გიორგი მარგველაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა გუშინ, იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო და სამძიმარი გამოუცხადა ისრაელის პრეზიდენტს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ასეთ დაუცველ გარემოში, მთელი მსოფლიო მრავალი გლობალური საფრთხის წინაშეა და ამ პროცესში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოების დამკვიდრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული და ჩვენი მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და გლობალური უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების, ძლიერი პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა.

აღინიშნა, რომ წელს საქართველო - ისრაელის დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წელი უსრულდება, მაშინ როდესაც ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობა ორი ათას ექვსას წელს ითვლის, მას შემდეგ ჩვენი ხალხები საერთო მემკვიდრეობასა და ერთმანეთის უდიდეს ურთიერთპატივისცემას იზიარებენ.

შეხვედრისას ისაუბრეს აგრეთვე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

აღინიშნა, რომ საჭიროა საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისაკენ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ლიბერალურ, სტაბილურ, უსაფრთხო და კორუფციისაგან თავისუფალ ბიზნესგარემოსთან ერთად საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უკვე ხდის მას მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად.

შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ უნიკალურ შესაძლებლობებსაც, რომელსაც საქართველო სთავაზობს პარტნიორებს, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობითა და ინტეგრაციით.

დღესდღეობით მოქმედებს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმი (GSP) აშშ-სთან, კანადასთან, იაპონიასთან, შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან, ისტორიული მნიშვნელობის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთთან.

ამ ყველაფრის გათვალისწილებით, საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ისრაელის კომპანიებს საქართველოში განახორციელონ ინვესტირება სხვადასხვა მზარდ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მრეწველობა.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუვენ რივლინის შეხვედრები საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების წევრები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა