ივნისსა და ივლისში საქართველოს რვა ქალაქში დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების, კერძოდ, არბიტრაჟის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
კამპანიის ინიციატორია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) ევროკავშირის (EU), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პირველი შეხვედრა თელავში დღეს გაიმართა.
სემინარში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა და იურისტებმა მიიღეს მონაწილეობა. სემინარი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა გახსნეს. საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ხელმძღვანელმა ბექა ინჯიამ, დავების ალტერნატიული მოგვარების მნიშვნელობაზე როგორც სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებისათვის, ასევე ბიზნესის განვითარებისათვის ისაუბრა. მან ასევე სემინარის მონაწილეებს საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) საქმიანობა და მომავალში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ სამართლის ექსპერტმა ლიანა ქარცივაძემ ისაუბრა არბიტრაჟის პროცედურულ მხარეებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე ამ სფეროში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მიერ ახლად დამტკიცებული დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები, რომლებიც ბიზნესის ინტერესებზეა მორგებული. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საერთო დისკუსია არბიტრაჟთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.
საინფორმაციო კამპანია 30 ივლისამდე გაგრძელდება. შეხვედრები გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმში გაიმართება.
დავების ალტერნატიული მოგვარება (ADR) მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სასამართლოების დატვირთვას, ამცირებს დავების მოგვარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას. არბიტრაჟი დავების ალტერნატიული მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით მომგებიანია კერძო სექტორისათვის.
ევროკავშირი (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ საქართველოში დავების ალტერნატიული მოგვარების მეთოდების, მათ შორის მედიაციისა და არბიტრაჟის, განვითარებას მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია იურიდიული დახმარებისა და ფასიანი იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობის, სპექტრისა და ხარისხის გაზრდა. აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის, EU4Justice, ნაწილია, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სფეროში და რომლის ბიუჯეტი 50 მილიონ ევროს შეადგენს.