იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩემთან გასაუბრებაში მონაწილეობა არ მიიღო, გაუგებარია, როგორ წარიმართება კენჭისყრა და შეფასება ვინაიდან საერთო შეფასებას გამოაკლდა ერთი შემფასებელი, - ამის შესახებ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატმა კონსტანტინე ვარძელაშვილმა გასაუბრების შემდეგ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე ვარძელაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი სამთავრობო კომისიის შემადგენლობის განახლებას ითხოვდა. როგორც ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება მიიღება ქულების დაჯამებით და აქედან გამომდინარე მისთვის უცნობია, როგორ შეიძლება მიიღოს კომისიამ გადაწყვეტილება.
კონსტანტინე ვარძელაშვილი მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიკურად მართულია.
"გასაუბრებაზეც ვთქვი და ახლაც დავადასტურებ იმას, რომ ჩემი მონაწილეობა ან პროცესში არის წმინდა ფორმალობა, თუმცა საჭიროდ ჩავთვალე ეს პროცედურები გამევლო. გასაუბრებაზე მოსვალამდე მოსამზადებლად კანდიდატებს 24 საათზე ნაკლები გვქონდა. ეს თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესი წმინდად ფორმალურია. კანდიდატების ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო არ იყო საქართველოში, ასეთი მცირე დროის განსაზღვრა გასაუბრებაზე მოსვლისთვის მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც გადაწყვეტილებები წინასწარ არის მიღებული", - განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვილმა.