საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელიც Sportall.ge-ს მიერ საეჭვოდ მიჩნეულ 16-წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრას ეხება.
Sportall.ge-მ უცნაურად 18 მაისს გამართული "ქუთაისი"-"იბერის" შეხვედრის ანგარიში მიიჩნია, რომელიც ანგარიშით 141:133 დასრულდა. ეს თამაში ცნობილი ტოტალიზატორის, marathonbet.com-ის გამორჩეული "ცოცხალი" თამაში იყო, ანუ მასზე სხვადასხვა ფსონი ლაივ-რეჟიმში იდებოდა. Sportall.ge-მ საყურადღებოდ მიიჩნია მატჩის ბოლო მეოთხედის ანგარიში, რომელიც მასპინძლებმა 58:51 მოიგეს.
"მიმდინარე წლის 18 მაისს ქუთაისში ჩატარებულ 16-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატის მატჩზე, ქუთაისი-იბერი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულებით 22 მაისიდან მოკლევას ახორციელებს ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტი, რისი დასრულების შემდეგ მოკვლევის შედეგი გადაეცემა კალათბურთის ფედერაციის გამგეობას. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შესაბამის გადაწყვეტილებას გამგეობის მიერ აღნიშნული თამაშის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღებს. რაც შეეხება ქუთაისი-იბერის შეხვედრის შედეგს, რომელიც 141:133 დასრულდა „ქუთაისის“ სასარგებლოდ, ის ძალაში აღარ არის 22 მაისიდან მოკვლევის დასრულებამდე და საბოლოო შედეგი ფედერაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაფიქსირდება”, - ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.