თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ე.წ. კანონიერი ქურდის, გია გიორგაძის, იგივე "გია ტბილისკის" საქმის არსებით განხილვას იწყებს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბრალდებულის ადვოკატი, დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებს. პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.
გია გიორგაძე იგივე "გია ტბილისკი" სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის იანვარში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოს საზღვარი სარფის გავლით გადმოკვეთა. მას ბრალად ედება კანინიერი ქურდობა.
არაოფიციალური ცნობით, გია გიორგაძე, რომელიც კრიმინალურ სამყაროში რამდენიმე ზედმეტსახელით არის ცნობილი, ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებული დავით გერლიანის, იგივე "სვანას" საქმეში ფიგურირებდა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ბრალდების მასალებში მითითებული იყო, რომ "სვანას" ე.წ. ქურდულ სამყაროში "მონათვლა" გია გიორგაძეს უკავშირდება.