ვახუშტი მენაბდე - საკონსტიტუციო კომისიის ძველი სახით ფორმირების გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საკონსტიტუციო კომისიის ძველი სახით ფორმირების შესახებ გადაწყვეტილებას სრულიად ლოგიკურად აფასებს იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტსარა აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

როგორც მენაბდემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რომელიც დაინერგა წინა მოწვევის პარლამენტში - მაშინაც პარლამენტის თავმჯდომარე ამავდროულად იყო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი.

„აქ ჩვენ ლეგიტიმაციის პრობლემასთან არ გვაქვს საქმე. არც არაფერი დაშავდებოდა იმით, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო თანათავმჯდომარე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას ჰყავდეს ერთი თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერის სახით, არანაირად არ არის პრობლემური“, - განაცხადა მენაბდემ.

ვახუშტი მენაბდის აზრით, იმ შემთხვევაშიც, თუ საკონსტიტუციო კომისია იმუშავებს პრეზიდენტის ინსტიტუტის რეფორმაზე, მისი უფლებების შეზღუდვის მიმართულებით, სურათი არ შეიცვლება იმის მიხედვით, იქნება თუ არა პრეზიდენტის კომისიის თანათავმჯდომარე.

„წინა ფორმატში პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო კომისიის წევრი და მას ჰქონდა ერთი ხმა. პრეზიდენტის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს კომისიის წევრი, თუმცა პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობის პირობებშიც არსებითად არაფერი შეიცვლებოდა. თანათავმჯდომარეს რაიმე განსაკუთრებული უფლებამოსილება არ აქვს, მასაც ექნებოდა ერთი ხმა ისევე, როგორც ჩვეულებრივ წევრს ანუ ფორმალური თვალსაზრისით, პრეზიდენტს არავითარ უპირატესობას არ მიანიჭებდა თანათავმჯდომარეობა და უმცირესობაში ყოფნის შემთხვევაში, ის ვერც ერთ იდეას ვერც დაბლოკავდა და ვერც განსაკუთრებულ ლობირებას გაუწევდა. ასე რომ, საკონსტიტუციო კომისიამ თუნდაც იმუშაოს პრეზიდენტის ინსტიტუტის რეფორმაზე (და, ალბათ, იმუშავებს), არ მგონია პრობლემა იყოს, რომ ამ დროს პრეზიდენტი არ არის თანათავმჯდომარე. ამ ლოგიკით სახალხო დამცელის ინსტიტუტსაც შეიძლება შეეხოს კონსტიტუციური რეფორმა, ისიც თანათავმჯდომარე ხომ არ უნდა იყოს?!“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

შეგახსენებთ, რომ ინიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ. დადგენილების პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაფუძნებას იმავე ფორმატით, როგორითაც ის შეიქმნა ზუსტად სამი წლის წინ. კომისიის თავმჯდომარე იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციები არსებობდა, მათ შორის, იყო პრეზიდენტის შემოთავაზებაც, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერისა და პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობით ითვალისწინებდა. თუმცა მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა საპარლამენტო ფორმატში წარიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა