2019 წლიდან წინანდალში კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება

2019 წლიდან წინანდალში კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წინანდლის ფესტივალს სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად დააფინანსებს.
„დღეს ვიწყებთ მზადებას ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის, მაღალი ხარისხის მუსიკალური ფესტივალის შექმნისთვის, რათა წინანდალში, აგვისტო-სექტემბერში 2019 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად ჩატარდეს კლასიკური მუსიკის ფესტივალი, სადაც გვექნება უმაღლესი დონის არტისტების შესრულება. ამავე დროს, ამ ფესტივალს ექნება განათლების კომპონენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი „სილქ როუდ ჯგუფთან“ ერთად ხორციელდება. ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს თანადაფინანსებას და მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ორგანიზებაში ჩართული არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ტიპის ფესტივალებს აკეთებენ ევროპის მასშტაბით. ყველაზე ცნობილი ფესტივალები ამ პროფესიონალების გაკეთებულია, ისინი უშუალოდ იქნებიან ჩართული ევროპიდან და ისრაელიდან. წინანდალი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი კერა, ასევე გახდება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი და ეს იქნება მთელი კახეთის და საქართველოს მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი. ვფიქრობთ, ძალიან კარგ საქმეს ვიწყებთ დღეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

























