ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას - სამართლიან და გამჭვირვალე კრიტერიუმებზე დაყრდნობით კონკურენტუნარიანი კანდიდატები შეერჩია, - ამის შესახებ სტრასბურგის მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჯანდიერი აღნიშნავს, მან სტრასბურგის მოსამართლეობის შესარჩევად გამოცხადებულ მესამე კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. ის კომისიის სახელისუფლებო წევრებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
„წინა კონკურსმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კომისიის სახელისუფლებო წევრები იყვნენ მიკერძოებულნი, რასაც ადასტურებდა მათ მიერ დასმული შეკითხვების პათოსი, ასევე წინასწარი შეთანხმებით ერთი და იგივე ქულებით კანდიდატთა შეფასების ტენდენცია.
იყო მოლოდინი, რომ სიის პირველი ჩავარდნის შემდეგ მაინც მოხერხდებოდა უფრო სამართლიან გარემოში კონკურსის ჩატარება, მაგრამ ამაოდ. იმ პირობებში, როდესაც კომისიის ეს შემადგენლობა და მთლიანად პროცესი კომპრომეტირებულია, რასაც ემატება არასამთავრობო ორგანიზაციათა უარი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე, ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ მონაწილეობა მივიღო კონკურსში, რომელიც ზუსტად ისე არასამართლიანად არჩევს კანდიდატებს საერთაშორისო კონკურსისთვის, როგორც ამას ტრადიციულად აკეთებენ სახელისუფლებო უწყებები შიდა კონკურსებისთვის.
იმედი მაქვს, ოდესმე კეთილსინდისიერი ადამიანების ხელში იქნება ადამიანების პროფესიული კარიერა ჩვენს ქვეყანაში და იგი დაეფუძნება ცოდნას და არა პოლიტიკურ პრეფერენციებს თუ მორჩილებას“, - წერს ჯანდიერი.
სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია. შესაბამისი სია დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გაასაჯაროვა.
მისი ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, ლუიზა ხითარიშვილი, კონსტანტინე კორკელია და ნინო ბაქაქური იღებენ.