"თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები და დავრჩებით თქვენთან თავისუფლების დასაცავად"
რა შედეგს ელით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტისგან?
იმპორტირებული პროდუქტით ყოველ წელს 18 000 ადამიანი ავადდება!
* * *
"თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები და დავრჩებით თქვენთან თავისუფლების დასაცავად"
“აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ახალი ადმინისტრაციის მეორე პირი, თბილისშია. იმ ფონზე, როდესაც რუსული საფრთხე ძალიან მაღალია და მცოცავი ანექსია ყოველდღიურად გრძელდება, აშშ-ის მეორე პირის ვიზიტს ორმაგად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება. ეს ტურნე ფასდება როგორც აშშ-ის გვერდით დგომის ღია მესიჯი და ასევე იმის დადასტურებაც, რომ ვაშინგტონი რუსეთის მიერ საფრთხის ქვეშ მყოფ რეგიონს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გავლენიანი პირი აღმოსავლეთ ევროპულ ტურნეს პირველად მართავს და პირველსავე ჯერზე მასპინძელ ქვეყნებს შორის, ესტონეთსა და მონტენეგროსთან ერთად, საქართველოც მოხვდა. რა გზავნილები აქვს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, გაირკვევა დღეს, გიორგი კვირიკაშვილთან და ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ” - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები და დავრჩებით თქვენთან თავისუფლების დასაცავად" / გაჩერება საქართველო - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მხარში დგომას უცხადებს
"თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე მაიკლ პენსის მხარდამჭერი განცხადება უკვე ცნობილი იყო: ვიზიტის მთავარი გზავნილი არის ის, რომ აშშ დგას როგორც ბალტიის ქვეყნების, ასევე საქართველოსა და მონტენეგროს გვერდით. "თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ ვართ და დავრჩებით თქვენთან თავისუფლების დასაცავად," - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ესტონეთში. გარდა ამისა, პენსმა ისაუბრა იმაზე, რომ "არ არსებობს იმ საფრთხეზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ის აგრესია, რომელიც რუსეთიდან მოდის". "დღეს რუსეთი ცდილობს, შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ძალის გამოყენებით, ძირი გამოუთხაროს სუვერენული სახელმწიფოების დემოკრატიას და ხელი შუწყოს ევროპის დაყოფას, დაუპირისპიროს ქვეყნები ერთმანეთს. პენსის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის მეთაურობით, აშშ ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას, მუქარას, წნეხს ბალტიის სახელმწიფოებსა და ჩვენს ნებისმიერ მოკავშირეზე. საგულისხმოა, რომ ამ ვიზიტს დაემთხვა აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაბიჯები რუსეთთან მიმართებით, კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ახალი მწვავე სანქციების დაწესებას, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მალე მოაწერს. ამ დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც, როგორც რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანა“, - აღნიშნავს გამოცემა.
"ასევე, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები - "ღირსეული პარტნიორი" ვაზიანში და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისას ნატოს ჯარისკაცების ყოფნა კიდევ ერთი სიმბოლური სიგნალია რუსეთისადმი, რომ აშშ საქართველოს პარტნიორი და მხარში მდგომია. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ტურნეს 2 ქვეყანა, ესტონეთი და მონტენეგრო, უკვე ნატოს წევრია და ამიტომაც მოლოდინია, რომ ვიცე-პრემიერი საქართველოში ყოფნის დროს ჩვენ მიმართ ალიანსის მხარდაჭერასაც ღიად კიდევ ერთხელ დაადასტურებს. მაიკ პენსი მეუღლესთან ერთად თბილისში გუშინ საღამოს ჩამოფრინდა. მას აეროპორტში პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად დახვდა. საღამოს პრემიერსა და პენსის სამუშაო ვახშამი შედგა მთაწმინდაზე. აეროპორტში და ასევე პუშკინის ბაღში ამერიკელ სტუმარს მოქალაქეებიც შეხვდნენ იმის ხაზგასასმელად, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და სწორედ ამას უკავშირდება მათი ასეთი დახვედრა. ოფიციალური შეხვედრები კი დღეს, დილიდან, დაიწყება. დილით კვირიკაშვილისა და პენსის შეხვედრა გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციაში, შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადებებით გამოვლენ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, შეხვდება სწავლება "ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მიმართავს მათ“, - განაგრძობს გამოცემა
"ამერიკელ სტუმარს სიონში პატრიარქი ილია ||-ც უმასპინძლებს. იგეგმება პენსის შეხვედრა რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერთან, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიასთან, "ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძესთან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ შალვა შავგულიძესა და "შენების მოძრაობის" ლიდერ დავით უსუფაშვილთან. ამერიკელ მაღალჩინოსანთან მიწვეულ ოპოზიციონერთა შორის ნინო ბურჯანაძე და ირმა ინაშვილი არ აღმოჩნდნენ. ოპოზიციონერები ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, ოლიგარქიულ მმართველობასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებას გეგმავენ. ვიზიტი 1-ელ აგვისტოს დასრულდება. საქართველოდან პენსი მონტენეგროში გაემგზავრება. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილის თქმით, მაიკ პენსის ვიზიტი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილი ოკუპანტისთვის იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია. ეს არის მესიჯი, რომ არასოდეს არ შერჩებათ ის ქმედებები და პოლიტიკა, რასაც ახორციელებენ სუვერენული ქვეყნის - საქართველოს წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში, საქართველოსთან ერთად, ისეთ ქვეყნებში იმართება, როგორებიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველო აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. მიხეილ ჯანელიძს თქმით, ამაზე ის გზავნილიც მეტყველებს, რაც ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის მოკავშირეები არიან და ამერიკა ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად დარჩება“, - წერს სტატიის ავტორი
რა შედეგს ელით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტისგან?
"საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით ჩვენს ქვეყანას გუშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი მეუღლესთან ერთად ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების პირველ პირებს და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეხვდება, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" - ის მონაწილე სამხედროებს. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ესენი იქნებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე და "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" რუბრიკაში მოსაზრებები კითხვით - რა შედეგს ელით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტისგან?
"ვფიქრობ, ისეთი მაღალი წარმომადგენლის ვიზიტი, როგორიც მაიკლ პენსია, საქართველოსთვის სასარგებლო ნამდვილად იქნება. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მიზანთან, რასაც ევროკავშირში და ნატოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ჰქვია. კარგი იქნება, ასეთი შეხვედრები ხშირი იყოს, იმის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყანა რა მდგომარეობაშიც იმყოფება, ვგულისხმობ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებას. მათაც თუ ექნებათ მიწვევები, კარგი იქნება", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იურისტი ქეთი ბექაური.
"კონკრეტულად მაიკლ პენსის ვიზიტისგან არავინ არაფერს არ ელის, მაგრამ საქართველოსთვის ყოველი მაღალჩინოსნის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ვიზიტის წინა განცხადებებს ყური მოვკარი და ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. ჩვენ რომ მათი პარტნიორი ვართ, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრები არ ვართ, ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით დიდ ნაბიჯებს ვდგამთ და კარგ აქტივობას ვიჩენთ. ამხელა ადამიანი საქართველოში ჩამოსვლისთვის რომ მოიცლის, მგონი, დღეს ჩვენთვის ამაზე საინტერესო და სასიამოვნო არაფერი არ ხდება. ასე, რომ საქართველოს ვულოცავ", - ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.
"ის, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში საგანგებოდ იმ დროს ჩამოდის, როდესაც ნატოს და ჩვენი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება, შემთხვევითი არ უნდა იყოს. აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი, მოკავშირე და ზესახელმწიფო, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ყველაფერი ცნობილია, რაც შეიძლება აშშ-მ დიპლომატიური ხერხებით გააკეთოს, მაგრამ იმის პროგნოზი, პრაქტიკულად პროცესები როგორ წარიმართება, ძალიან რთულია. რეალურად, ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე 2008 წელს იყო, რადგან მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. რუსეთთან არანაირი პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს და ასეთ დროს, ფაქტობრივად, იმის იმედად ვართ, ევროპელები ჩვენს დასაცავად რას გააკეთებენ. ამ ვითარებაში ეს მძლავრი მხარდაჭერაა, მაგრამ რა კონკრეტული შედეგები მოჰყვება, გაგება ძალიან ძნელია", - მიიჩნევს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.
"არაფერი შედეგი არ მოჰყვება. მან უბრალოდ ქულა დაიწერა. რუსეთის მხრიდან შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. ეს ჩვეულებრივი ვიზიტია. ასე ბევრი ჩამოსულა. რუსებს ტერიტორიის გადმოწევის მწვანე ბანერი მოაქვთ და ვინ ჩამოვა, სულ კიდიათ. ჩვენ კიდევ ვაგიჟებთ და ვითომ ვეკაიფებით. რეალურად კი, რუსები ჩვენზე უკვე მართლა კაიფობენ", - დასძენს ხელოვნებათმცოდნე ნუცა ჯანელიძე.
იმპორტირებული პროდუქტით ყოველ წელს 18 000 ადამიანი ავადდება!
"იმპორტირებული პროდუქტის უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. სპეციალისტები საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, იმპორტირებული პროდუქტის მოხმარების შედეგად წლის განმავლობაში 18 000 ადამიანი სიმსივნური დაავადებით ავადდება. მათი თქმით, პროდუქტი შესაბამისად არ მოწმდება, რაც ცალკე პრობლემას ქმნის. სპეციალისტების თქმით, საქართველოში შემოსული იმპორტირებული პროდუქტების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს და მეტი წილი ადგილობრივ წარმოებას დაეთმოს. ეს სამუშაო ადგილების რაოდენობასაც გაზრდის და მოსახლეობასაც ჯანსაღი საკვები მიეწოდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით იმპორტირებული პროდუქტით ყოველ წელს 18 000 ადამიანი ავადდება! / "საერთოდ არ უნდა შემოვიდეს უხარისხო პროდუქცია. თუ რამე გვჭირდება, აქ უნდა დამზადდეს!"
"იმპორტირებული პროდუქტის მავნებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ჩხეიძე. მისი თქმით, ყველა იმ პროდუქტს, რომელიც საზღვარზე შემოდის, შემადგენლობაში მითითებული აქვს მცენარეული ზეთი, რომელსაც ტექნიკური სახით იყენებენ და ადამიანისთვის საშიშია. ჩხეიძის ინფორმაციით, ყოველწლიურად 18 000-მდე ადამიანი ავადდება სიმსივნური დაავადებით მომწამვლელი პროდუქტისგან. 1-ლი აგვისტოდან კი კანონი ამოქმედდება, რომელიც რეალიზატორს საკუთარი პროდუქციის ნამდვილი შემადგენლობის გასაჯაროებას მოსთხოვს. საშინელი მდგომარეობაა ამ მხრივ. საკონდიტრო ნაწარმზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ადრე მითითებული იყო "შეიცავს მცენარეულ ზეთს," რაც შენიღბულად იყო გამოყენებული. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთი. ეს არის პალმის ზეთი, რომელიც ნატურალური ცუდი არ არის, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში მას იყენებენ სხვადასხვა ტექნიკური სახით, რაც საკმაოდ საშიშია. მის შემადგენლობაში შედის ტრანსცხიმები. იგი ისეთი საშინელებაა, რომ სიმსივნურ დაავადებებს იწვევს. იმდენად არ არის სანდო იმპორტირებული პროდუქტი, რომ თუ კარგად არ იცნობს შემადგენლობას ან კარგად არ ერკვევა საკითხში მომხმარებელი, საკმაოდ დიდია ალბათობა, შეცდომაში შევიდეს. 2006 წელს, როდესაც წინა ხელისუფლების დროს მოიხსნა როგორც ადგილობრივი, ისევე იმპორტირებული ნაწარმის შემოწმება, ასეთი პროდუქტების გამო დაავადებული ადამიანების რაოდენობის ზრდა დაიწყო. წინა წლებში 5 000 ადამიანი ავადდებოდა სიმსივნით, დღეის მდგომარეობით კი, ყოველწლიურად 18 000-მდე ადამიანი ავადდება განუკურნებელი სენით და ამის ძირითადი მიზეზი იმპორტირებული დაბალხარისხიანი პროდუქტია. შოთა ჩხეიძის თქმით, უკვე მიღებულია კანონი, რომელიც 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება. რეალიზატორი ვალებულია (რომელსაც კონტრატი აქვს უცხოელ მწარმოებელთან და შემოაქვს პროდუქცია), დეტალურად მიუთითოს, რას შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. ეს შემადგენლობა უნდა იყოს არა ზოგადი, არამედ კონკრეტული," - აღნიშნავს გამოცემა
"პროფესორმა იმ გზებზე ისაუბრა, რის საშუალებითაც ქვეყანა შეძლებს, მოსახლეობას თავიდან აარიდოს იმპორტირებული პროდუქტით გამოწვეული მავნებლობა. მისი თქმით, მოსავლიანობის გასაზრდელად აუცილებელია, გამოვიყენოთ ბიოსტიმულატორები (მაგალითად, "ბიორაგი"), რომელიც საქართველოში მზადდება და მისი გამოყენება საფრთხეს აარიდებს თავიდან ადამიანს. მისი თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტირებული პროდუქტის შემცირება მთავარი პრიორიტეტია, რის შედეგადაც ქვეყანაში გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და შემცირდება მავნე საკვების წილი. ამის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა ორგანული მიწათმოქმედება, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები გადადიან. ჩვენ გვაქვს უნიკალური საშუალება, ორგანული ბიოპრეპარატი, რომელსაც არ სჭირდება არც სასუქი, არც შხამქიმიკატები. ეს არის "ბიორაგი", რომელიც ქართველმა მეცნიერმა რამაზ გახოკიძემ შექმნა და ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ამ პრეპარატს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყენებენ, საქართველოში კი, სამწუხაროდ, ჯერ არ ხდება მისი გამოყენება. ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ და ამით გავზრდით მოსავლიანობას და შევამცირებთ დაავადებული ადამიანების რაოდენობას. პროფესორის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან არ ხდებოდა ტრანსცხიმების რაოდენობრივი განსაზღვრა, ჩატარდა ცდა: აიღეს საქართველოში, რუსეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში სავაჭრო ქსელში არსებული ერთი და იმავე სახეობის იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმი და შესამოწმებლად გააგზავნეს ლატვიაში. დადგინდა, რომ ჩვენთან შემოსულ პროდუქციაში ათჯერ მეტი იყო ტრანსცხიმების შემცველობა, ვიდრე დასახელებულ ქვეყნებში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ. უნდა გამკაცრდეს მისი შემოწმება ან საერთოდ არ უნდა შემოვიდეს მსგავსი პროდუქცია. თუ რამე გვჭირდება, აქ უნდა დამზადდეს. ეს სამუშაო ადგილებსაც შექმნის და ბევრად ჯანსაღი პროდუქციაც გვექნება," - განაგრძობს გამოცემა
"იმპორტირებული პროდუქტის მავნებლობაზე საუბრობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია, რომელიც აცხადებს, რომ საზღვარზე სათანადოდ ვერ ხერხდება ყველა პროდუქტისა თუ საერთო მოხმარების ნივთების შემოწმება, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. მისი თქმით, ცალკე პრობლემაა ეტიკეტებზე წარწერები, რომელიც გაურკვევლადაა შედგენილი და მომხმარებელს ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას არ აწვდის. რა თქმა უნდა, ყველა შემოსული პროდუქტი ვერ მოწმდება, იქნება ეს საკვები თუ საერთო მოხმარების. მე ყურადღებას გავამახვილებ ქიმიურ პროდუქციაზე, რომლის შემოწმებაც არ ხდება იმდენად, რომ არც აწერია ეტიკეტზე, რას შეიცავს იგი. მოსახლეობაც ნაკლებად ინფორმირებულია, რამდენად საშიშია ეს ნივთიერებები ან როგორ უნდა დაიცვან თავი. კიდევ ერთი პრობლემაა სავაჭრო ქსელში წარმოდგენილ პროდუქტზე დატანილი ეტიკეტების გარჩევადობა. იმდენად წვრილი შრიფტითაა დაწერილი შემადგენლობა, რომ შეუძლებელია, მომხმარებელმა გაარკვიოს, რას შეიცავს პროდუქცია. ამას უნდა მიექცეს სერიოზული ყურადღება," - აცხადებს ინგა ღვინერია. ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ საბაჟოზე შემოსული პროდუქტები განსაკუთრებულად მოწმდება და შეუძლებელია, მოსახლეობამდე მავნე ნივთიერების შემცველი პროდუქტები მივიდეს. ფიტოსანიტარიული სამსახურის თქმით, ეს გაწერილია კანონმდებლობით. რასაც კანონი ითვალისწინებს, საზღვარზე ყველაფერი მოწმდება. ცალკე დანაყოფი გვყავს ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტში, ვეტერინარიული და ფიტოსანიტარიული ჯგუფები, რომლებიც კანონის მოთხოვნის შესაბამისად ამოწმებენ ყველანაირ პროდუქტს," - წერს სტატიის ავტორი
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"