ალექსანდრე ელისაშვილი - ნარმანია უგულავას მავნე პრაქტიკას აგრძელებს

ყველა პასუხს აგებს იმისთვის, რომ ხალხის ფულს საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარდა, - ასე ეხმაურება თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მერიაში „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი დასაქმდა.
ელისაშვილი ნარმანიას ურჩევს, კარგად დააკვირდეს რას აწერს ხელს.
”ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა წინასაარჩევნო მარათონში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საკრებულოში მერიის მიერ დედაქალაქის ბიუჯეტში კორექტირების შეტანაც სწორედ ამ მანკიერ პრაქტიკას ემსახურება. ისინი ჩვენი ფულით საკუთარი საარჩევნო მიზნებს დააფინანსებენ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წინა ხელისუფლების დროს მოქმედი ქალაქის ხელმძღვანელი სწორედ ამ ბრალდებით იჯდა ციხეში. ნარმანია კი უგულავას მავნე პრაქტიკას აგრძელებს. მინდა გულწრფელად ვურჩიო მას, კარგად დააკვირდეს რას აწერს ხელს, იმიტომ, რომ ხალხის ფულის განიავება არავის შერჩება. ადრე თუ გვიან ეს მანკიერი პრაქტიკა დასრულდება და ყველა პასუხს აგებს იმისთვის, რომ ხალხის ფულს საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარდა”, - განაცხადა ელისაშვილმა.

























