ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია პროფესორ სტივენ ჯონსს გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯის (აშშ) პროფესორ სტივენ ჯონსს გადაეცა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას დაესწრნენ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, სტუდენტები და პროფესორები.

დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, სტივენ ჯონსი, ძირითადად, საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებზე მუშაობს.

”მას აქვს არაერთი ნაშრომი, რომელიც საქართველოს ეხება; კვლევითი პროექტი, რომელიც საქართველოს ისტორიისა და კულტურის კვლევის საკითხებს მოიცავს; არაერთი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ხორციელდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სტივენ ჯონსი შეირჩა ამ პრემიის ლაურეატად. პრემიას უკვე მეორედ გავცემთ და იგი საგანგებოდ დაწესდა უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგების მუშაობის და მათი საქმიანობის დასაფასებლად და, მეორე მხრივ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი ფაქტი. პრემიის დაწესების იდეა ეკუთვნის ბატონ ლადო პაპავას. პირველი ლაურეატი კი 2 წლის წინ შეირჩა - ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი, ლინგვისტი ჰაინც ფეინრიხი”, - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

სტივენ ჯონსის თქმით, აღნიშნული ჯილდო მისთვის საპატიოა.

„რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ეს ჯილდო მივიღე. ეს ჩემთვის ძალიან საპატიოა. ამ უნივერსიტეტთან ხანგრძლივი კავშირი მაქვს. აქ პირველად 1970-იან წლებში ვიყავი, როგორც სტუდენტი და მიხარია, რომ ეს კავშირი გრძელდება. მადლობელი ვარ ქართველი ხალხის და განსკუთრებით უნივერსიტეტის ამხელა დაფასებისთვის“, - აღნიშნა სტივენ ჯონსმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის საუნივერსიტეტო კომისიის გადაწყვეტილებით, 2016 წელს სამეცნიერო პრემია პროფესორ სტივენ ჯონსს ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის მიენიჭა. საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის დიპლომი პროფესორს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.

თსუ-ს ინფორმაციით, სტივენ ჯონსი არის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის საპატიო დოქტორი, პროფესორი, ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი და ექსპერტი პოსტ-კომუნისტური საზოგადოებისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, რედაქციის მრჩეველი და სარედაქციო კოლეგიის წევრი. იგი ავტორია საქართველოს შესახებ უმნიშვნელოვანესი ნაშრომისა: „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, რომელიც გადმოსცემს სიღრმისეულ და მრავალმხრივ შეფასებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებისა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს