამზადეს M-STUDIO-ს აღსაზრდელებმა და სტუდიის ხელმძღვანელმა მანჩო ჯადუღიშვილმა.
2008 წელს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების შვილები წიგნის მაღაზიათა ქსელ "ლიბრას" დირექტორმა ვერიკო ჭელიძემ წიგნებით და "ლიბრას" ფასდაკლების ბარათებით დაასაჩუქრა. სადღესასწაულო ცენტრის დამფუძნებელმა თამარ მექერიშვილმა კი, მათ თავდაცვის სამინისტროს და "მინიონების" ერთობლივი, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
პატარებისთვის მომზადებული მრავალფეროვანი პროგრამა ოთხ საათს გაგრძელდა. ღონისძიების დასასრულს, სადღესასწაულო ცენტრი სტუმრებს სადღესასწაულო ტორტით და ლანჩით გაუმასპინძლდა.


























