ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026

რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს - შეფასებები თბილისში

მასშტაბური სკანდალი უკრაინაში - გენერალური პროკურორი ქოლცენტრების გამო გადადგა

კვარტალური სამხედრო-ჟურნალ „არსენალის“ 2026 წლის სექტემბრის N3 (299) ნომრის მიმოხილვა

* * *

რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს - შეფასებები თბილისში

“ბრიუსელისა და პრეზიდენტ დონალდ ტრაპმის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ხედვებს შორის არსებული განსხვავება შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესზეც ახდენს გავლენას. ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის მოძრაობა “მაგა”-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რადგან ევროკავშირის მომავალი წევრების ისეთი პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც გაერთიანების გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება, მიუღებელია. კოსის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოებას დღეს, რუსეთის გარდა, დასავლეთში “მაგა”-ს იდეოლოგების მხრიდანაც აქვს გამოწვევები. კოსის განცხადებას “ქართული ოცნების” მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს - ხმაურიანი განცხადება და შეფასებები თბილისში.

“არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება”, - განაცხადა კოსმა “ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. მისი თქმით, ევროკავშირს “ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები ჰყავს” და “ცხადია, ერთ-ერთი მათგანი რუსეთია”. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი “ზეწოლას დასავლეთის, “მაგა” -ს იდეოლოგების მხრიდანაც" განიცდის. “ისინი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და შესაფერისი დემოკრატია არ გვაქვს”, - აღნიშნა კოსმა. მან ჩინეთის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პეკინი ისეთ დეზინფორმაციულ კამპანიებში არ არის ჩართული, როგორსაც რუსეთი კანდიდატ ქვეყნებში აწარმოებს. ჩინეთი კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ცდილობს, რათა მათი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ევროკომისარის თქმით, “ისინი ამას სხვაგვარად აკეთებენ და ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ამ ტიპის დეზინფორმაციას ჩვენ ვერ ვხედავთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოცნება” კოსის განცხადებას ევროკავშირის მხრიდან ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის შეზღუდვის მცდელობად აფასებს, რითაც კიდევ ერთი არგუმენტი ეძლევა იმის დასამტკიცებლად, რომ ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ კოსის განცხადება, დიპლომატიური შეცდომა აღარაა და ეს ევრობიუროკრატიის პოლიტიკური სიბეცის ნათელი გამოვლინებაა, “ანუ, ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის პირობებს უკვე პოლიტიკური ლოიალობის მოთხოვნასაც ამატებს. წარმოიდგინეთ: ევროკავშირი, რომელსაც სურს გლობალურ ძალად დარჩენა, კანდიდატ ქვეყნებს კარნახობს, ვისთან შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური კავშირები. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პოლიტიკური მოძრაობა ”მაგა” ბრიუსელში უკვე თითქმის საგარეო საფრთხის კატეგორიაში გადაჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გავლენიანი პოლიტიკური ბანაკის ერთ-ერთ მთავარ ფიგურებს ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო წარმოადგენენ, სავარაუდოდ, აშშ-ის მომდევნო ლიდერები”, - ამბობს აბაშიძე, რომლის აზრით “ეს ევროპას საკუთარი გავლენის გაძლიერების ნაცვლად, მის კიდევ უფრო შესუსტებამდე მიიყვანს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ევროპას სჭირდება მეტი პარტნიორი, მეტი მოქნილობა და რეალისტური საგარეო პოლიტიკა. ამის ნაცვლად, ევრობიუროკრატები მსოფლიოს “სწორ” და “არასწორ” პოლიტიკურ ძალებად ყოფენ, შემდეგ კი საკუთარ იდეოლოგიურ დაყოფას ევროპულ სტრატეგიად ასაღებენ. მარტა კოსი და კაია კალასი ევროპის საგარეო პოლიტიკის “შავ ლაქებად” პოზიციონირებენ - არა იმიტომ, რომ ისინი ევროკავშირის ინტერესებს იცავენ, არამედ იმიტომ, რომ ევროპის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ვიწრო იდეოლოგიურ ჩარჩოებში კეტავენ. თუ ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირის გაწყვეტას სთხოვს, ეს ევროპული ინტეგრაცია აღარ არის - ეს ევრობიუროკრატიის მახინჯი ფილტრია”,- წერს აბაშიძე. ანალიტიკოსი დავით კი ქართველიშვილი წერს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის უთანხმოება კრემლისთვის საჩუქარია”, - დასძენს გამოცემა.

“ბრიუსელი ფაქტობრივად სთავაზობს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერებს, გადაწყვიტონ - ევროკავშირის მხარეს არიან თუ ტრამპისა და “მაგა”-ს მხარეს. ეს უკვე არის პოლიტიკური გამიჯვნა, რომელიც კრემლისთვის იდეალური საჩუქარია: ამერიკა და ევროპა ერთმანეთში მოკავშირეს კი არა, კონკურენტს ხედავენ, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს ბანაკის არჩევას აიძულებენ. ვაშინგტონი, თავის მხრივ, თავად უწყობს ხელს ევროპაში “მაგას”-ს გაძლიერებას - და დასავლური სისტემა შიგნიდან იწყებს საკუთარი თავის ჭამას. მოსკოვისთვის ეს მართლაც რომ სტრატეგიული მასშტაბის საჩუქარია. რუსეთს უკვე აღარ სჭირდება ნატო-ს, ევროკავშირისა და ამერიკული საზოგადოების დაყოფა - საკმარისია, შეშა დაუმატოს ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის უკვე გაჩაღებულ კონფლიქტს”, - წერს ქართველიშვილი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის აზრითვ კი ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ვინც ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან იმეგობრებს, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის, ხოლო კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას”, - წერს სტატიის ავტორი.

მასშტაბური სკანდალი უკრაინაში - გენერალური პროკურორი ქოლცენტრების გამო გადადგა

“უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მასშტაბური კორუფციული სკანდალი ოპერაცია “კართაგენის” ირგვლივ, რომლის ფარგლებშიც უწყების მაღალჩინოსანი სერგეი კროპივა (“კანცლერი”) და მისი პარტნიორი ელიზაბეტა ივახნენკო (“მუზა”) თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში მხილების გამო დააკავეს. 2026 წლის 7 სექტემბერს რუსლან კრავჩენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა. გადადგომის მიზეზი გახდა მისი უწყების მაღალჩინოსნების (მათ შორის, სერგეი კროპივას) მონაწილეობა თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის სქემაში, სადაც გამოძიების ჩანაწერებში ფიგურირებს ფიგურა ფსევდონიმით “ბოსი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მასშტაბური კორუფციული სკანდალი უკრაინაში - ოპერაცია “კართაგენის” გამო გენერალური პროკურორი გადადგა.

