აფხაზეთში ანტირუსული განწყობის ზრდას ვერც პუტინმა აუარა გვერდი
ეთანხმებით თუ არა რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკების გამართვაზე სს სასჯელის დაწესებას?
წყლის ხშირი გათიშვის გამო GWP-ის, შესაძლოა, ფინანსური სანქცია დაეკისროს
* * *
აფხაზეთში ანტირუსული განწყობის ზრდას ვერც პუტინმა აუარა გვერდი
“ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მთავარი განცხადება იყო, რომ ის საიმედოდ უზრუნველყოფს აფხაზეთის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. თანაც, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უსაფრთხოებაზე საუბრისას აქცენტი მარტო საქართველოსგან აფხაზების "დაცვა" კი არ ყოფილა, არამედ საკუთარი მოქალაქეების, რუსი ტურისტების აფხაზი კრიმინალებისგან დაცვაც. აფხაზეთში იმდენად მაღალია რუსი ტურისტების მიმართ არაკეთილგანწყობა და ყაჩაღობა-თავდასხმა, რომ პუტინმაც კი ვერ აურა გვერდი ამ პრობლემას მთავარ განცხადებაში. რუსი ტურისტების უსაფრთხოებაზე მოუწია საუბარი რუსეთის პრეზიდენტს იმ რეგიონში, რომელსაც თავად რუსებმა აჩუქეს "დამოუკიდებლობა" და თან იქ სწორედ იმ მიზნით ჩავიდა, რომ ნიშნის მოგებით ესაუბრა დასავლეთისთვის და ეჩვენებინა, რომ ეს ტერიტორია მისი გავლენის ქვეშაა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აფხაზეთში ანტირუსული განწყობის ზრდას ვერც პუტინმა აუარა გვერდი
"აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სოხუმში ჩასვლა დაიგეგმა თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისათვის საპასუხოდ და თუკი მაიკ პენსმა რუსეთს ხისტი მესიჯი გაუგზავნა, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია და წითელი ხაზების გადაკვეთას არ აპატიებს არავის, პუტინმა დემონსტრაციულად სწორედ 8 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, დაგეგმა სოხუმში ჩასვლა დასავლეთისთვის საპასუხო გზავნილად, რომ აფხაზეთი მისი გავლენის სფეროა. როგორც დაანონსებული იყო, პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში 8 აგვისტოს ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ვიზიტის შესახებ სტატიების სათაურებში გამოტანილი იყო აქცენტი, რომ პუტინი ჩავიდა აფხაზეთში 5-დღიანი ომის დაწყების წლისთავზე. შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართა. "სასაუბრო ბევრია, თუმცა მთავარი ის არის, რომ აფხაზეთთან ჩვენ სრულიად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ საიმედოდ უზრუნველვყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება", - ეს იყო პუტინის პირველი განცხადება. მან ასევე თქვა, რომ "რუსეთისა და აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივმა მუშაობამ უნდა აამაღლოს ტურისტების უსაფრთხოება რესპუბლიკაში."- აღნიშნავს გამოცემა.
"აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკა თითქმის არავის არ მოსწონს, თუმცა მმართველი სეპარატისტები ამას ეგუებიან. მათ რუსებისგან აქვთ თანამდებობები თუ ფინანსური ნაკადები, ამიტომაც ამ განწყობას ღიად ვერ გამოხატავენ. ანტირუსულ განწყობას ძირითადად ძველ მეომართა ნაწილი და რიგითი მოსახლეობა გამოხატავს, ისინი, ვისთანაც რუსული დაფინანსება არ მიდის და რუსებისგან პირად ხეირს ვერ ხედავენ. ის ამბობს, რომ კრიმინალის ზრდასაც აფხაზები რუსეთს აბრალებს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს პრობლემა რუსებს უნდა მოეგვარებინათ და რუსების მიმართ უკმაყოფილებას და არაკეთილგანწყობას პირად საუბრებში არ მალავენ. მისი თქმით, რუსი ტურისტების მიმართ აფხაზების არაკეთილგანწყობა ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, ბოლო დროს კრიმინალმა უფრო იმატა, ესაა ტურისტების დაყაჩაღება, ძარცვა, აგდებული დამოკიდებულება, მკვლელობაც კი. კიკნაძის თქმით, ვერ ვიტყვით, რომ ანტირუსული განწყობის ადამიანები აფხაზეთში უმრავლესობა არ არის, მაგრამ ღიად ამას ვერავინ ამბობს, მათ ამის გამჟღავნების ეშინიათ. სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე ეს განწყობა ჩანს. ანტირუსული განწყობა იყო ყოველთვის, მაგრამ ახლა სიმძაფრემ მოიმატა. ამ დამოკიდებულებაზე წერს რუსული მედია და სეპარატისტების რუსების მიმართ განწყობას ძალიან აკრიტიკებენ. პუტინმა კარგად იცის, რა ხდება აფხაზეთში, მაგრამ ამის ღიად გამოხატვას იქ არავინ ბედავს და ამ საკითხის ქუჩაში ხმამაღალ პროტესტად გამოტანაც არ მოხდება. ამას პუტინიც არ დაუშვებს და ამ საკითხის მოსაგვარებლადაც ჩავიდა ის ხაჯიმბასთან. მთელი აფხაზი სეპარატისტები ფიანდაზად გაეგებიან ახლა პუტინს და შეეცდებიან, დაარწმუნონ, რომ ეს კრიმინალი და რუსი ტურისტების დევნა ერთეული შემთხვევაა და არა ანტირუსული განწყობის საერთო სურათი," - განაგრძობს გამოცემა.
"ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის განცხადებით, თავიდანვე აშკარა იყო, რომ პუტინს ამ ვიზიტისას სამი მიზანი ჰქონდა: პირველი, კრიმინოგენული სიტუაცია, განსაკუთრებით რუს ტურისტებთან მიმართებით; მეორე - ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო ცენტრი და მესამე - რუსეთის ინტერესების პოლიტიკური ხაზგასმით საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტზე პასუხი. მისივე აზრით, ამ ვიზიტმა სამივე ეს მესიჯი დაადასტურა. ცქიტიშვილის თქმით, რადგან ანტირუსული განწყობა არის მიმდინარე აქტუალური საკითხი, შესაბამისად, ამ საკითხზე მოახდინა პუტინმა კონცენტრირება. თუმცა პუტინმა ამ განცხადებით ის კი არ აღიარა, რომ აფხაზეთში რუსები არ უყვართ, არამედ აღიარა, რომ არსებობს გარკვეული დაძაბულობა და რთული კრიმინოგენული სიტუაცია, რომელსაც ისევ რუსები მოაგვარებენ. რატომ არ უყვართ აფხაზეთში რუსები, ამაზე ცქიტიშვილის პასუხია, რომ აფხაზები თავიანთ სიღარიბეს რუსების დაფინანსების სიმცირეს აბრალებენ. ცქიტიშვილის თქმით, აფხაზეთში რუსები არასდროს ეხატებოდათ გულზე და ეს დამოკიდებულება უფრო გამძაფრდა სრული უფულობისა და სრული უპერსპექტივობის ფონზე. რაც უფრო მეტად უჭირს ეკონომიკურად რუსეთს, ეს აფხაზეთს მით უფრო მეტად ურტყამს - რუსული დაფინანსება მცირდება, მით უფრო გაჭირვებული ხდება ადგილობრივი აფხაზი და მით უფრო ცდილობს, მათზე მეტად შეძლებულ რუს ტურისტს რაც შეიძლება მეტი წაართვას. აფხაზები ყოველთვის აცხადებენ, რომ ყველას, მათ შორის რუსებს, მათი ვალი აქვთ, რომ არა აფხაზები, რუსეთის საზღვართან ნატო-ს ჯარები იდგებოდა. აცხადებენ, რომ რუსული ბაზებია მათ ტერიტორიაზე განთავსებული და რუსეთიდან წამოსული დაფინანსება ბევრად მცირეა, ვიდრე ამ ბაზების საფასური უნდა გადაეხადათ რუსებს," - წერს სტატიის ავტორი.
ეთანხმებით თუ არა რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკების გამართვაზე სს სასჯელის დაწესებას?
"თავისუფალმა დემოკრატებმა" წამოაყენეს ინიციატივა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკების გამართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს. ამ ინიციატივას პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე დაარეგისტრირებენ და დახმარებას პროდასავლურ პარტიებს სთხოვენ. "მტერ სახელმწიფოს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება უნდა ელაპარაკოს", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე. მისი თქმით, თუ მმართველი პარტია ამ კანონს არ მიიღებს, მაშინ "ქართველთა მარში" და "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტი "ქართული ოცნების" ინტერესებში შევა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" რუბრიკაში მოსაზრებები კითხვით - ეთანხმებით თუ არა რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკების გამართვაზე სს სასჯელის დაწესებას?
"თქვენი გაზეთი ძალიან ძლიერი და მაგარია, ამიტომ ამაზე თქვენს კომენტარს მოგცემთ. თუმცა საერთოდ ამაზე კომენტარს არ უნდა ვაკეთებდეთ. როდესაც "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთში წავიდა და რუსეთის პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართა, ამაში ცუდი ვერაფერი დავინახე. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალის მეორე პოლიტიკურ ძალასთან შეხვედრა და დიალოგის შესაძლებლობა. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი შავგულიძე პოლიტიკურ ცაში დაფრინავს. რას ლაპარაკობს, ვერ გაურკვევია. ეს პარტია, ფაქტობრივად, დაშლილია და არ არსებობს. ინიციატივა აბსოლუტურად მიუღებელია, აბსურდული და ასეთი განცხადებით ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი არ უნდა გამოდიოდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
"მიჭირს დარწმუნებით გითხრათ, კარგია თუ ცუდია. მგონი, ზედმეტად მკაცრი ზომაა. საერთოდ, ყოველთვის გონივრული შუალედის მოძებნის მომხრე ვარ, ჩემი ბუნებით რადიკალი არ ვარ და ექსტრემალური გადაწყვეტილებების მომხრე არ ვარ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი უნდა იყოს თუ არა, მაგრამ გამკაცრება საჭიროა. რუსეთს გარკვეულ პირობებს მთელი მსოფლიო უმკაცრებს. ჩვენ ერთ-ერთი პირველი უნდა ვიყოთ", - მიიჩნევს მომღერალი ირმა სოხაძე.
"მესმის, ეს კანონპროექტი რატომაც გააქვთ. იმიტომ, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" რუსეთის მხარესთან ვითომ მოლაპარაკება დაიწყო, რაც შინაარსობრივად საქართველოსთვის სისულელე და უაზრობაა. მაგრამ, მეორე მხრივ, "პატრიოტთა ალიანსის" ალოგიკურ ქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტმა კანონი მიიღოს, ეს უკვე სირცხვილია, რადგან დემოკრატიის ნორმებს არღვევს და საერთოდ ყველაფერს ეწინააღმდეგება. რამდენი ვინმე სისულელეს და საზიანოს გააკეთებს, შემდეგ ამაზე კანონი მიიღო, სერიოზული საქციელი არ არის, რაც სერიოზულ ქვეყანას არ შეჰფერის", - განმარტავს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.
"საერთოდ, რუსეთის ფედარაციასთან მოლაპარაკება სახელმწიფომ უნდა გამართოს. თუ ვინმეს კერძო ინიციატივა ექნება, ის კოორდინირებული უნდა იყოს სახელმწიფო უწყებებთან", - დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.
წყლის ხშირი გათიშვის გამო GWP-ის, შესაძლოა, ფინანსური სანქცია დაეკისროს
"ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის გამუდმებულ შეწყვეტას მოსახლეობა მუდმივად აპროტესტებს. გახშირებულმა ფაქტებმა ენერგოომბუდსმენის გაღიზიანებაც გამოიწვია, რომელიც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" (პცზ) რეკომენდაციით მიმართავს, მაქსიმალურად შეამციროს მომსახურების შეწყვეტა. სალომე ვარდიაშვილმა რეაგირებისათვის საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასაც მიმართა, რომლის ოფიციალური პოზიცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. გამორიცხული არ არის, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ფინანსური სანქციაც დაეკისროს. ენერგოომბუდსმენის აპარატი შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" მიმართავს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს დედაქალაქში შექმნილი მდგომარეობა. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში გახშირდა მომხმარებელთა მიმართვა თბილისის სხვადასხვა უბნიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ხშირად უწყდებათ წყალმომარაგება. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა ვაზისუბანსა და ავჭალაში“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით წყლის ხშირი გათიშვის გამო GWP-ის, შესაძლოა, ფინანსური სანქცია დაეკისროს / სალომე ვარდიაშვილი: "40 გრადუს სიცხეში უწყლოდ დარჩენა სრული კატასტროფაა. ეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"
"ენერგოომბუდსმენის სამსახური დადებითად აფასებს კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, რაც მომავალში მკვეთრად შეამცირებს წყალმომარაგების კუთხით წარმოქმნილ პრობლემებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გონივრული გრაფიკის შემუშავება. ხანგრძლივი გეგმური სამუშაოები უარყოფითად აისახება მომხმარებლებზე. რაც შეეხება დაზიანებას, ის აღმოფხვრილი უნდა იყოს უმოკლეს ვადებში", - აცხადებენ ენერგოომბუდსმენის აპარატში და მიმართავენ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", მაქსიმალურად შეამციროს მომსახურების შეწყვეტა. შესული პრეტენზიები სათანადო შესწავლისა და რეაგირების მიზნით გადაეცა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. თუკი სემეკმა სალიცენზიო ნორმების დარღვევა დაადასტურა, კომპანიას, შესაძლოა, ფინანსური სანქცია დაეკისროს. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აწარმოებს, თავისთავად მისასალმებელია, თუმცა ამისთვის აბსოლუტურად არასწორი დროა შერჩეული. ვარდიაშვილის თქმით, საქმე ისაა, რომ კომპანია გეგმურად ახორციელებს 2017 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რასაკვირველია, ამას მივესალმებით და დადებითად ვაფასებთ. გეგმის წარმოდგენისთანავე ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს აუცილებელი და გარდაუვალია, ვინაიდან წყლის ინფრასტრუქტურა ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ აუცილებელია რეაბილიტაცია. სამუშაოები რაც უფრო მალე ჩატარდება, რა თქმა უნდა, უკეთესია, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომში დაზიანებები და ავარიები. ეს პროცესი მომსახურების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, მაგრამ მიმდინარე ზაფხული უკიდურესად ცხელია და მოსახლეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია წყლის ხშირად შეწყვეტის გამო. 40 გრადუს სიცხეში უწყლოდ დარჩენა სრული კატასტროფაა, თანაც საუბარია გეგმურ შეზღუდვაზე, რის გამოც მოსახლეობა 8-12-საათიანი ინტერვალით რჩება უწყლოდ. ეს დაუშვებელია, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია“, - აღნიშნავს გამოცემა.
"ვარდიაშვილის თქმით, კომპანიამ უნდა შეიმუშაოს გონივრული გრაფიკი იმგვარად, რომ არ აისახოს მომხმარებელზე ცუდად. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ავარიასა და დაზიანებას, რაც სპონტანურად ხდება და წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. მისი თქმით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პრობლემით სემეკიც დაინტერესდა და მალე შესაბამისი რეაგირებაც იქნება. ჩვენი გაღიზიანება განსაკუთრებით გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ცალკეულ უბნებში, მაგალითად, ვაზისუბანსა და ავჭალაში, განსაკუთრებით ხშირად და დიდი დროით იზღუდება წყალმომარაგება. ყოველდღიურად ვახდენთ ინტერნეტ სივრცის მონიტორინგს, რათა არ გამოგვეპაროს, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს რომელიმე განსაკუთრებით მწვავე პრობლემა. სოციალურ ქსელშიც ეს უბნები გამოიკვეთა განსაკუთრებული დისკომფორტის ზონებად უწყლოდ დარჩენის გამო. ამ საკითხებზე საქმის კურსში ჩავაყენეთ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია და აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება. ჩვენი მიზანი მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაა და არა სანქციები, თუმცა, შესაძლოა, ეს ზომაც იქნეს გამოყენებული", - განაგრძობს გამოცემა
"ლალი ნონიკაშვილი ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ წყლის შეწყვეტა მის უბანში ისედაც საკმაოდ ხშირი მოვლენაა და თითქმის მიეჩვივნენ კიდეც, მაგრამ როცა ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, რამდენიმესაათიანი გათიშვაც კი უდიდესი პრობლემაა. "წყლის გადაკეტვა უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. როცა "ჯივიპიში" ვრეკავთ ან საიტზე ვწერ, მეუბნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა. არ ვიცი, რით ვერ დამთავრდა ეს რეაბილიტაცია და რა ვერ შეაკეთეს. ამ სიცხეში უწყლოდ დატოვება სასიკვდილოდ გაწირვის ტოლფასია", - განაცხადა ლალი ნონიკაშვილმა. "რეზონანსი" ჯერ კიდევ 27 ივლისს წერდა მაღალი ტემპერატურის დროს წყლის გათიშვის თაობაზე. მაშინ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შემოიფარგლა პასუხით, რომ "სამუშაოები გეგმურია, ხოლო რაც შეეხება წყლის ხშირ გათიშვას, ინფორმაცია წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ კომპანიის ვებ-გვერდზეა განთავსებული და წინასწარ ეგზავნება მომხმარებელს ინფორმაცია". როგორც ჩანს, წყალმომარაგების კომპანია სულაც არ აპირებს პრობლემის აღიარებას“, - წერს სტატიის ავტორი