გია ხუხაშვილი - “ძალოვანი სისტემა კრიმინალიზებულია”
რა განიხილეს საქართველო-ევროკომისიის შეხვედრაზე
ზურაბ სიხარულიძე - “გვემუქრება ნარკოპოლიტიკის სრული კრახი”
მოსალოდნელი იძულებითი მობილიზაცია - რუსეთში მდგომარეობა თანდათან უარესდება
ვიქტორ ყიფიანი - საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი შეეგუა არსებულ პოლიტიკურ წესრიგს
* * *
გია ხუხაშვილი - “ძალოვანი სისტემა კრიმინალიზებულია”
“ნაცმოძრაობაში” დამყარებულია ავტორიტარული, პარტიული მმართველობა. იგივე პროცესებია “ოცნებაში”. ბიძინას და მიშას მმართველობის სტილი აბსოლუტურად ანალოგიურია. განსხვავება იმაშია, რომ ავტორიტარიზმი მიშას, გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ პარტიაში აქვს დამკვიდრებული, ბიძინას კი - პარტიასა და მთელ სახელმწიფოშიც, თორემ მენტალობით, ისინი სიამის ტყუპივით ჰგვანან ერთმანეთს. “ნაცმოძრაობა" ამომრჩევლის ცნობიერებაში უფრო წარსულს უკავშირდება, ვიდრე მომავალს, ხოლო “ ოცნება” აწმყოს. შესაბამისად, ადამიანს შეიძლება არ მოსწონს აწმყო, მაგრამ არც იმაზეა თანახმა, რომ წარსულში დაბრუნდეს, საზოგადოებას სჭირდება მომავლის არჩევანი, ეს არჩევანი კი სრულიად ახალ ლიდერებს უკავშირდება. ისინი ჯერ არ ჩანან”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით გამოჩნდებიან თუ არა ახალი ძალები ქართულ პოლიტიკაში?!
“ბუნებრივია, ეს ახალი ძალა ვერ იქნება “ნაცმოძრაობა”, მიუხედავად იმისა, რომ მას სტაბილური, თუმცა საგრძნობლად შემცირებული მხარდაჭერა აქვს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წინა არჩევნებზე ამ პარტიის მხარდამჭერები ორად გაიყვნენ და სერიოზული ნაწილის მიგრაცია ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან მოხდა. დღეს ერთადერთი, რაც ამ პარტიამ შეიძლება გააკეთოს, რომ როგორმე შეაჩეროს დეგრადაცია და შეინარჩუნოს ის, რაც ჯერ კიდევ აქვს, ხოლო იმის იმედი, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გაზრდიან, რა რეორგანიზაციებიც არ უნდა ჩაატარონ, მე ნამდვილად არა მაქვს. მეტსაც გეტყვით, მიშას მხარდამჭერი იმაზე მეტიც ჰყავს, ვიდრე ბიძინას, რომლის ირგვლივ ძირითადად მაინც მედროვეების დაჯგუფებებია შემოკრებილი. მიშას ჰყავს ფანატიკური მომხრეები და ამ თვალსაზრისით მიშა ნამდვილად სჯობნის ბიძინას. თუმცა ეს საარჩევნო რაოდენობა მაინც არ არის გადამწყვეტი და კრიტიკული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“მართალია, ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან, მაგრამ ის მაინც არ არის ის კრიტიკული მასა, რომელსაც საარჩევნოდ რაღაცის შეცვლა დამოუკიდებლად შეუძლია. რაც შეეხება “ოცნებას”, ცხადია, ეხმარება ადმინისტრაციული, ფინანსური და ორგანიზაციული რესურსები და ამაში უპირატესობა აშკარად მმართველი გუნდის მხარესაა, რაც ბუნებრივიცაა. ამ ყველაფრის და უალტერნატივობის გამო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს. “ოცნება” დღეს ფაქტობრივად სწორედ უალტერნატივობაზე დგას - თავად ბიძინაც დიდი ხანია აღარ ამბობს, რომ თვითონ არის კარგი ბიჭი. ბიძინა პირდაპირ ამბობს - მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ესენი საერთოდ ვინ არიანო. სამწუხაროდ, აი, ეს სკეპტიკური, ნიჰილისტური დამოკიდებულება მყარად არის დანერგილი საზოგადოებაში და ამას დიდწილად თავად ოპოზიციაც უწყობს ხელს. დღეს ბიძინას ძალაუფლება სწორედ ოპოზიციის სისუსტეზე დგას და სხვა ფაქტორი არ არსებობს, რაც არსებულ სისტემას სტაბილურობას შეუნარჩუნებდა”, - ამბობს რესპონდენტი.
“არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ქართული ოცნება”, არ არის პარტია კლასიკური გაგებით. ესენი ერთგვარი ტოტალიტარული სექტებია, სადაც ყველაფერი რაღაც რელიგიურ პრინციპებსა და დოგმებზეა დამყარებული. რაც მთავარია, ეს სისტემა მონოთეისტურია - არსებობს ერთი ღმერთი, ხოლო დანარჩენი ყველა მრევლია. ჰოდა, მრევლში ვიღაცას რომ გაუჭირდება, რა უნდა ქნას? როცა გიჭირს და პრობლემა გაქვს, ხომ უნდა ილოცო? ისინიც ლოცვას აღავლენენ ხოლმე. როდესაც ვიღაცას უჭირს, მაშინვე ლოცვას აღავლენს ხოლმე და... ახლა ღმერთი, როგორც ჩანს, გაბრაზებულია და ესენიც ლოცულობენ. სწორედ ამ ოდებსა და პანეგირიკებს ვისმენდით ამ დღეებში. ეტყობა, უჭირს კობახიძეს და ლოცვები აღავლინა, რომ იქნებ ღმერთმა აპატიოს და რაღაც შეუნდოს...” - განაგრძობს ექსპერტი.
“სისტემურად ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება ილუზიაა. დალაგება რას ჰქვია? ჩვენი ხელისუფლება ითხოვს, კაცო, მოდი, ჩვენ რაღაცა ბიზნესი გავაკეთოთ ერთად და შენი საქმე არ არის, მე აქ დემოკრატია მექნება თუ რა მექნებაო. ამ ტიპის ურთიერთობაც აქვს შეერთებულ შტატებს, თუნდაც არაბულ სამყაროსთან, ჩვენს რეგიონშიც ბევრ ქვეყანასთან, კონკრეტულ პროექტებზე მუშაობენ და მეტი არაფერი ხდება. შესაბამისად, ურთიერთობის დალაგება რასაც ჰქვია, მე ეს გამორიცხული მგონია... ხელისუფლებას ხომ ესმის, რომ დასავლეთთან გარკვეული ტიპის ურთიერთობა მაინც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. ამიტომ ყველაფერი ჩვეულებრივი იმიტაციაა, რათა მომავალში რაღაც სათქმელი ჰქონდეთ. მათ ზედმიწევნით კარგად აქვთ შესწავლილი ის ძირითადი პრეტენზიები, რომლებსაც დასავლეთი, ცივილიზებული სამყარო უყენებს ქვეყანას. შესაბამისად, იქ, სადაც ჩათვლიან, რომ მათთვის პრობლემა არ არის და რაღაცის დათმობა შეუძლიათ, ნაბიჯებს დგამენ მხოლოდ იმისთვის, რომ კრიტიკის საპასუხოდ ხელჩასაჭიდი არგუმენტი ჰქონდეთ. აი, რეალურად ეს ხდება და მეტი არაფერი”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“რაც შეეხება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს, წარმოიდგინეთ თავი ევროპელების ადგილას - რომელიღაც ქვეყნის ხელისუფლება ლანძღავდეს მათ დედაბუდიანად, ყოველდღე უწოდებდეს “გლობალური ომის პარტიას”, ახსენებდეს რაღაც “თავსმოხვეულ ძალებს” და იმავდროულად, ამ ქვეყნის მოსახლეობაც, ასე რომ ვთქვათ, ამ კურსს ეგუებოდეს ან ეთანხმებოდეს. თუ ეს ძალა ხელისუფლებაშია, ევროპელის თვალში ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობაც იზიარებს ამ რიტორიკას. აქედან გამომდინარე, ევროპაში სრულიად ლოგიკურად ჩნდება კითხვა - მე რატომ უნდა მინდოდეს ასეთი განწყობების მქონე ხალხი ჩემთან, ევროკავშირში, თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობდეს? იყვნენ მაშინ თავისთვის, რა პრობლემააო. შესაბამისად, უვიზო მიმოსვლის გაუქმების ან შეჩერების პერსპექტივა რეალურია. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად და მყისიერად მიიღებენ, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, აბსოლუტურად ლოგიკური და მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი დასავლეთმა დღის წესრიგში დააყენოს”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მედიით გავრცელდა ფირი, სადაც პოლიციელები უმოწყალოდ სცემენ დაკავებულებს...” - პასუხობს:
“სამწუხაროდ, გასაკვირი არაფერია - ჩვენი ძალოვანი სისტემა კრიმინალიზებულია. ბიძინა ივანიშვილი სისტემას კი არ ებრძოდა, სისტემა გადმოიბარა და “დახვეწა” კიდეც. ხელისუფლება ყველა კონკრეტულ შემთხვევას უტიფრად "ცალკეულს" უწოდებს. უამრავი ფაქტი დაგროვდა უკვე და ყველაფერზე გვეუბნებიან, ეს გამონაკლისიაო. ეს რომ არ გახმაურებულიყო, რეაგირებაც არ იქნებოდა. ახლა ვითომ ოთხი წლის თავზე, თებერვალში ჰქონდათ რეაგირება. ვვარაუდობ, რომ თებერვალში გაიგეს ფირის გაჟონვის ამბავი და პრევენციულად ვითომ ზომები მიიღეს - ეს გვაჩვენეს. თებერვალში არ გამოქვეყნებულა, ახლა გამოქვეყნდა. თუ გახსოვთ, 2011 წელს ხელისუფლებამ წინასწარ რომ გაიგო ციხის კადრების არსებობის შესახებ, ორი თანამშრომელი პრევენციულად დაიჭირა, რათა მერე ეთქვა, თითქოს ისინი იყვნენ დამნაშავეები და სხვა არაფერი ხდებოდა. ზუსტად იგივეა ახლაც, აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. სისტემური მანკიერება ისევ სისტემურ მანკიერებად დარჩა, ოღონდ, სამწუხაროდ, მასშტაბი გაიზარდა”.
რა განიხილეს საქართველო-ევროკომისიის შეხვედრაზე
“ევროკომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო და განხილვის მთავარი თემა ის საკითხები გახდა, რომლებმაც ევროკავშირს საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიაღებინა. საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეს იყო ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც პოზიციები გაცვალეს. საქართველოს ხელისუფლება “მოელის, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში”. “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი შეხვედრას ეხმიანება, მისი ინფორმაციით, ევროკავშირის მხარემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხში მხარეები “შორს ვერ წავიდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “პროცესის მიზანია გარემოებების გამოსწორება” - რა განიხილეს საქართველო-ევროკომისიის შეხვედრაზე.
“როგორც ვიცი, ქართულმა მხარემ თქვა, რომ ეს საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო. ევროკავშირის მხარემ კი, ჩემი ინფორმაციით, თქვა, რომ ამ საკითხში შორს ვერ წავედითო. ასე რომ, აქ ვართ. ეს არის ზუსტად იგივე, იგივე პროცესის თავიდან დაწყება... საქართველოს ხელისუფლებაში სურთ პოლიტიკური დიალოგი. მათ სურთ დიალოგის განახლება ყველა პოლიტიკურ დონეზე. ევროკავშირი ამით არ არის დაინტერესებული, რადგან ვერ ხედავენ, რა არის ამის აზრი”, - ამბობს იოზვიაკი. ევროკომისიის პრესსპიკერის მარკუს ლამერტის თქმით, 11 ივნისის შეხვედრა და ეს პროცესი მიმდინარე წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა. მისი განცხადებით, “ამ პროცესის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც შეჩერება გამოიწვია და ეს არის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში", - აღნიშნავს გამოცემა.
“ევროკომისიის პრესსპიკერის თქმით, კომისიამ ქართულ მხარეს დეტალურად გააცნო თავისი გადაწყვეტილების მიზეზები. “გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე. კომისიამ დეტალურად გააცნო თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. ქართულმა მხარემ ასევე წარმოადგინა თავისი შეხედულებები. დისკუსია ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში წარიმართა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ხელისუფლებას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ არსებით და პოტენციურ შემდეგ ნაბიჯებს”, - განაცხადა ლამერტმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა სამუშაო დონეზე, სადაც მხარეებმა პოზიციები გაცვალეს. პრემიერი ირაკლი კობახიძე კი იმედოვნებს, რომ ევრობიუროკრატიაში მიდგომები შეიცვლება”, - განაგრძობს გამოცემა.
“იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის. რეალურად სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავკეტეთ ყველა გზა შანტაჟისთვის, დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზალიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ, ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომა და ამ გზავნილით ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ენმ-ს გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი კი ამბობს, რომ ოპოზიციის ინტერესია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ შეეხოს საქართველოს მოქალაქეებს და მხოლოდ “ივანიშვილის რეჟიმი და მისი წარმომადგენლები" დაისაჯონ”, - დასძენს გამოცემა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო ახლოვდება საქართველო ჩვენი მთავარი მონაგარის დაკარგვასთან, ვგულისხმობ უვიზო მიმოსვლას. ამისთვის ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი, თუმცა ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის ყველაფერს აკეთებს ოპოზიცია. ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ არ უნდა დაისაჯოს ქართველი მოსახლეობა, არამედ უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი და მისი წარმომადგენლები, თუმცა, ალბათ, მოთმინების ფიალასაც აქვს ზღვარი”, - აღნიშნა ფავლენიშვილმა, რომლსი აზრით “ამიტომაც უნდა მოხდეს ამ სისტემის დემონტაჟი, რომ მოხდეს ამ საფრთხის თავიდან არიდებაც”, - წერს სტატიის ავტორი.
ზურაბ სიხარულიძე - “გვემუქრება ნარკოპოლიტიკის სრული კრახი”
“ზედოზირებით გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა არა მაქვს, მაგრამ ეს რიცხვი ძალიან დიდია, ვინაიდან ამაზე ბოლო დროს მშობლებიც ალაპარაკდნენ. ტრაგედიასთან გვაქვს საქმე - 18-19-23-25 წლის ახალგაზრდებს ნახულობენ გარდაცვლილებს, ვინც დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ბევრი პირადად მწერს, რომ დაეღუპა ძმა, მეუღლე, შვილი, კომენტარებსაც აღარ ერიდებიან... განგაშის ზარი დიდი ხანია შემოსაკვრელია, ყველას ჰგონია, ეს პრობლემა მას არ შეხვდება და როცა მის ოჯახს და ახლობელს შეეხება, მერე აცნობიერებენ პრობლემის სიმძიმეს... პორტუგალიაში კანონმდებლობა და ნარკოპოლიტიკა მას მერე შეიცვალა, რაც პრემიერ-მინისტრის შვილი ზედოზირებით გარდაიცვალა. როცა ნარკომანია მისი პირადი ტრაგედია გახდა, მერე დაინტერესდა კანონებით და შეცვალა კანონებიც და მიდგომაც... ნარკოტიკის წინაშე ყველა უძლურია, ვინაიდან ის ყველგან შედის, თუნდაც დაკეტილ კარში, ნარკოტიკი მიდის იქ, სადაც არის უბედურება, ბულინგი, დაპირისპირება”, - აცხადებს ექიმი-ნარკოლოგი, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ სიხარულიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ოპიოიდური ჭირი.
“ბოლო მონაცემებით, საქართველოში 56 000 ნარკომომხმარებელია, 2,2%-ია პრევალენტობა, მაგრამ ეს არის 4 წლის წინანდელი მონაცემები, მას მერე კვლევა არავის ჩაუტარებია. ვფიქრობ, ახლა 60 ათასზე ბევრად მეტი იქნება, იმიტომ, რომ ამ ტიპის ნარკოტიკები 4 წლის წინ ასე გავრცელებული არ იყო. როცა არის მოთხოვნა, იზრდება მოწოდებაც. რაც არ უნდა ამოიღო ნარკოტიკი, თუ მოთხოვნა არ შემცირდა, საშველი არ იქნება. როცა ლაპარაკია ოპიატებზე, ისინი ქმნიან მძიმე დამოკიდებულებას. ადამიანები ნებისმიერ გზას იპოვიან იმისათვის, რომ იშოვონ და მოიხმარონ... დღეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები იმდენად გავრცელებულია და იმდენად ადვილად შესაძლებელია მათი კუსტარულად დამზადება სამზარეულოში, რომ აღარ სჭირდება ბევრი ინგრედიენტი - 1 ჭიქა პრეკურსორიდან შეიძლება 3-4 კილოგრამი ან ლიტრობით ასეთი ნივთიერება დაამზადო. ასეთი ლაბორატორია ბევრია ქვეყანაში. რამდენიმე ლაბორატორია აღმოაჩინეს კიდეც და წარმოიდგინეთ, რა მასშტაბზეა ლაპარაკი, დღე არ გავა, ნარკოტიკი არ ამოიღონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ სიხარულიძე.
“საოცრებაა, რომ ახლახან ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 დაკავებულიდან 79 კაცი ჩართული ყოფილა “მეტადონის” ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში. ისიც არ ვიცით, რეალიზატორები იყვნენ თუ არა, პაციენტები დაიჭირეს, რომელთაც პროგრამიდან ჩამანაცვლებელი პრეპარატი გამოჰქონდათ თუ რა, ამას ვერ გავიგებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ 79 პაციენტი დაიჭირეს, შემზარავია. ეს ნიშნავს, რომ სისტემა აბსოლუტურად მოშლილია, აღარაფერი მუშაობს ქვეყანაში, მუშაობს მხოლოდ პოლიცია, რომელიც მომართულია მხოლოდ დაჭერა-დასჯაზე. ჩვენ ნარკოპოლიტიკა აღარ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ პოლიციური ღონისძიებები. ნარკოპოლიტიკა არა მხოლოდ მიწოდების შემცირებაა, არამედ არის მკურნალობა, პრევენცია, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტეგრაცია, კვლევები, შავი ბაზრის კვლევა, კლუბების გაკონტროლება, ნარკოტესტირება, “ნალოქსონის” დარიგება, ახალგაზრდების ინფორმირება - აი, ეს არის ნარკოპოლიტიკა, ჩვენ კი სახეზე გვაქვს მხოლოდ დავიჭირეთ-გამოვუშვით”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ესენი მხოლოდ მომხმარებლების დასჯაზე არიან გადასული. წარმოიდგინეთ, ამ 119-დან 79 კაცი იყო ჩართული ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში, რატომ დაიჭირეს მომხმარებლები, რა დააშავეს? ამდენი წელია დავნერგე და ვხელმძღვანელობ ჩანაცვლებით თერაპიას და ასეთი ფაქტი არ მახსენდება. ეს ან პროგრამის დისკრედიტაციას ემსახურება, ან ისეა მოშლილი პროგრამებში ყველაფერი, ზოგადად სერვისი, რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, ის აღარ არსებობს. ჩვენ დიდი რაოდენობით ნარკომომხმარებელი და დამოკიდებული პირი გვყავს. ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართულია მომხმარებელთა რაოდენობის დაახლოებით 15-20%, 80% კი სისტემის გარეთაა, არ იღებს არანაირ სერვისს - არც ამბულატორიული მკურნალობა არსებობს, არც რეაბილიტაცია, ჩანაცვლებითი თერაპია დახურეს. მთელ იმერეთში ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი საიტია, ერთ ადგილას 1800 კაცი დადის, დარწმუნებული ვარ, ექიმის სახელიც არ იციან. თბილისში უარესი ხდება, პაციენტები მწერენ, ისე გვექცევიან, როგორც ცხოველებსო. იმ ცენტრებში ღირსების მქონე ადამიანი არ მივა - დანგრეული შენობები, ანტისანიტარია, სრული განუკითხაობაა და ამ ცენტრების გარშემო პოლიციის 10 მანქანა მაინც დგას. შედის პაციენტი, გამოდის და იჭერენ. ფაქტია, უფსკრულისკენ მივდივართ, საქართველო ახალგაზრდების სასაკლაო გახდა”, - დაასკვნის ექიმ-ნარკოლოგი.
“ბაზარზე ამდენი ნარკოტიკი არის იმიტომ, რომ აქ მზადდება, რად უნდა ამას ბევრი ძიება - შემოდის პრეკურსორი, რომელიც ინტაქტურია, ანუ დაუმუშავებელი, აბსოლუტურად არაკონტროლირებადი ნივთიერება (შეიძლება იყოს კვებითი დანამატების სახით) და რომელსაც ნარკოტიკის დასამზადებლად იყენებენ. ეს ხომ სინთეტიკაა, მას არ სჭირდება ძნელი ტექნოლოგიები, უადვილესია მისი დამზადება. სახელმწიფო რომ გვქონდეს, ასეთი ამბავი არ იქნებოდა... დღეს ნარკომანია ნომერი პირველი პრობლემაა და ჩინეთის ექსპანსია კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას, ვინაიდან მსოფლიოში იქიდან შემოდის პრეკურსორების 80%. ჩინეთია პრეკურსორებისა და ნებისმიერი სინთეტიკური ნივთიერებების მთავარი მწარმოებელი. ჩინეთის გზის გაჭრა და მათი ინტერესების გატარება აქ უფრო მეტად გაზრდის ნარკოტიკის წარმოებას და პრეკურსორების ტრანზიტს, რომელიც სხვა ქვეყნებში გადავა იმისთვის, რომ ნარკოტიკი დამზადდეს. ასე თუ გაგრძელდა, გვემუქრება ახალგაზრდებში ძალიან მაღალი სიკვდილიანობა, ნარკოპოლიტიკის სრული კრახი”, - დასძენს ზურაბ სიხარულიძე.
მოსალოდნელი იძულებითი მობილიზაცია - რუსეთში მდგომარეობა თანდათან უარესდება
“რუსეთში საწვავის კრიზისი იწყება, ბენზინისა და დიზელის გაყიდვებზე შეზღუდვები უკვე მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც დაწესდა. უფრო რთული ვითარებაა ოკუპირებულ ყირიმში, რომელიც, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა სასურსათო კრიზისის წინაშეც აღმოჩნდეს. ფრონტზე დიდი დანაკარგების გამო ასევე მწვავედ დგას ცოცხალი ძალის შევსების პრობლემა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ახლო მომავალში იძულებით მობილიზაციასაც პროგნოზირებს. ამის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვირას თქვა, რომ რუსული არმია ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებს და უკრაინული თავდასხმები ამ ვითარებას ვერ შეცვლის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ოკუპირებული უკრაინული რეგიონების ე.წ. გუბერნატორებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საწვავის კრიზისი და მოსალოდნელი იძულებითი მობილიზაცია - რუსეთში მდგომარეობა თანდათან უარესდება.
“ჩვენი ძალები ინარჩუნებენ სტრატეგიულ უპირატესობას. ისინი თავდაჯერებულად მიიწევენ წინ და ვერცერთი ჭურვი და დრონის დარტყმა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. წინსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. მტერი ვერ ახერხებს ამ თავდასხმის შეკავებას და ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს. ისინი ურტყამენ სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტს”, - ამბობს პუტინი. საპირისპიროს ამტკიცებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, უკრაინელმა მეომრებმა რუსეთის ტერიტორიაზე “შორ მანძილზე მოქმედი სანქციების” გამოყენებაში კარგ შედეგებს მიაღწიეს. მისი ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 700 კილომეტრზე მეტ მანძილზე, რუსეთის იაროსლავის ოლქში, უსაფრთხოების სამსახურმა ნავთობის ობიექტს დაარტყეს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო აგრესორი სახელმწიფოს რეზერვებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენი არმიის მეომრებმა მიაღწიეს თავიანთ სამიზნეებს რუსეთის ტულის ოლქში - კერძოდ, აზოტის ქარხანაში, რომლის ფუნქციონირებაც კრიტიკულია ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების შესაძლებლობებისთვის. საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვები დაწესდა ექვს რუსულ აეროპორტში და საერთო ჯამში, გუშინ საღამოდან რუსეთის 28 ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. ასევე, დარტყმები განხორციელდა ოკუპანტის სამხედრო ლოჯისტიკაზე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთის ხელმძღვანელობას მოლაპარაკების ყველა შესაძლო ფორმატი შევთავაზეთ და ერთადერთი პასუხი იყო აგრესიის გაგრძელება და მისი გაფართოების მცდელობები. ლოგიკურია, რომ ომი ისევ იქ ბრუნდება, საიდანაც დაიწყო. უკრაინას მშვიდობა სჭირდება. დიდება უკრაინას!” - დაწერა ზელენსკიმ კვირას სოციალურ ქსელში”, - განაგრძობს გამოცემა.
“ვლადიმირ პუტინმა რუსეთის არმიის საშტატო შემადგენლობა 2,399 მილიონ ადამიანამდე გაზარდა. ეს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებიდან გამომდინარეობს. აქედან უშალოდ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 1,51 მილიონს შეადგენს. 12 ივნისს მან განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებაში 700 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს. უკრაინაში ომის დაწყებამდე კი რუსეთი არმიის შემადგენლობა ერთ მილიონზე ოდნავ მეტს შეადგენდა. გარდა ამისა, უფლებადამცველი პროექტის, “შკოლა პრიზივნიკას” ცნობით, სამხედრო აღრიცხვის რეესტრში უკვე მითითებელია რუსეთის მოქალაქეების რეალური საცხოვრებელი მისამართები და არა ის, სადაც არიან ჩაწერილი. “სამხედრო კომისარიატებისგან დამალვა სულ უფრო რთული ხდება”, - წერენ ადამიანის უფლებათა დამცველები. “სი-ენ-ენის” ცნობით, კრემლის საომარი სტრატეგია ნელი, დამღლელი კამპანიის შენარჩუნებაა, თუმცა, არსებობს ერთი მთავარი პრობლემა - რუსეთის აბსოლუტური რიცხობრივი უპირატესობა უკრაინაზე კლებას იწყებს”, - დასძენს გამოცემა.
“რუსეთის ეკონომიკის ექსპერტის, იანის კლუგეს თქმით, რუსეთში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2025 წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და არსებობს ნიშნები, რომ ის კვლავაც კლებას განაგრძობს. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის რუსეთისა და ევრაზიის უფროსი მკვლევარი ნაიჯელ გულდ-დევისი იმას აღნიშნავს, რომ ეს რუსეთის ისტორიაში პირველი ომია, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის უხდის ფულს და არა აიძულებს ამის გაკეთებას, რაც ეკონომიკურ სირთულეებსა და ადამიანური რესურსების პრობლემებს იწვევს. მისივე თქმით, პუტინი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება წელს კიდევ უფრო არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღოს, თუკი ომის გაგრძელება სურს. რუსეთმა უკვე გაგზავნა ათიათასობით ყოფილი პატიმარი ფრონტის ხაზზე, მიიღო შევსება ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების სამი ცალკეული ტალღისგან და წაახალისა მიგრანტები, რომ შეუერთდნენ უკრაინაში მებრძოლთა რიგებს. ამასობაში, გაწვევის ასაკის მამაკაცების გადინება გავლენას ახდენს მთელი რუსეთის ეკონომიკაზე, რომელიც ახლა უფრო მასშტაბური შრომითი კრიზისის წინაშე დგას” - წერს სტატიის ავტორი.
“პრობლემები მხოლოდ ფრონტზე გასაგზავნი ადამიანების პოვნა არ არის... უფრო დიდი პრობლემაა მუშახელის პოვნა. შრომა უფრო მწირი რესურსია, ვიდრე ფიზიკური კაპიტალი ან ფინანსები. მისი გაზრდაც უფრო რთულია. გარკვეული ძალისხმევით შეგიძლიათ ააშენოთ ახალი ქარხანა ან მოიზიდოთ თანხები. თუმცა, სახელმწიფოს არ შეუძლია შობადობის მაჩვენებლის განსაზღვრა. კრემლი მალე ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დადგება - რადიკალურად გაზარდოს მოთხოვნები რუსეთის ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართ, ან შეამციროს სამხედრო ხარჯები”, - პროგნოზირებს გულდ-დევისი. დასავლელი ანალიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ რუსეთი ფრონტისთვის მოხალისეების დაქირავების სისტემის უკვე ზღვარს უახლოვდება, რის გამოც კრემლი სულ უფრო ხშირად განიხილავს იძულებითი მობილიზაციის ახალ ტალღას. “მედუზა” და ქსენია სობჩაკის “ტელეგრამ” არხი კი წერენ, რომ თათარსტანში, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მსხვილმა ბენზინგასამართი სადგურების ქსელებმა საწვავის ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის გაყიდვების შეზღუდვა დაიწყეს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“შეზღუდვები დაწესდა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 12 ივნისს, როცა რუსეთში სახელმწიფო დღესასწაული “რუსეთის დღე” აღინიშნება, თათარსტანში, ქალაქ ნიჟნეკამსკში კომპანიების “ტანეკოსა” და “ტაიფ-ნკ”-ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე წარმატებული დარტყმის შესახებ განაცხადეს. დღეის მდგომარეობით, თათარსტანის ავტოგასამართ სადგურებზე ერთ მომხმარებელს ერთ ჯერზე მხოლოდ 20 ლიტრი ბენზინის, ან 40 ლიტრი დიზელის საწვავის შეძენა შეუძლია. 12 ივნისიდან საწვავზე შეზღუდვები ამოქმედდა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, თუმცა, იქ გასაცემი ლიმიტი სხვადასხვაა. მაგალითად, “ტატნეფტის” ბენზინგასამართ სადგურებზე გაიცემა 20 ლიტრი ნებზინი ან 40 ლიტრი დიზელი, “როსნეფტის” ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის და დიზელის ლიმიტი ერთნაირია - 90 ლიტრი ერთ მომხმარებელზე, “ლუკოილი” კი ერთ მომხმარებელზე არაუმეტეს 100 ლიტრი ბენზინს ან დიზელის საწვავს ყიდის...” - დასძენს სტატიის ავტორი.
ვიქტორ ყიფიანი - საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი შეეგუა არსებულ პოლიტიკურ წესრიგს
“ხელისუფლების პოლიტიკური ხაზი, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაციას გულისხმობს, უცვლელი რჩება და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ხაზი საზოგადოების ნაწილში იოლად იყიდება. ამას ემატება ოპოზიციურ სპექტრში არსებული პროცესები, რომლებიც ხელისუფლების ნარატივებს კვებავს. მაგალითად, “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე მოვლენები შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტს აჩვენებს. ეს მათი შიდა საქმეა, მაგრამ შიდა ქაოსი საბოლოოდ მთლიან ოპოზიციურ სპექტრს აზიანებს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ ხშირად იდეებზე დაფუძნებული გაერთიანებების ნაცვლად ლიდერების ირგვლივ კონცენტრირებული პოლიტიკური ჯგუფები ყალიბდება... ამასთან, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს, დიალოგის სივრცე შეზღუდულია, ასეთ გარემოში პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი განვითარება რთულდება”, - აცხადებს “ჯერ საქართველოს” ლიდერი ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ყველა პოლიტიკური მოთამაშე, თავისი განსხვავებების მიუხედავად, ერთსა და იმავე პრობლემურ ხაფანგშია მოქცეული”.
“ამ ყველაფრის შედეგად იქმნება ჩაკეტილი სისტემა, სადაც ყველა პოლიტიკური მოთამაშე, თავისი განსხვავებების მიუხედავად, ერთსა და იმავე პრობლემურ ხაფანგშია მოქცეული. ამ წრის გარღვევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ცვლილება შიგნიდან დაიწყება. სხვა შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლა რჩება იაფფასიან კონკურენციად, სადაც უფრო ძლიერი რესურსების მქონე მხარე ბუნებრივად უკეთ იყენებს სისტემის ხარვეზებს. ამიტომ აუცილებელია მეტი პოლიტიკური სოლიდურობა, მეტი ღიაობა და ნაკლები პერსონალიზაცია. მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ “ნაციონალურ მოძრაობას” რებრენდინგში. თუ ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი სახეა, კი ბატონო, ასეთად მივიჩნიოთ... თუმცა “ნაცმოძრაობას” თავის დროზე, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა, სათანადო დასკვნები რომ გამოეტანა და რეალური რებრენდინგი მოეხდინა, ეს თავადაც წაადგებოდა, საერთო ოპოზიციურ პროცესსაც და, ჩემი შეფასებით, ქვეყანასაც. ეს პროცესი როგორ განხორციელდება - ახალი სახეებით, ძველი ლიდერებისგან დისტანცირებით თუ სხვა ფორმით, მათი საქმეა, მაგრამ ფაქტია, ისინი დღემდე რჩებიან საკუთარი წარსულის აჩრდილების გავლენის ქვეშ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.
“რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ერთი რამ ცხადია: ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც უკვე საუბარია უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე. ამ საკითხზე საუბარიც კი მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ იქნება მხოლოდ ტექნიკური ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის საინვესტიციო რეიტინგებზე და საბოლოოდ ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის, საშუალო-სტატისტიკური მოქალაქის სოციალურ მდგომარეობაზე. ამიტომ მისი რეალიზაცია ბევრად მძიმე შედეგებს მოიტანს. პარტია “ჯერ საქართველოს” ამოცანაა, პირველ რიგში, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და რაც შეიძლება ფართო კომუნიკაცია ამ თემებზე. ჩვენი ხელწერა, ყოველგვარი მოკრძალების გარეშე რომ ვთქვა, არის ის, რომ პარტიული დღის წესრიგზე მაღლა ვაყენებთ სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს. “ჯერ საქართველო” ეს არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ვსაუბრობთ საქართველოზე და არა პარტიულ ინტერესებზე. სავიზო რეჟიმის შეზღუდვა შეასუსტებს ისედაც დასუსტებულ კავშირს საქართველოსა და ევროპულ ცივილიზაციას შორის”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამიტომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ეფექტით, არამედ იმ შედეგებითაც, რაც შეიძლება მოჰყვეს მას ქვეყნისთვის. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროპელმა პარტნიორებმა გაითვალისწინონ პროპორციულობა, ანუ ის, რომ მცირე პოლიტიკურ ეფექტს არ უნდა შეეწიროს გაცილებით უფრო დიდი სტრატეგიული, სოციალური და საზოგადოებრივი ზიანი. დღესაც არსებობს გარკვეული კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და სწორედ ამ ძაფების შენარჩუნება უნდა იყოს საერთო პასუხისმგებლობა”, - მიიჩნევს “ჯერ საქართველოს” ლიდერი და შეკითხვაზე - “ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, “ქართული ოცნება” კვლავ შეძლებს გამარჯვებას...” - პასუხობს:
“საკუთარი თავისთვისაც დამისვამს მსგავსი კითხვა, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, რამდენად მზად ვართ ჩვენ, ოპოზიციური ფლანგი, რომ ამ არჩევნებში რეალურად მონაწილეობა მივიღოთ და შედეგს მივაღწიოთ. ამჟამად ცალსახა პასუხი არა მაქვს”.
“შეიძლება ამის გამო ვინმემ გამაკრიტიკოს, მაგრამ მგონია, ჯობს საღი თვალით შევხედოთ რეალობას. რატომ? იმიტომ, რომ საკითხავია, რამდენად არის მზად ოპოზიციური ინფრასტრუქტურა და რამდენად გვაქვს სისტემურად გამართული პოლიტიკური შესაძლებლობები. ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - რამდენად არის თავად საშუალო-სტატისტიკური საქართველოს მოქალაქე მზად, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ბედზე პასუხისმგებლობა სრულფასოვნად აიღოს. რჩება განცდა, რომ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი, ჩემდა სამწუხაროდ, გარკვეულწილად შეეგუა არსებულ პოლიტიკურ წესრიგს, მიიღო ის და მასთან ადაპტირდა. ეს არასასიამოვნო და არაპოპულარული შეფასებაა, მაგრამ თუ “ავადობისგან” განკურნება გვინდა, სწორი დიაგნოზი უნდა დავსვათ. სამწუხაროდ, როგორც საზოგადოება და როგორც ერი, ჯერ კიდევ გარკვეულწილად ვართ მიბმული საბჭოთა მენტალურ მემკვიდრეობაზე. სრულად ვერ გამოვედით იმ ჩარჩოებიდან, ადაპტაციის, გზების ძიების, თავის არიდების პრაქტიკა კვლავ რჩება დამახასიათებელ ნიშნად”, - დასძენს ვიქტორ ყიფიანი.