გიორგი ტუმასიანი - ომარ ნიშნიანიძემ არმენოფობიური განცხადებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს

”მშვიდობის ფონდის” დამფუძნებლის, გიორგი ტუმასიანის შეფასებით, 2016 წლის 30 ივნისს „კავკასიის“ ტელეარხზე გასულ თოქ-შოუ „ბარიერში“ საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ომარ ნიშნიანიძის მიერ გაკეთებული განცხადებები არმენოფობიის შემცველია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ”მშვიდობის ფონდიდან” აცნობეს, გადაცემის განმავლობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ომარ ნიშნიანიძემ არაერთხელ გამოიყენა მისი გვარის ნაცვლად სიტყვა „სააკოვი“. ფონდის შეფასებით, აღნიშნული ტერმინოლოგია და მიმართვა წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ომარ ნიშნიანიძის არმენოფობიური მიდგომის ცალსახა და უტყუარ ფაქტს.“

„მიმაჩნია, რომ დებატებში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სახელით მონაწილე მოხელის, მითუმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ამგვარი განცხადებები სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ახალისებს რა განხეთქილებას სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის და ემსახურება სომხური იდენტობის დისკრედიტაციას“, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

მისი თქმით, ცხადია, რომ ომარ ნიშნიანიძის შეხედულებები სრულიად შეუფერებელია საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლის მანდატთან, რომელიც თითოეული მოქალაქის წარმომადგენლობას ითვალისწინებს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.

„მივიჩნევ, რომ მან უნდა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში მის მიერ არმენოფობიური განცხადების გამო. ამავდროულად, აუცილებლად მიგვაჩნია „ქართული ოცნების“ შიდა მექანიზმების მეშვეობით მოხდეს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება“, - აცხადებს გიორგი ტუმასიანი.

აღნიშნულ განცხადებას ”მშვიდობის ფონდი” ავრცელებს.

InterPressNews.Ge