“ოპერაცია “კართაგენი” ეხება უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აღმოჩენილ მასშტაბურ კორუფციულ სქემას. გამოძიების ცნობით, ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა უშუალოდ გენერალური პროკურატურის ოფისის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, სერგეი კროპივამ (მეტსახელად „კანცლერი”). სქემის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ პროკურატურის მოქმედი თანამშრომლები და მათთან დაახლოებული პირები იღებდნენ ქრთამს თაღლითური ქოლ-ცენტრების “მფარველობისთვის” და მოპოვებული უკანონო ფულის ლეგალიზაციას ეწეოდნენ. ელიზაბეტა ივახნენკო (“მუზა”) ამ სქემაში ფიგურირებს როგორც გენერალური პროკურატურის ამ მაღალჩინოსნის (“კანცლერის”) უახლოესი პირი. ფარულ ჩანაწერებში ის “კანცლერთან” ერთად განიხილავს მოსალოდნელი ჩხრეკის წინ საკუთარი ძვირადღირებული ქონების დამალვას. ანუ, ივახნენკო უშუალოდ გენერალურ პროკურორს კი არ უკავშირდება, არამედ გენერალური პროკურატურის იმ მაღალჩინოსანს, რომელმაც უწყების შიგნით ეს კორუფციული ჯგუფი ჩამოაყალიბა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვინაიდან დანაშაულებრივი სქემა უშუალოდ გენერალური პროკურატურის შენობაში და მისი ჩინოვნიკების მიერ იმართებოდა, ამ სკანდალმა დარტყმა მიაყენა მთლიანად გენერალური პროკურორის უწყებას. ამ საქმის განვითარების შედეგად, ანტიკორუფციულმა უმაღლესმა სასამართლომ ივახნენკოსა და კროპივას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გირაოს უფლებით. საქმეში გამოკვეთილი დეტალებისა და ფარულ ჩანაწერებში ნახსენები მაღალი იერარქიული კავშირების გამო, სკანდალმა უშუალოდ გენერალურ პროკურატურას მიაყენა დარტყმა, რის ფონზეც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა გადადგომის განცხადების მიღება და ის დასამტკიცებლად უმაღლეს რადას გადაეგზავნა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სერგეი კროპივამ კორუფციული საქმიანობა გენერალურ პროკურატურაში გადასვლამდე, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერის მოადგილეობისას დაიწყო, აკრეფილი ქრთამები კი ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის სასარგებლოდაც ნაწილდებოდა. გარდა ამისა, გამოქვეყნდა 2026 წლის 2 თებერვლის ფარული ჩანაწერი, სადაც კროპივა თავის თანამაცხოვრებელ ელიზაბეტა ივახნენკოს (“მუზას”) უხსნის, რომ ოდესაში ჩასვლისთვის კიპერის მადლიერია, საუბრობს ყოველთვიურ უზარმაზარ შემოსავლებზე და აღნიშნავს, რომ ივახნენკო მისი გარეგნობისა და ამბიციების გამო აირჩია. ირკვევა, რომ ათასზე მეტი თაღლითური ქოლ-ცენტრისგან ფულის აკრეფა “ერთი ფანჯრის” პრინციპით ხდებოდა”, - დასძენს გამოცემა.

კვარტალური სამხედრო-ჟურნალ „არსენალის“ 2026 წლის სექტემბრის N3 (299) ნომრის მიმოხილვა

„ორი ომის გაერთიანების საფრთხე... ქართული ცის გადავლით?“ / „ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ / სანაპირო დაცვის სიახლეები / ესკალაციის ახალი ტალღა შავ ზღვაში“ / თურქეთი უკრაინას ბალისტიკურ რაკეტებს მიჰყიდის რუსულ ქალაქებზე საპასუხო შეტევებისთვის?! / ირანული დრონი რუსეთის არმიის სამსახურში / ჯავშანტექნიკა პარიზის გამოფენიდან / შვედური „გრიფონი“ უკრაინის ცაში / „ქართველი პარტიზანების“ ლეგენდარული მეთაური / რა შეიცვალა მიმდინარე სეზონში კურორტებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით / გურიის სასაზღვრო-საკორდონო ხაზი / „ბერეტას“ „იაგუარი“ გასართობი სროლებისთვის

„ირანი უკრაინასა და ევროპას ბალისტიკური რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით შეტევით ემუქრება, რომელთა ფრენის უმოკლესი მარშრუტი... სწორედ საქართველოს საჰაერო სივრცის თავზე გადის... „გავაუქმოთ 2 ათას კმ-ზე შორს ფრენის ჩვენივე შეზღუდვა ირანული ბალისტიკური რაკეტებისთვის და ჭკუა ვასწავლოთ კიევს კასპიის ზღვაში ირანულ გემზე თავდასხმისთვის“, - აი, ასეთი მოწოდებები გაისმის დღეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და თანაც პარლამენტარებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების დონეზეც კი. ნიშნავს ეს, რომ შეიძლება მოხდეს ამ ორი - რუსეთ-უკრაინისა და ამერიკა-ირანის ომების „გაერთიანება“ ისე, რომ რუსულთან ერთად ირანული ბალისტიკური რაკეტებიც გაფრინდებიან უკრაინული ქალაქებისკენ, ხოლო ამერიკული ავიაციის მიერ ირანული ობიექტების დაბომბვის პარალელურად უკრაინული კამიკაძე-დრონები კასპიის ზღვაში კვლავ შეუტევენ იმ ირანულ სატვირთო გემებს, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების ტვირთი რუსეთის პორტებში გადააქვთ ან იქიდან ირანში მიაქვთ?„ - წერს ჟურნალი არსენალი 2026 წლის სექტემბრის N3 (299) ნომერში სათაურით ორი ომის გაერთიანების საფრთხე... ქართული ცის გადავლით?

„ამ „შეშლილ“ მსოფლიოში გამორიცხული არაფერია, თუმცა შესწევს კი იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ირანმა უკრაინას დარტყმა მიაყენოს ანუ მისწვდებიან თუ არა კიევამდე ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები? ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან (რომელიც აზერბაიჯანის ნახჭევანს ესაზღვრება) 2 ათასი კმ-ის რადიუსში ხვდება ნატოს წევრი ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიები, ხოლო 3 ათასი კმ-ის რადიუსში - იტალიის, ავსტრიის, ჩეხეთის, გერმანიის, პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის ტერიტორიების ნაწილები, მთლიანად ბალტიისპირეთის სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა და უკრაინაც. ირანის არსენალში არის 3 ათას კმ-მდე მფრენი (ოღონდ შემცირებული მასის საბრძოლო ქობინით) ბალისტიკური რაკეტები Khorramshahr-ები, ისევე როგორც 2 ათასი კმ ფრენის რადიუსის მქონე Emad-ები, Ghadr-ები და Sejjil-ები, რომელთა პოლონეთისკენ, ფინეთისკენ, შვეციისკენ თუ უკრაინისკენ გაშვების შემთხვევაში ისინი საქართველოს თავზე გადაიფრენენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ოღონდ ქართული საჰაერო სივრცის ეს „დარღვევა“ მოხდება რამდენიმე ათეული ან სულაც ასი კმ-ის სიმაღლეზე ანუ ღია კოსმოსში, ბალისტიკური ტრაექტორიით და ჩვენთვის ნაკლებად სადარდებელი იქნება. მაგრამ, თუკი ირანმა გადაწყვიტა წერტილოვნად დაარტყას მთავარ ამერიკულ რადიოლოკატორს რუმინეთში და ისიც „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონებით, მაშინ საჰაერო შეტევის რომელ მარშრუტს აირჩევს? რუმინეთამდე უმოკლესი საჰაერო გზა ნატოს წევრი თურქეთის საჰაერო სივრცეში გადის და ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ თურქეთის გამანადგურებლებმა ირანული „შაჰიდები“ ჩამოყარონ. რჩება მეორე საჰაერო გზა, რომელიც სომხეთისა და საქართველოს ცის გავლით და შავ ზღვაზე გადაფრენით რუმინეთამდე მიდის...“,- განაგრძობს გამოცემა...

„პროექტი „ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ უკვე მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს. წელს „ჯარის ბანაკს“, ტრადიციულად, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორმა ქვედანაყოფმა - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიამ და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლამ უმასპინძლა და რვა როტაციის შემდეგ ერთდროულად დაიხურა. დახურვის ცერემონიალი კოჯორში გაიმართა. პროექტში საქართველოს მასშტაბით საშუალო სკოლების IX-XI კლასების 1700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ჩვენთან პროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება მნიშვნელოვანია და სამხედრო ინსტრუქტორებსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა“ - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით „ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“.

„2022 წელს, როდესაც ამ პროექტზე დავიწყეთ საუბარი, თავიდანვე ჩართული ვიყავი თავდაცვის ძალებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად. ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, რადგან ჩვენთვის ახალია. მოსწავლეები, ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენს ბაზაში უნდა შემოსულიყვნენ, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნებოდნენ და ეს ადვილი არ იყო. თუმცა ის ამოცანები, რაც ჩვენი სამხედროების, სერჟანტების, ოფიცრების, ინსტრუქტორების წინაშე დაისვა, მათ წარმატებით დასძლიეს არა მხოლოდ როგორც ვალდებულება, არამედ დიდი ენთუზიაზმით. ჯარის ბანაკის შექმნის მიზანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებულ, პასუხისმგებლიან და სამშობლოს მოყვარულ ახალგაზრდებზე დგას. ეს კი ტრაფარეტულ სიტყვებად რომ არ დარჩეს, ახალგაზრდებს მაქსიმალურად უნდა გავუღვივოთ პატრიოტული სულისკვეთება, უნდა ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობს ჯარი“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გრიგოლ გიორგაძე.

„ის ადამიანები, რომლებთანაც ამ მოზარდებს ურთიერთობა ჰქონდათ, ის ხალხია, ვინც აირჩია ის პროფესია, რომელიც პირველი მიდის ბრძოლის ველზე და სიცოცხლეს გაიღებს. ამაზე დიდი სიამაყე რა შეიძლება იყოს, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს შეხვდნენ. მათგან ძალიან ბევრ ისეთ რამეს ისწავლიდნენ, რომელიც ცხოვრებაში გამოადგებათ. დარწმუნებული ვარ, ის დისციპლინა, ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ აქ, ჯარის ბანაკში ყოფნისას გამოიმუშავეს, შემდეგში რა პროფესიაც არ უნდა აირჩიონ, გამოადგებათ. იმედია, ბევრმა უკვე გადაწყვიტა მომავალში თავდაცვის ძალების შემადგენლობას, ამ დიდ ოჯახს შემოუერთდეს...- განაგრძობს რესპონდეტი.

„შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისთვის ზაფხული მნიშვნელოვანი მოვლენებითა და სხვადასხვა სწავლებით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ივლისის დამდეგს ფოთში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დრონის ოპერატორად გადამზადების სპეციალური, ორთვიანი პროფესიული კურსი დაასრულეს. პროგრამა განკუთვნილი იყო სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო საზღვრის დაცვის პროცესში დრონების ოპერირება დაევალებათ. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, მათ შორის იყო: საფრენი მარშრუტების დაგეგმვა, ფრენის კონტროლი, დაკვირვება, ძებნა-დევნის ოპერაციები და მონაცემთა შეგროვება დღე-ღამის განმავლობაში. 2025 წელს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის კონტროლის პროცესში დრონები სატესტო რეჟიმში გამოიყენეს“,- წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით სანაპირო დაცვის სიახლეები.

„სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მუდმივად განაგრძობს შესაძლებლობათა განვითარებას. მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონის პერიოდში, დამსვენებელთა უსაფრთხოებისთვის, სანაპირო დაცვის დანაყოფები აღიჭურვა თანამედროვე დრონებითა და ჰიდროციკლებით. ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სანაპირო ზოლში არსებული რეკრეაციული უბნების მონიტორინგი და შეამცირა სამართალდარღვევებსა თუ საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების დრო. განსაკუთრებულ რეჟიმზე მუშაობენ მცირე სწრაფმავალი კატარღების ეკიპაჟებიც, რომლებსაც ოპერირების კონკრეტული საზღვაო რაიონები აქვთ განსაზღვრული. ისინი ყოველდღიურად ასრულებენ ისეთ მნიშვნელოვან ამოცანებს, როგორიცაა ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გასაჭირში მყოფი მოქალაქეებისა და მცურავი საშუალებების დახმარება, ძებნა-გადარჩენის ოპერაციები და სხვა“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, II სამმართველოს (ბათუმი) უფროსი, პირველი რანგის კაპიტანი შოთა მიროტაძე

„გარდა ამისა, სანაპირო ზოლის კონტროლი ხორციელდება რადიოლოკაციურ სადგურებზე განთავსებული დღე-ღამის ხედვის ვიდეოკამერებით. მათი ოპერატორები დროის რეალურ რეჟიმში აკონტროლებენ პერიმეტრს და უზრუნველყოფენ მყისიერ რეაგირებას როგორც სამართალდარღვევებზე, ისე იმ შემთხვევებზე, როდესაც მოქალაქეებს დახმარება ესაჭიროებათ. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან, რაც მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის გამტკიცებასა და დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლებას“, - განაგრძობს რესპონდენტი...

„ირანში დაწყებული აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია თანდათან ხანგრძლივი ომის ელფერს იძენს და ეკონომიკური დაპირისპირების სტადიაში გადადის, სადაც დამარცხებული იქნება ის, ვინც უკან პირველი დაიხევს. ამერიკელების საზღვაო ბლოკადას ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალი საზღვაო-სავაჭრო გზის ჩაკეტვით პასუხობს, ხოლო მშვიდობიან სავაჭრო გემებს ნაღმებით, დრონებითა თუ რაკეტებით ებრძვის. კრიზისული მდგომარეობის გამო თავისუფალი ნაოსნობა და შესაბამისად, მსოფლიო გლობალური ვაჭრობა დიდი საფრთხის წინაშე დგას. არანაკლებ შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი მოვლენები შავ ზღვაში. ივლისში უკრაინამ გაააქტიურა მოქმედებები აზოვის ზღვაში „მდინარე-ზღვის“ კლასის ტანკერების, რუსეთის შავიზღვისპირა პორტებისა და ოკუპირებული ყირიმისთვის ტვირთების გადამზიდავი გემების წინააღმდეგ. 8-20 ივლისის მონაცემებით, დარტყმა მიაყენეს რუსეთთან დაკავშირებულ 124 გემს, მათ შორის 89 ნავთობგადამზიდი ტანკერი იყო“, - წერს ჟუნალის „არსენალი“ სტატიაში სათაურით ესკალაციის ახალი ტალღა შავ ზღვაში,

„ფართომასშტაბიანმა დარტყმებმა კიევს შედეგი მოუტანა - ყირიმში საწვავის დეფიციტის გამო ტრანსპორტი გაჩერდა, შეწყდა ელექტრობისა და წყლის მიწოდება, დაიკეტა მაღაზიები და ბანკები. ნახევარკუნძული, ფაქტობრივად, ბლოკადაში აღმოჩნდა, ხოლო მოსახლეობამ სასწრაფოდ მისი დატოვება დაიწყო. უკრაინელთა თავდასხმები აგვისტოშიც გრძელდება. ერთ-ერთი ბოლო თავდასხმისას ნოვოროსიისკთან დრონი დაეცა ბერძნულ ტანკერს, რომელსაც კასპიის ზღვის კონსორციუმის ტერმინალიდან ყაზახური ნავთობი მიჰქონდა. 18 აგვისტოს ნოვოროსიისკიდან ხორბლის წამოსაღებად მოცურავე ბერძნულ, ამჯერად მშრალტვირთმზიდს უკრაინული დრონის მოხვედრით ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა. რუსეთს მდგომარეობა იმდენად გაუმწვავდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ 22 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ლაპარაკია პოტენციური საფრთხის არსებობაზე იმ გემებისთვის, რომლებიც ცურვისთვის რუსეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას (მოიცავს სანაპიროდან 200 მილის სიგანის ზღვის ზოლს) იყენებდნენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ამის გამო სამგზავრო ლაინერმა Astoria Grande-მ რუსი ტურისტებისთვის საკრუიზო რეისები შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გადაიტანა, ხოლო რეისების დაწყება-დამთავრების ადგილად სოჭის მაგივრად თურქული ანთალიაა შერჩეული. 2023 წელს კრუიზის დროს Astoria Grande-ს ბათუმში შესვლამ ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტი გამოიწვია. პოლიციამ პორტთან მისასვლელი ლითონის ჯებირებით ჩაკეტა, რათა რუს ტურისტებს პროტესტის მონაწილენი ვერ მიახლოებოდნენ. შეხლა-შემოხლაში პოლიციელებმა რამდენიმე პროტესტანტი დააკავეს. უკრაინელთა დარტყმებს რუსეთი უკრაინის შავიზღვისპირა და დუნაიზე მდებარე პორტებზე, საექსპორტო აგრარული პროდუქტებით დატვირთულ გემებზე თავდასხმებით პასუხობს. დარტყმების ქვეშაა ოდესის, იუჟნისა და ჩერნომორსკის პორტები, საიდანაც მიმდინარე წლის 6 თვეში 34 მლნ ტ საექსპორტო ტვირთი გავიდა და 2.1 მლრდ დოლარის შემოსავალი მოიტანა. იმავე პერიოდში უკრაინის მთელმა ექსპორტმა 3.5 მლრდ დოლარი შეადგინა. მუშაობა სამივე პორტში შეჩერებულია, ხოლო ბევრ ქვეყანას მარცვლოვანი საკვები პროდუქტების დეფიციტი ემუქრება“, - განაგრძობს გამოცემა...

„სულ მალე რუსეთის რამდენიმე დიდი ქალაქი შეიძლება ისეთივე მძიმე დღეში ჩავარდეს, როგორშიც უკრაინული ქალაქები მეხუთე წელია არიან აგრესორი რუსეთის სისტემატური საჰაერო დარტყმების გამო. მართალია, უკრაინული მხარე შორსმფრენი კამიკაძე-დრონებით უკვე აყენებს მწარე საპასუხო დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეშიც, მაგრამ არ ძალუძს სარკისებური შურისძიება რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერების“ შემოტევებზე, რადგან შეიარაღებაში არა აქვს ბალისტიკური რაკეტები, რომელთა მოგერიება, მოტოციკლეტისძრავიანი კამიკაძე-დრონებისგან განსხვავებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვას ძალიან გაუჭირდება. უკრაინელები მუშაობენ სამამულო წარმოების ბალისტიკური რაკეტის შექმნაზე, რასაც შეიძლება თვეები ან სულაც წლები დასჭირდეს, თუმცა მანამდე უკრაინის არმიის არსენალში სხვა წყაროდან, სავარაუდოდ, მაინც გამოჩნდება ბალისტიკური რაკეტები, რაც უფრო დიდ პოლიტიკურ დაპირისპირებას გამოიწვევს შავი ზღვის რეგიონში“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით თურქეთი უკრაინას ბალისტიკურ რაკეტებს მიჰყიდის რუსულ ქალაქებზე საპასუხო შეტევებისთვის?!.

„მაშინ, როცა პუტინმა ნამდვილი „ბალისტიკური ტერორი“ მოუწყო კიევს და ზელენსკი ყველა პარტნიორს ემუდარება ანტირაკეტების მიწოდებას, მოულოდნელად ჩნდება ოფიციალური ინფორმაცია, რომ მალე თავად უკრაინას ექნება ბალისტიკური რაკეტების მცირე მარაგი, რომლითაც შეძლებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მცირემასშტაბიანი „ბალისტიკური ტერორით“ უპასუხოს აგრესორს. „უკრაინა თურქეთისგან ყიდულობს სარაკეტო სისტემებს, სხვადასხვა ტიპის რაკეტების მარაგს და საარტილერიო საბრძოლო მასალას უკრაინის არმიის შეიარაღებაში არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემებისთვის“~, – ეს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა აშშ-ის კონგრესის ოქმში“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ანგარიშში მოხსენიებულია უკრაინისთვის M270 MLRS-ის სარაკეტო სისტემისა 12 ერთეული გამშვები დანადგარი და მათთვის განკუთვნილი 70 ერთეული M39 ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტის, ასევე 2 524 უმართავი 227 მმ-იანი M26 რაკეტის DPICM კასეტური ქობინებითა და 47 000 ერთეული M509A1 კასეტური 203 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის მიყიდვის დამტკიცება. ცალკე აღსანიშნავია ის საბრძოლო მასალა, რომელსაც უკრაინა ამ სისტემებისთვის მიიღებს. ეს არის M39 ბალისტიკური რაკეტების (ATACMS BlockI, MGM-140A) პირველი ვერსია. მას აქვს 165 კმ მოქმედების რადიუსი და კასეტური ქობინი, რომელშიც მოთავსებულია 950 ერთეული M74 ქვეელემენტი. ATACMS -ის ეს ვერსია უკვე გამოიყენეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა”, განაგრძობს გამოცემა...

„უკრაინის ომიდან მოსულ ინფორმაციაში თითქმის ყოველდღე ფიგურირებს რუსული „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები. სინამდვილეში „შაჰიდი“ („სარწმუნოებისთვის წამებული“) ირანული დრონია და იაფფასიან საბრძოლო საშუალებათა შორის დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესოა. უპილოტოთა სრულყოფის გზაზე თეირანი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა და საგამოცდო პოლიგონად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებს იყენებდა. ყურადღება მიიქცია 2019 წლის 14 სექტემბერს იემენიდან „შაჰიდებით“ ჰუსიტების დარტყმებმა საუდის არაბეთში აბკაიკსა და ხურაისში მდებარე Saudi Aramco-ს ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთს ჰქონდა ანტისარაკეტო სისტემა MIM-104 Patriot-ი, ხოლო აბკაიკის ქარხანას Skyguard/Sparrow-ს ბატარეები იცავდნენ, ირანული Shahed-131 და Shahed -136 ტიპის დრონებმა ქარხანა მაინც მნიშვნელოვნად დააზიანეს”, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ირანული დრონი რუსეთის არმიის სამსახურში.

„ირანის არმიამ 2021 წლის დეკემბერში სწავლება 17th Great Prophet-ზე პროპაგანდისტული მიზნით პირველად აჩვენა კორპორაცია HESA-სა და კომპანია Shahed Aviation Industries-ის ერთობლივი ავტონომიური ბარაჟირებადი დრონი-კამიკაძე Shahed-136. მისი დანიშნულება იყო დიდ მანძილებზე, სახმელეთო ერთ ან ჯგუფურ უძრავ მიზნებზე მასირებული დარტყმები, რისთვისაც ავტომობილის შასიზე დაყენებული კონტეინერი ხუთ “შაჰიდს” ზალპად უშვებდა. ზომით Shahed -136 აღემატება Shahed-131-ს, უფრო შორს დაფრინავს და მეტ ფეთქებად მასალას ატარებს. ორივეში გამოყენებული “მფრინავი ფრთის” აეროდინამიკური სქემა ამარტივებს კონსტრუქციას, ამცირებს მოძრავ ელემენტებს და ახასიათებს ნაკლები შემჩნევადობა რადიოლოკაციურ და ინფრაწითელ დიაპაზონებში. დრონს არა აქვს კუდის ფრთასხმულობა, ამიტომ ტანგაჟისა და დაგვერდების შესასრულებლად ფრთის უკანა პირზე კომბინირებული საჭის ზედაპირებია (ელერონები) გამოყენებული. „შაჰიდი“ ძალიან ჰგავს 1980-იან წლებში გერმანული კომპანია Dornier ორნიერ Flugzeugwerke-ში შექმნილ დრონ Drohne-Anti-Radar-ს (DAR)”,- აღნიშნავს გამოცემა.

„Shahed -136 დაფრინავს ირანული წარმოების წამბიძგებელი ოთხცილინდრიანი, ორტაქტიანი, ბენზინზე მომუშავე Mado MD 550 ტიპის (ითვლება გერმანული Limbach L550E-ს კლონად) ავიაძრავით და მუშაობისას მოპედის მსგავს მჭახე ხმას გამოსცემს. ხმაურიანი ძრავის ხმა დიდ მანძილზე ისმის და დაბალ სიჩქარესთან ერთად დრონის ვიზუალურ შემჩნევას აადვილებს, ხოლო საჰაერო თავდაცვას ფრენის ტრაექტორიის განსაზღვრაში ეხმარება. ჩამოგდებული დრონების ანალიზით დადგინდა, რომ “შაჰიდში” შეტევის ობიექტის კოორდინატები წინასწარ შეჰყავთ, ხოლო ორიენტაციისთვის ინერციული სანავიგაციო სისტემა აქვს. თუმცა GPS-ის გამოყენებაც არ გამოირიცხება. ინერციულ სანავიგაციო სისტემას არ სჭირდება გარე ორიენტირები ან სიგნალები. ის ავტონომიურია და რადიოდაბრკოლებათა ზემოქმედებაზე არ რეაგირებს. ორიენტაციაში “შაჰიდს” ეხმარება საბორტო გამომთვლელი მოწყობილობა, რომელიც ობიექტის წრფივი აჩქარებისა და კუთხური სიჩქარის მონაცემებით ფრენის კორექტირებას ახდენს. ამიტომ “შაჰიდები” რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებათა გამოყენებისას მიზნისკენ ფრენას მაინც აგრძელებენ. მის წინააღმდეგ შეიძლება საზენიტო რაკეტების გამოყენება, მაგრამ ეს არაეფექტურია, რადგან რაკეტა “შაჰიდზე” ბევრად მეტი ღირს“, - დასძენს გამოცემა...

ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებებმა ომებში ტანკების როლი მნიშვნელოვნად შეკვეცეს, ხოლო ჯავშანტექნიკის მწარმოებელი კომპანიები ტანკისთვის სათანადო მობილურობის შენარჩუნებით, იმავდროულად, მისთვის დაცვისა და საცეცხლე ძალის გასაუმჯობესებელი გზების ძიების წინაშე დააყენა. მიღწევათა დემონსტრირება-რეკლამირების საუკეთესო ადგილი სამხედრო გამოფენებია. ტანკმშენებლობის სიახლეთა მრავალფეროვნებით პარიზის 15-19 ივნისის გამოფენა “Eurosatory 2026” შეიძლება გამორჩეულად ჩაითვალოს. საინფორმაციო საშუალებათა ყურადღება მიიქცია ფრანგულ-გერმანული კონცერნ KNDS-ის ტანკმა CAPacite INTermdiaire-მ (CAPINT). ცნობილია, რომ ფრანგული Leclerc-ის მოდერნიზებულ ვერსიას სამსახურის ვადა 2038 წლისთვის ეწურება. მისი შემცვლელი ფრანგულ-გერმანული პროექტის MGCS-ის შეიარაღებაში მიღება 2045 წლის შემდეგაა მოსალოდნელი“,- წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ჯავშანტექნიკა პარიზის გამოფენიდან.

„პროექტი მძიმედ ვითარდება - ფინანსებთან ერთად ორივე ქვეყნის სპეციალისტებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ისეთ საკვანძო დეტალებზე, როგორიცაა კოშკურა და ქვემეხი. არადა, „ლეკლერკს“ შემცვლელი სჭირდება. რადგან სრულიად ახლის შექმნა გაუმართლებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ არჩევანი ტანკების უკვე არსებული, მაგრამ რესურსების მქონე მოდელის შემდგომ სრულყოფაზეა გაკეთებული. „ოქროს შუალედად“ მონათლულმა CAPINT-მა Leopard 2A8-ისგან მიიღო სავალი ნაწილი, კორპუსი, ტრანსმისია და 1500-ცხ.ძალიანი დიზელის ძრავა. წონისა და ძრავის სიმძლავრის კარგი თანაფარდობით CAPINT-ი გზატკეცილზე 65 კმ/სთ-ით გადაადგილდება და სვლის მარაგი 450 კმ აქვს. უეკიპაჟო კოშკურის კონცეფციაზე გადასვლით სამკაციან ეკიპაჟს ადგილი კორპუსში განთავსებულ ჯავშანკაფსულაში მიუჩინეს და ამით წონა 50 ტ-მდე შემცირდა“ - აღნიშნავს გამოცემა.

„უეკიპაჟო კოშკურაზე დაყენებულ გლუვლულა 120 მმ-იან ქვემეხს (Ascalon 120) ჭურვების ავტომატური დამტენი აქვს 22 ჭურვით. ქვემეხთან 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევია შეწყვილებული. ახლო მანძილებზე ბრძოლისთვის ეკიპაჟს აქვს დისტანციურად მართვადი მოდული (АРХ 30), რომლის 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი სხვადასხვა ტიპის ჭურვების ეფექტური ცეცხლით უპილოტოებს 1.5 კმ-ზე, ხოლო სახმელეთო მიზნებს 2.2 კმ-ის სიშორეზე ებრძვის. მრავალდონიანი დაცვა პასიური ჯავშნის, დინამიკური და აქტიური დაცვის, ოპტიკურ-ელექტრონულ საშუალებათა კომპლექსისა და კვამლის დასაყენებელი ყუმბარებისგან შედგება. ტანკი აღჭურვილია თანამედროვე ციფრული სისტემებით სხვადასხვა პლატფორმასთან უწყვეტი კავშირისა და მოქმედებათა კოორდინაციისთვის. მეთაურისა და მემიზნის პანორამულ სამიზნეებში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი მიზნებს ავტომატურად ამოიცნობს, ახარისხებს და საცეცხლე საშუალებებს უნაწილებს”, - განაგრძობს გამოცემა...

„ივნისის მიწურულს უკრაინის აწ უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფეოდოროვმა და შვედურმა კონცერნმა SAAB AB-მა ხელი მოაწერეს კონტრაქტს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 4++ თაობის Saab JAS 39 E/F Gripen-ის ტიპის (E – ერთადგილიანი, F – სასწავლო ორადგილიანი მოდიფიკაციაა) 16 გამანადგურებლის 2029-2030 წლებში მიწოდებაზე. სამომავლოდ უკრაინა ამ ტიპის სულ 150-მდე გამანადგურებლის ყიდვას გეგმავს. ავტორიტეტული ამერიკული ციფრული გამოცემა TWZ-ი კიევის არჩევანზე ჯერ კიდევ მაისში წერდა, რომ მოსკოვთან საჰაერო დაპირისპირებაში, “გრიპენი” საუკეთესო გამოსავალია. დღეისათვის JAS 39 E Gripen -ი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და ძლიერ მსუბუქ გამანადგურებლად ითვლება. სიტყვა “გრიპენი” ნიშნავს გრიფონს, მითურ მფრინავ არსებას ლომის ტანითა და არწივის თავით“,- წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით შვედური „გრიფონი“ უკრაინის ცაში.

„შვედური გამანადგურებლის საორიენტაციო ფასი 150 მლნ დოლარია, ხოლო შეიარაღების, ლოგისტიკისა და მომსახურების გათვალისწინებით ეს თანხა 184.4 მლნ დოლარამდე მატულობს. დაახლოებით ამ ფასად ყიდულობს კოლუმბია შვედეთისგან ერთ JAS 39 E Gripen-ს, ხოლო ბოგატას სულ 16 გამანადგურებლის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი. თანხის დაფარვას კიევი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით აპირებს, ხოლო კონცერნი Saab-ი თვითმფრინავების უკრაინაში აწყობის შესაძლებლობას განიხილავს. შვედეთიდან უკრაინა ასევე მიიღებს აუცილებელ მოწყობილობებს, ლოგისტიკურ და ტექნიკურ მხარდაჭერას – ანუ ყოველივე აუცილებელს, რაც გამანადგურებლების ექსპლუატაციისათვის არის საჭირო. იმ დროისათვის უკრაინის საჰაერო ძალებს “გრიპენების” საექსპლუატაციო გამოცდილება ექნებათ - 2027 წლის დამდეგს შვედეთი კიევს წინა მოდელის JAS 39C/D-ის 16 გამანადგურებელს მიაწვდის. ამ მოდიფიკაციის თვითმფრინავები საბრძოლო პოტენციალით უკრაინელთა შეიარაღებაში არსებულ F-16 Block 20 MLU-ს შეესაბამება, მაგრამ რუსული ავიაციის თანამედროვე გამანადგურებლებს ჩამოუვარდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ახალ მოდიფიკაციას JAS 39C/D-თან შედარებით დიდი ფიუზელაჟი აქვს და შესაბამისად 30%-ით მეტ საწვავს იტევს. აღჭურვილია მომატებული სიძლიერის General Electric F414 ტიპის ძრავით, რომლის წევის ძალა ფორსაჟის დროს 6.5-დან 10 ტ-მდე იზრდება. მფრინავის კაბინა მთლიანად განახლებულია და ძველი “გრიპენის” სამი დისპლეი ერთი ფართოფორმატიანი დისპლეი Wide Area Display-თ (WAD) არის შეცვლილი. ასევე გაზრდილია საბრძოლო დატვირთვა, ფრენის სიშორე და სხვა პარამეტრები. უკრაინას შესაძლებლობა ეძლევა “გრიპენები” შორეული რადიოლოკაციური ძებნა-მართვის თვითმფრინავ Saab 340-თან ტანდემში ერთიან სეტეცენტრულ სივრცეში გამოიყენოს. ეს კი ნიშნავს საჰაერო სივრცეში 220-300 კმ-ის სიშორეზე არსებულ ვითარებაზე “გრიპენის” მფრინავის რეალურ რეჟიმში ინფორმირებას და მას უადვილებს გადაწყვეტილების მიღებას შორს მფრენი რაკეტების გამოყენებაზე“, - განაგრძობს გამოცემა...

“7 ივლისს რუსთავში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 49 წლის დავით ქუქჩიშვილი მხედრული პატივით დაკრძალეს... თითქოს გუშინ იყო ჩვენი სამსახურის დირექტორს, კობა კობალაძეს რომ გავანდე, უკრაინაში მინდა წასვლა-მეთქი. მე, უბრალოდ, საქმის კურსში ვაყენებდი, მან კი ნიადაგი მომიმზადა და ქართველ მებრძოლს, დავით ქუქჩიშვილს დამაკავშირა. მოვილაპარაკეთ, დნიპროში ჩემით უნდა ჩავსულიყავი, იქ კი მისი ჯარისკაცი დამხვდებოდა. კიევი-ზაპოროჟიეს მატარებლის ჩაბნელებულ კუპეში ვზივარ და ვფიქრობ, ომია, ვაითუ ვერავინ დამახვედროს-მეთქი. ამასობაში ტელეფონის ზარი გაისმა. დათოს გამოგზავნილი უკრაინელი ჯარისკაცი, მარკი იყო. უკვე მელოდებოდა. ამის შემდეგ დაიწყო იმ სამი დღის ისტორია, რაც დავით ქუქჩიშვილის ჯგუფთან ერთად გავატარე. ქალაქ დნიპროში დილის ხუთ საათზე ჩავედი. მარკი დამხვდა. მატარებლის სადგურზე ქართველ მებრძოლს შევხვდი. ხელი გავუწოდე და მივესალმე. ქართველი ხარო, გაოცებისა და სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა ქუთაისელ ლაშა აბუთიძეს“, - წერს სამხედრო კორესპონდენტი ზაირა მიქატაძე ჟურნალ „არსენალის“ სტატიაში სათაურით „ქართველი პარტიზანების“ ლეგენდარული მეთაური.

„გზაში უამრავი ბლოკპოსტი გვხვდება. მარკი პაროლს ეუბნება და გვატარებენ. ერთ საათამდე ვიარეთ და ერთ სოფელში შევედით. ეზოში რამდენიმე მანქანა დგას ნიშნით, „ქართველი პარტიზანები“. ბიჭები ყავას მთავაზობენ. გამიახლდა აფხაზეთი. მაშინაც ზუსტად ასე იყო. მალე ოთახიდან რაზმის მეთაური, აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ქუქჩიშვილი გამოდის. დათო „დეშებელი“ (სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი) გამოდგა. 16 წლის იყო, როცა აფხაზეთში იბრძოდა. არდადეგებზე ბიცოლასთან ჩავიდა, ომმა მოუსწრო და დასვენება აღარ გახსენებია... ბიჭები დილიდან ემზადებიან. ხვალ, გამთენიისას, ფრონტის ხაზისკენ უნდა წავიდეთ. ტყვია-წამალი ჩატვირთეს, საწვავი ჩაასხეს, მანქანები მოამზადეს. დათო კახა გოგოლსა და ზაზა ბიწაძეს იხსენებს. ზაზა 16 აპრილს დაიღუპა რუბეჟნოეში, კახა კი - 10 ივლისს ლისიჩანსკში. მერე ბრძოლისას გადაღებულ ვიდეოს მაჩვენებს, როგორ უშიშრად და მამაცურად იბრძვიან, თუმცა სიკვდილმა მაინც მოძებნა ისინი...“ - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

„სანამ გავალთ, ბიჭებს ვიწერ. აქ სულ ცხრანი არიან. თაზომ, ჩემს სათქმელს ხვალ ვიტყვი, ფრონტზეო, მეუბნება. სიტყვებს ვინიშნავ და თაზოს გვარს ვეკითხები. ბურჯანაძე ვარო, მპასუხობს. სადაური ბურჯანაძე-მეთქი, ჭიათურიდან, სოფელ მეჩხეთურიდან. ასე აღმოვაჩინე ომში ჩემი ბავშვობის მეგობრის შვილი და დედაჩემის შორეული ნათესავი. მთელი დღეა, ჩასაფრებული ვარ უკრაინის ავიამოიერიშეებზე. მართალია, კადრში ვერ მოვახვედრე, რადგან ძალიან მაღლა და სწრაფად დაფრინავენ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ რუს აგრესორებს ურტყამენ. გადაფრინდებიან ჩვენ მარცხნივ, დაარტყამენ და უკან ბრუნდებიან. საბედნიეროდ, არც ერთი არ ჩამოუგდიათ. მეორე დღეს, წესისამებრ, გათენებამდე გავდივართ. გასვლამდე სანთელი ავანთოთო, დათომ. მე ნაკურთხი წყალი მაქვს-მეთქი, ვეუბნები. კარგია, მანქანებს მივაპკუროთო. გამთენიისას სანთელს ანთებენ ბიჭები...“ - განაგრძობს ავტორი...

„საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიასა და კურორტ ბახმაროში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა. კონკრეტულად ეს ტერიტორია რატომ იყო არჩეული და იყო თუ არა უსაფრთხოების მსგავსი ზომები მიღებული, ამ და სხვა კითხვებზე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ აღნიშნულ უწყებას დაუკავშირდა. „მოგეხსენებათ, ზაფხულის სეზონი განსაკუთრებით აქტიური პერიოდია, როდესაც ქვეყნის სხვადასხვა საკურორტო ზონაში იზრდება ვიზიტიორების რაოდენობა. ამიტომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის შესაბამისი სამსახურების განსაკუთრებული მზადყოფნა. სეზონის განმავლობაში ჩვენი მთავარი ამოცანაა შესაძლო რისკების პრევენცია, მათი დროული გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება“, - განმარტავს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა თვაური“ , - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით რა შეიცვალა მიმდინარე სეზონში კურორტებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„სწორედ ამის გამო ტურისტულ ზონებში გაძლიერებულია მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები, ხოლო შესაბამისი ძალები და რესურსები წინასწარ არის მობილიზებული. საზაფხულო სეზონზე დამსვენებლებისა და ვიზიტიორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა. კერძოდ, კურორტ ბეშუმში, ბახმაროში, გომისმთაში, შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ ომალოში. საკურორტო ზონებში მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. რესურსების განაწილება კონკრეტული ტერიტორიის სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით ხდება. კერძოდ, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონზე წარმოდგენილია 300-ზე მეტი წყალზე მაშველი, ასევე, გაიზარდა სანაპიროზე არსებული სამაშველო კოშკურების რაოდენობა, მობილიზებულია წყლის ტექნიკა, სამაშველო კატარღები და სკუტერები“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა თვაური.

„ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხანძრისა და დაკვამლიანების პრევენციას, სანაპირო ზოლს, ამასთან, მნიშვნელოვანია იმ ტერიტორიების მუდმივი მონიტორინგი, სადაც დამსვენებლებისა და ტურისტების დიდი ნაკადია. ჩვენი მიზანია, შესაძლო საფრთხე მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ. ყველაზე ხშირი პრობლემაა უსაფრთხოების ელემენტარული წესების უგულებელყოფა. მოქალაქეები ზოგჯერ სათანადოდ ვერ აფასებენ ბუნებაში გადაადგილებასთან, კოცონის დანთებასთან, რთულ რელიეფზე გადაადგილებასა და წყალთან დაკავშირებულ რისკებს. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა გაითვალისწინოს გარემო პირობები და საკუთარი შესაძლებლობები, გამოიჩინოს სიფრთხილე და თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც მის, ისე სხვების უსაფრთხოებას“, - განაგრძობს რესპონდენტი...

„1843 წლისთვის კავკასიაში რუსეთის იმპერიის სახმელეთო საზღვარი შავი ზღვის სანაპიროზე წმინდა ნიკოლოზის პოსტიდან კასპიის ზღვასთან მდებარე პოსტ ასტარამდე 1409.5 ვერსს (1 504 კმ) აღწევდა. 8 საკორდონო ხაზის (გურია, ახალციხე, ალექსანდრეპოლი, ერევანი, ნახჭევანი, ყარაბაღი, შირვანი და თალიში) 184 სასაზღვრო-საკორდონო პოსტზე 2 149 კაზაკი მსახურობდა. რადგან თურქეთის მფლობელობაში მყოფ ქობულეთსა და გურიას შორის საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ამიტომ გურიის საკორდონო ხაზს ადგილობრივები კაზაკთა მცირერიცხოვან დანაყოფთან ერთად იცავდნენ. ექვსი წლის შემდეგ, 1849 წლის მდგომარეობით, საზღვარმა შავი ზღვის სანაპიროდან პოსტ ასტარამდე 1 477 ვერსამდე (1 576 კმ) მოიმატა, ხოლო საკორდონო ხაზი ექვსამდე შემცირდა და დარჩა გურია-სამეგრელოს, ახალციხის, ალექსანდრეპოლის, ნახჭევან-ერევნის, ყარაბაღისა და ლენქორანის საკორდონო ხაზები. 207 საკორდონო პოსტზე 1 933 კაზაკი მსახურობდა და კიდევ 3 362 კაცამდე აპირებდნენ გაზრდას“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით გურიის სასაზღვრო-საკორდონო ხაზი.

„1849 წელს გურია-სამეგრელოს საკორდონო ხაზის 24 პოსტიდან გასული კაზაკები (მცირე რაოდენობა მაინც დარჩა) საზღვრის საკორდონო დაცვაში საგანგებოდ ჩამოყალიბებულმა ადგილობრივი მილიციის ქვეითმა ასეულმა და ქუთაისის ირეგულარულმა ცხენოსანმა პოლკმა შეცვალეს. კავკასიაში საკორდონო საზღვრის ქობულეთის მოსაზღვრე გურიის ხაზი საზღვრის რთულ დისტანციად ითვლებოდა. სირთულე მარტო რელიეფსა და ბუნებრივ პირობებში როდი იყო. გურიის მსგავსად, საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობაში ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, პირველადი მოთხოვნის მრავალი საგნის მწვავე ნაკლებობა იყო, ხოლო იქ, სადაც დეფიციტია, კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობა ყვავის. ქობულეთსა და შეკვეთილთან კონტრაბანდისტებს საწყობები ჰქონდათ, საიდანაც საქონელი გურიაში ზღვიდან ნავებით ან ხმელეთზე მდ. ჩოლოქით შემოდიოდა და შემდგომ იმერეთში, სამეგრელოში, ხანდახან კი უფრო შორსაც ვრცელდებოდა“,- აღნიშნავს გამოცემა.

„გურიაში თავს იყრიდა და იკვეთებოდა სახმელეთო გზები ლივანიდან, აჭარიდან, ბათუმიდან, ქობულეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან, ხოლო წმინდა ნიკოლოზის პოსტის სახით საპორტო პატარა პუნქტი იყო. გურიას სახმელეთო-საზღვაო კავშირებით ბაზრობებისთვის ყოველმხრივ ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა. ადგილობრივ ბაზრობებზე ვაჭრები ჩამოდიოდნენ თურქეთიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან. იყიდებოდა ადგილობრივი გლეხების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ძირითადად, სიმინდი და ხელოსანთა ნაკეთობები, სამრეწველო ნაწარმი, ინგლისური მანუფაქტურა. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ აფხაზები, მეგრელები და გურულები უცხოური აბრეშუმისა და ქაღალდის ქსოვილებით შემოსილები დადიოდნენ“, - განაგრძობს - გამოცემა...

Plinking-ი ეწოდება გასართობ სროლას იმპროვიზებულ და არასტანდარტულ სამიზნეებზე, რაც ფართოდაა გავრცელებული იმ ქვეყნებში, სადაც იარაღის შესახებ კანონმდებლობა ლიბერალურია და მოიცავს სროლის შესაძლებლობას, დაწყებული არბალეტითა და პნევმატური იარაღით დამთავრებული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითაც კი. პლინკინგში ძალზე პოპულარულია მცირეკალიბრიან.22 Long Rifle-ის (5.6×15.6 мм ღ) ვაზნებზე (ჩვენში “გეკოს” რომ ეძახიან) გათვლილი რევოლვერების, პისტოლეტებისა და ნახევრად ავტომატური შაშხანებით გასართობი სროლისთვის, რადგან ეს მცირე სიმძლავრის ვაზნაა, ხოლო მისი ტყვია შორს არ მიფრინავს და ბევრად ადვილია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, გასროლას აქვს პატარა ხმა და რაც მთავარია, ამ კალიბრის ვაზნები ბევრად იაფი ღირს, ვიდრე „ლუგერისა“ და მით უმეტეს, შაშხანების”, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით „ბერეტას“ „იაგუარი“ გასართობი სროლებისთვის / Beretta B22 Jaguar-ს პრეტენზია აქვს ყველაზე საუკეთესო მცირეკალიბრიან პისტოლეტად იწოდებოდეს...

„გასართობი სროლები განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში და ამ ქვეყნის იარაღის მაღაზიები პლინკინგისთვის დიდ არჩევანს სთავაზობენ მყიდველს უპირველესად მცირეკალიბრიანი პისტოლეტების სახით. 2026 წლის დამდეგს პლინკინგის მოყვარულებისთვის ამერიკულ საიარაღო მაღაზიებში გამოჩნდა საქვეყნოდ ცნობილი საიარაღო ფირმა „ბერეტას“ ახალი დიზაინის პისტოლეტი, სახელად „იაგუარი“, რომელიც რიგი ტექნიკური თავისებურებებით გამოირჩევა.“იაგუარის“ ჩარჩო დამზადებულია მსუბუქი ალუმინის შენადნობისგან, რაც ამცირებს იარაღის საერთო წონას სიმტკიცის შემცირების გარეშე. მწარმოებელი მყიდველს სთავაზობს ორ ძირითად ვერსიას სხვადასხვა ანოდირებული ჩარჩოთი: კლასიკური შავი და ელეგანტური ბრინჯაოსფერი (ნაცრისფერი/ე. წ. ტაკ-მეტალი), რაც მფლობელს საშუალებას აძლევს აირჩიოს მისი გემოვნების შესაბამისი ვარიანტი“,- აღნიშნავს გამოცემა.

„B22 Jaguar -ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი ორმხრივი ერგონომიკაა. დამცავი მექანიზმი ორმხრივია, რაც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ ორივე ხელით, რაც პისტოლეტს კომფორტულს ხდის მარცხენა ხელით მსროლელებისთვის. გარდა ამისა, კომპლექტში შედის სხვადასხვა ზომის სახელურების სამი კომპლექტი, რაც უზრუნველყოფს ხელში ინდივიდუალურ მორგებას. ლულის კორპუსის ზედა ნაწილი აღჭურვილია პიკატინის რელსით, რაც კოლიმატორის სამიზნეების ან ოპტიკური სისტემების დამონტაჟების საშუალებას იძლევა დამატებითი ადაპტერების საჭიროების გარეშე. ჩარჩოს ქვედა ნაწილში დამატებითი რელსი აფართოებს ტაქტიკური აქსესუარების დამონტაჟების ვარიანტებს, ფარნებით დაწყებული, ლაზერული მიზანმომნიშვნელებით დამთავრებული. სტანდარტულ მჭიდში 15 ცალი.22 LR ვაზნა ჩადის, რაც ხანგრძლივი სროლის საშუალებას იძლევა გადატენის გარეშე და იდეალურია როგორც სავარჯიშო, ასევე გასართობი სროლისთვის”, - დასძენს გამოცემა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა