დაბა ზაჰესში, დღეს ”საქართველოს ცემენტის კომპანიამ” ბეტონის ქარხნის პრეზენტაცია გამართა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს უკვე მეორე პროექტია, რომელიც ამ ჯგუფმა მსოფლიო ბაზრის ლიდერ ფრანგულ-შვეიცარულ კომპანია, ”ლაფარჟჰოლციმთან” თანამშრომლობით განახორციელა. ბეტონის ქარხანა დაპროექტდა და აღიჭურვა ”ლაფარჟჰოლციმის” სტანდარტებით. ”ლაფარჟჰოლციმი” მსოფლიოს 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. იგი 2500-ზე მეტ ქარხანას ფლობს მთელ მსოფლიოში.
”ლაფარჟჰოლციმის” პარტნიორის საქართველოში, მერაბ ჩიხრაძის თქმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონალურ ცენტრშიც გაიხსნება რამდენიმე საწარმო.
”ოქტომბრის თვეში ჩვენ გავხსენით ცემენტის ქარხანა ფოთში და იქ დავაანონსეთ ჩვენი ბიზნესის განვითარების გეგმა. ზუსტად ამ სტრატეგიის ფარგლებში გაიხსნა პირველი საწარმო ლაფარჟ-ბეტონის საწარმო თბილისში, რომელსაც რამდენიმე საწარმოს გახსნა მოყვება საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში, განსაკუთრებით გავაქტიურდებით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ეს ქარხანა აღჭურვილია ლაფარჟის სტანდარტებით. გათვალისწინებულია ყველა ის აუცილებელი პირობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სტაბილური მიწოდება და მაღალი ხარისხი ჩვენი მომხმარებლებისთვის”, - განაცხადა მერაბ ჩიხრაძემ.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და იფნრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ ძალიან კარგია როდესაც მსოფლიოში ცნობილი კომპანია შემოდის ქართულ ბაზარზე.
”ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიაა ”ლაფარჟჰოლციმი”, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. ჩვენთვის სამშენებლო სექტორში ასეთი ძლიერი კომპანიებისა და საერთაშორისოდ კარგად ცნობილი კომპანიების შემოსვლა უმნიშვნელოვანესია, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ამ ქარხანაში და დამატებით 40 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა”, - განაცხადა ალავიძემ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მსოფლიო ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება თანამედროვე ტიპის მშენებლობისთვის და დეველოპერებისთვის. ლაფარჯ -ბეტონი ქართველ არქიტექტორებს ისეთი ტიპის ბეტონის პროდუქციას შესთავაზებს, რომელიც არქიტექტორების კრეატიულობას ფართო ასპარეზს აძლევს, რათა უნიკალური ფორმების შენობები შექმნან, ფერების და ტექსტურის გამოყენებით. ეს მათ საშუალებას მისცემს იმუშაონ ისეთი სამშენებლო მასალებით, რომელიც მათ არქიტექტურული და ვიზუალური შედეგის გაუმჯობესებაში დაეხმარება.