"თიბისი გალერეა" კონსტანტინე მინდაძის ნამუშევრების პეროსნალურ გამოფენას მასპინძლობს

"თიბისი გალერეა" მულტიმედია არტისტის, კონსტანტინე მინდაძის პროექტს, "სიცოცხლის ფორმები-დევიაცია" (მეორე ნაწილი) მასპინძლობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკიდან" აცნობეს, ექსპოზიცია "სიცოცხლის ფორმები - წონასწორობების" გაგრძელებას წარმოადგენს და მასზე ავტორი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

გამოფენის იდეა არტისტს თავისთავად, დაუგეგმავად გაუჩნდა, მას შემდეგ რაც ბავშვობის მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა გამოფენა ტრაგიკულ შემთხვევაზე არა არის, ის სუიციდის, როგორც "ამოუხსნელი ფაქტის" ახსნის მცდელობას წარმოადგენს.

არტ-ობიექტების შექმნისას არტისტის ინსპირაციის წყარო ალბერ კამიუს, ფრანც კაფკას, ონორე დე ბალზაკის, თეოდორ დოსტოევსკის, დევიდ ჰიუმის, კარლ იასპერსის და შორენ კირკერგარდის შემოქმედება გახდა.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი გიგი ფალავანდიშვილის თანარეჟისორობით შექმნილი ფილმსაც იხილავს, სადაც კონსტანტინე მინდაძის მიერ ბოლო 15 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტებიდან ამონარიდები იყო ნაჩვენები.

კონსტანტინე მინდაძე მულტიდისციპლინარული ვიზუალ-არტისტია, რომელიც ცნობილი ჰოლანდიური არტ -საზოგადოების "Arti et Amicitiae" წევრია. იგი არაერთი საერთაშორისო ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია, როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და აშშ-ში. კონსტანტინე მინდაძის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კორპორაციულ და კერძო კოლექციებში. ბოლო წლების განმავლობაში ავტორის ინსტალაციები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

"სიცოცხლის ფორმები - დევიაცია" დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 9 აპრილამდე ელოდება.

InterPressNews.Ge

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება