,,თიბისი ბანკისა” და ,,ბანკი რესპუბლიკის” ტექნიკური მიგრაცია 8 მაისს დასრულდება და ამის გამო მომდევნო ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 მაისს, ,,თიბისი ბანკის” სერვისებზე გარკვეული შეფერხებები იქნება, ხოლო 5 მაისის დღის ბოლომდე ბანკი ,,რესპუბლიკის” ყველა სერვისი გაუქმდება.
როგორც დღეს ,,თიბისი ბანკში” გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, 8 მაისიდან ბანკი “რესპუბლიკის” მომხმარებლებს წვდომა ექნებათ “თიბისი ბანკის” პროდუქტებისა და სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორისაა, ისეთი ინოვაციური პროდუქტები და სერვისები, როგორებიცაა საუკეთესოდ აღიარებული “თიბისი ბანკის” ინტერნეტ და მობაილ ბანკი; პირველი ჩატბოტი საქართველოში ანუ რობოტი-კონსულტანტი; ასევე, საანაბრე და სადეპოზიტე პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და ფილიალებისა და ბანკომატების ფართო ქსელი.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ბანკი ,,რესპუბლიკის” მომხმარებელმა სრულად შეძლოს ამ სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობა, კიდევ ორი დღეა საჭირო.
ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია დასრულდება 8 მაისს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 მაისს, იქნება გარკვეული შეფერხებები “თიბისი ბანკის” სერვისებზე, ხოლო 5 მაისის დღის ბოლომდე გაუქმდება ბანკი „რესპუბლიკის“ ყველა სერვისი. კერძოდ, 5 მაისს, 18:00 საათის შემდეგ ბანკი “რესპუბლიკის” სერვისები აღარ იმუშავებს, “რესპუბლიკიდან” გამავალი გადარიცხვები შეუძლებელი იქნება 5 მაისის 16:00 საათის შემდეგ;
5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ ბანკი “რესპუბლიკის” ბარათები გაუქმდება. ანგარიშებზე არსებული ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს “თიბისი ბანკში” ახლად გახსნილ ანგარიშებზე, რომლებზეც თანხები ხელმისაწვდომი გახდება ორშაბათიდან;
6 და 7 მაისის განმავლობაში არ იმუშავებს “თიბისი ბანკის” ფილიალები, სერვისცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საბარათე ოპერაციები “თიბისი ბანკის” ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი;
8 მაისიდან “თიბისი ბანკის” ყველა სერვისი სრულად აღდგება მთელი ქსელის მასშტაბით და ბანკი “რესპუბლიკის” კლიენტები გახდებიან “თიბისი ბანკის” სრულფასოვანი კლიენტები. მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება “თიბისი ბანკისა” და ბანკი “რესპუბლიკის” ყველა ფილიალში.
„ჩვენი უმთავრესი მიზანია, გვყავდეს ბევრი კმაყოფილი კლიენტი, მათთან ერთად განვვითარდეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ მათი სურვილებისა და ჩანაფიქრების ასრულების შესაძლებლობა. ის 500 ათასამდე კლიენტი, რომელიც ბანკი „რესპუბლიკიდან“ შეგვემატა, ჩვენი კომპანიისათვის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს და ვფიქრობთ, შევძლებთ გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე ჩვენივე კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.