ქართული პრესის მიმოხილვა 01.09.2017

ქართული ენა აიკრძალა!

შესაძლებელია თუ არა, ხანძრების გამომწვევი მიზეზი იყოს დივერსია?

ბირთვული რაკეტის საბრძოლო გასროლა იაპონიისკენ - ჩრდილოეთ კორეის შემდეგი სამიზნე შესაძლოა, გუამი იყოს

***

ქართული ენა აიკრძალა!

“ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" მცხოვრები მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი ორშაბათს, 4 სექტემბერს იწყება და, სეპარატისტული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალის ქართული სკოლების შემდეგ, მშობლიურ ენაზე სწავლება ახალგორში დარჩენილ 8 ქართულ სკოლაშიც ეკრძალებათ ქართველ მოსწავლეებს. სკოლების გარდა, ქართულ ენას სეპარატისტები ბაგა-ბაღებშიც ებრძვიან და ბავშვებისთვის ქართულად ლაპარაკი სკოლამდეც არ არის ნებადართული. აფხაზეთისა და წელს პლუს "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლებების გადაწყვეტილებით, ქართველი ბავშვები განათლებას მხოლოდ რუსულ ენაზე მიიღებენ რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით და თან, ამ წიგნების შეძენა მშობლებს თავად მოუწევთ. 2017 წლის 4 სექტემბრიდან ახალგორის სკოლების პირველ კლასში მისულ ბავშვებს ქართული "დედაენის" ნაცვლად რუსული ანბანი დახვდებათ. თანაც, სეპარატისტებმა არა მარტო პირველი კლასის ბავშვებს აუკრძალეს მშობლიურ ენაზე სწავლა, არამედ ერთი ხელის მოსმით გააუქმეს ქართულად სწავლება 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით, რაც ქართველ ბავშვებს დიდ პრობლემებს უქმნით რუსული ენის არცოდნის გამო. პარალელურად, ქართული ენა დარჩება მხოლოდ რიგით საგნად და მას კვირაში თითო-თითო საათი დაეთმობა - ერთი საათი - ქართულ ენას და ერთი - ლიტერატურას. ასე, ერთი ხელის მოსმით, მშობლიურ ენაზე სწავლა სეპარატისტულმა რეჟიმმა ჯერ აფხაზეთში გააუქმა, წელს კი ქართველი მოსწავლეებისათვის ქართულად სწავლება ახალგორშიც იკრძალება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართული ენა აიკრძალა! / ახალგორის სკოლებში ბავშვებს ქართული "დედაენის" ნაცვლად რუსული ანბანი დახვდებათ

"აფხაზეთში 2014 წლამდე 11 ქართული სკოლა იყო დარჩენილი, ისიც გალის ე.წ. ქვედა ზონაში. 2014-2015 სასწავლო წელს კი ქართულად სწავლება 1-ლიდან მე-4 კლასის ჩათვლით აიკრძალა. წელს გალში 6 კლასის ჩათვლით სწავლება რუსულადაა, 5 წელიწადში კი მთელი ეს სკოლები სრულად რუსული გახდება. ჯერჯერობით ზედა კლასებში ყველა საგანი ქართულად ისწავლება, თუმცა აკრძალულია ქართულად დაბეჭდილი გეოგრაფია და ისტორია. ამ საგნებს სეპარატისტების მიერ შექმნილი რუსული წიგნებით ასწავლიდნენ. თუმცა, პედაგოგები მოსწავლეებს ჩუმად ქართულ გეოგრაფია-ისტორიას მაინც ასწავლიდნენ. გალისაგან განსხვავებით, ახალგორში მთელი ეს წლები ქართულ სკოლებს არავინ ეხებოდა. აკრძალვა ეხებოდა ქართულ ისტორიასა და გეოგრაფიას. წელს კი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის მიერ გაცემული დავალებით, ოკუპირებული გალის შემდეგ ახალგორშიც უქმდება ქართული სკოლები. უკვე გადაწყვეტილია, რომ 4 სექტემბრიდან ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" არსებულ 8 ქართულ სკოლაში სწავლება რუსულად იქნება. მოსწავლეები რუსული სახელმძღვანელოებით ისწავლიან, ის ქართველი პედაგოგები, ვინც ე.წ. ატესტაციას თავის საგანში რუსულად ვერ ჩააბარებენ, სამსახურის გარეშე დარჩებიან და მათ ცხინვალიდან ოსი პედაგოგები შეცვლიან“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ახალგორის ქართული სკოლების დირექტორები და პედაგოგები ცხინვალში, დე ფაქტო განათლების სამინისტროში უკვე დაიბარეს, ასევე ჩატარდა პირველი "ატესტაციაც" და ახალგორელებისთვის სექტემბრიდან მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვაც უკვე ცნობილია. ქართული სწავლება იკრძალება ახალგორის რაიონში მოქმედ ექვს სკოლაში, ასევე - საჩხერის სოფელ სინაგურისა და ზნაურის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ თითო ქართულ სკოლაში, სადაც 1-ლიდან მე-4 კლასის მოსწავლეები ყველა საგანს რუსულად ისწავლიან. ე.წ. განათლების მინისტრის მოადგილე ელისო გაგლოევა აცხადებს, რომ "განათლების სამინისტრომ დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები, ქართულ სკოლებში სწავლების რესპუბლიკის სტანდარტებზე გადასაყვანად" და ყველა ქართული სკოლა გადავა ამ ახალ სტანდარტზე, რაც ყველა საგნის რუსულად სწავლას გულისხმობს. ის ყველაზე დიდ პრობლემად ისტორიის სწავლებას ასახელებს. ამბობს, რომ ქართულ სკოლებში ისტორიას მათ საწინააღმდეგოდ, ტენდენციურად ასწავლიდნენ, ეს წიგნები რეალურად "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" წინააღმდეგ იყო, რის გამოც სახელმძღვანელოები სკოლებიდან გააძევეს. ახლა ჯერი მთლიანად ქართულ ენაზე სწავლაზეც მიდგა. საგულისხმოა ის, რომ ახალგორის ქართულ სკოლებში არც პედაგოგებმა და არც ქართველმა ბავშვებმა რუსული ენა არ იციან, ეს ცნობილია ე.წ. სამინისტროშიც, თუმცა, გაგლოევას თქმით, არც ოსმა ბავშვებმა იცოდნენ რუსული ენა, მაგრამ "ისინი მოდიან პირველ კლასში და სწავლობენ რუსულ ენაზე", - განაგრძობს გამოცემა.

" ე.წ. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქართველი პედაგოგებისთვის სავალდებულო ხდება რუსული ენის სრულყოფილად ფლობა, რადგან მათ საგნები რუსულად უნდა ასწავლონ. ამიტომ, ვინც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან. "სამხრეთ ოსეთის" ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროს სოსო ცოტნიაშვილის თქმით, მოსწავლეებმა რუსული არ იციან. ახალგორში კიდევ შეიძლება, რუსული ცოტათი იცოდნენ, ახალგორის სოფლებში კი ბავშვებმა რუსული სიტყვაც არ იციან და ძალიან გაუჭირდებათ. "პრაქტიკულად, წინა წლებში ქართულად სწავლებაში ხელის შეშლა არ ყოფილა. საოკუპაციო რეჟიმი მკაცრად მხოლოდ იმ საკითხს აყენებდა, რომ ჩვენთან 12-წლიანი სწავლაა, მათთან - 11-წლიანი და ამ 12-წლიან სწავლას არ უშვებდნენ, ეს კი მოსწავლეებს ხელს უშლიდათ, ქართული, ეროვნული სასწავლო გეგმა სრულყოფილად შეესრულებინათ. "თუმცა, ქართულ ენაზე თავისუფლად სწავლობდნენ. ცოტნიაშვილის თქმით, დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ისინი გააფრთხილა, რომ სექტემბრიდან დაწყებით კლასებში რუსულ ენაზე იქნება სწავლა მთლიანად, მე-5 კლასის ზემოთ კი ეს ცვლილება არ შეეხებათ", - დასძენს გამოცემა

შესაძლებელია თუ არა, ხანძრების გამომწვევი მიზეზი იყოს დივერსია?

"საქართველო ბოლო პერიოდში ცეცხლის ალშია გახვეული - ჩვენი ქვეყანა ხანძარს ამჯერად აბასთუმანში ებრძვის. ბორჯომის ხეობიდან საგანგებო შტაბმა, მეხანძრე-მაშველებმა და ავიაციამ აბასთუმანში გადაინაცვლა. საქართველოში გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დივერსიაც დასახელდა. დივერსიაზე საუბარი ჯერ კიდევ ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს, ტყეში 20-ლიტრიანი ბიდონისა და "მოლოტოვის კოქტეილის" მსგავსი ნივთის პოვნისას დაიწყო. თუ მანამდე ხანძრების გამომწვევ მიზეზად საქართველოში ტყეების მასობრივი ხმობა და დაუდევრობა სახელდებოდა, აღნიშნულის პოვნის შემდეგ სპეციალისტები დივერსიაზე ალაპარაკდნენ. აქვე გეტყვით, ბორჯომის ხეობის ხანძრის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია. ის, როგორც პოლიციელი, არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს და თითოეულ მათგანზე მუშაობს", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" რუბრიკაში მოსაზრებები კითხვით - შესაძლებელია თუ არა, ხანძრების გამომწვევი მიზეზი იყოს დივერსია?

"იმისთვის, რომ ადამიანმა ამგვარი დასკვნა გააეკეთოს, გამოძიებული უნდა იქნას. ვიცი, იყო რაღაც მონაცემები, რომ სადღაც კალისტრა და ბოთლი ნახეს. მაგრამ, ეს ყველაფერი ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. როცა საქმე ქართან გვაქვს, ხანძრის გავრცელება ძალიან ადვილია. უბრალო დამსხვრეულ ბოთლსაც აქვს თვისება, რომ როგორც მინამ, შეიძლება იმოქმედოს და აალება მოხდეს. ასევე, გადაგდებული სიგარეტი ეფექტს აჩენს. ასე რომ, დამაჯერებლად ვერ გეტყვით, რომ ეს დივერსიაა. და თუ ასეა, ესეც შიდა საქმეა. გარედან ამას გამოვრიცხავ. საკმაოდ დაულაგებელ საქართველოში ვცხოვრობთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფოტოგრაფი იური მეჩითოვი

"თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. ეს მხოლოდ ვარაუდია და ვარაუდი მეტწილად სიმართლე არ არის ხოლმე. ფაქტი ისაა, რომ საქართველოში გვალვაა, ასეთ დროს ტყეებში ხანძარი ხშირად ხდება. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ხანძარი ჩავაქროთ. ამჯერად აღმოჩნდა, რომ მზად არ ვართ. ღონისძიებები იყო წინასწარ ჩასატარებელი, რომელიც არ ჩატარებულა. დამნაშავის ძებნა შემდეგ უნდა მოხდეს. არ მომისმენია არგუმენტები, თუ რატომ ფიქრობენ, რომ ეს დივერსიაა. თუმცა, როგორც გითხარით, თეორიულად გამორიცხული არაფერი არ არის. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ცნობები უნდა იქნას",- მიიჩნევს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე

"დარწმუნებული ვარ მილიონი და მილიარდი პროცენტით, რომ ადგილი დივერსიას აქვს. ვინც ამას აკეთებს, თავისუფლების მოედანზე უნდა გამოიყვანო, ფეხებით ჩამოკიდო და ნელ-ნელა დაწვა, საქართველოს ასეთ დღეში რომ აყენებს",- ამბობს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე

"ხანძრებთან დაკავშირებით, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი მეზობლების ინტერესებედან გამომდინარე და არა მარტო გარეშე ძალებისგან, არამედ შიდა ძალებისგან გამომდინარე, იმავე აგრესიული ოპოზიციიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ ხანძრების ხელის შეწყობა მოხდეს. ამიტომ ხელისუფლებას პრევენციული ზომები უნდა ჰქონდეს. მილიონები დასჭირდა და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო შეწუხდა.

ხელისუფლებას რომ ადამიანების კატეგორია გამოეყო და იმ ადგილებში დაეყენებინა, სადაც შესაძლებელია ცეცხლი დაუდევრობით ან დივერსიით გაჩნდეს, იქ ცეცხლის თავიდან აცილება შესაძებელი იქნებოდა. ეს არის მართვა და ჭკუა. ეს ხელისუფლებამ მაშინ ვერ შეძლო. ვურჩევდი, აგვისტო კიდევ მოვა, ამიტომ ტყის დაცვა გააძლიერონ, რადგან ასეთი დიდი მატერიალური დანაკლისი თავიდან ავიცილოთ",- დასძენს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა

ბირთვული რაკეტის საბრძოლო გასროლა იაპონიისკენ - ჩრდილოეთ კორეის შემდეგი სამიზნე შესაძლოა, გუამი იყოს

"აშშ სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ჩრდილოეთ კორეის საკითხზე და კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით სამხედრო ვარიანტს არ გამორიცხავს. ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი გუამის მიმართულებით განხორციელდება იმიტირებული დარტყმა, ეს იქნება აშშ-ის წინააღმდეგ წითელი ხაზების გადალახვა უკვე მეორედ და სავარაუდოდ, ტრამპი გასცემს ბრძანებას, რომ მოახდინოს პრევენციული დარტყმები ჩრდილოეთ კორეის ობიექტების მიმართულებით. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, სამხედრო გადაწყვეტილება შესაძლებელია და დონალდ ტრამპი ქმედებების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 29 აგვისტოს ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა განახორციელა. რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბირთვული რაკეტის საბრძოლო გასროლა იაპონიისკენ - ჩრდილოეთ კორეის შემდეგი სამიზნე შესაძლოა, გუამი იყოს / "ჩრდილოეთმა კორეამ, ფაქტობრივად, იმიტაციური ბირთვული დარტყმა განახორციელა იაპონიაზე

"მიუხედავად მოწოდებებისა, ჩრდილოეთი კორეა კვლავ რაკეტების გაშვებით იმუქრება. ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, რაკეტის გამოცდა გუამის შეკავების ოპერაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. ჩრდილოეთი კორეა ირწმუნება, რომ გამოცდა მიმართული იყო რეგიონში ამერიკელების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო სწავლებების წინააღმდეგ. გაერო-ს უშიშროების საბჭომ ფხენიანის ქმედებებს აღმაშფოთებელი უწოდა და სარაკეტო გამოცდების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ, დიდი ალბათობით, კიმ ჩენ ინი ამას კიდევ განახორციელებს, რადგან მან უკვე გადალახა წითელი ხაზი, შესაბამისად, ჩრდილოეთი კორეა და აშშ ახლა უკვე მზად არიან, რომ საომარ ვითარებაში შეერკინონ. "ჩრდილოეთმა კორეამ, ფაქტობრივად, იმიტაციური ბირთვული დარტყმა განახორციელა იაპონიაზე. ბალისტიკურმა რაკეტამ გადაუფრინა იაპონიის სუვერენულ საჰაერო სივრცეს და ის წარმატებული აღმოჩნდა. ამით გამოიცადა აშშ-ისა და იაპონიის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რამაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა. იმიტომ, რომ არც სახმელეთო და არც საზღვაო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა არაფერი გააკეთეს, მათ ვერ მოახდინეს რაკეტის თუნდაც დაზიანება", - აცხადებს ვახტანგ მაისაია. მისი შეფასებით, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეას უკვე შემუშავეული აქვს რეალური დარტყმის გეგმა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მაისაიას თქმით, ბირთვული რაკეტის გაშვება არ იყო ტესტური, ეს იყო საბრძოლო მდგომარეობაში განხორციელებული გასროლა, რაც წინა 13 შემთხვევისგან განსხვავდება. უბრალოდ, ამან ამჯერად განახორციელა იმიტაციით, რაკეტა დაიშალა 4 ნაწილად, რაც ნიშნავს, რომ გასროლა წარმატებული იყო. სწორედ ამიტომაც იყო, რომ უშიშროების საბჭო შეიკრიბა რიგგარეშე, იაპონიის თავდაცის სამინისტრომ გამოხატა დიდი შეშფოთება და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი მაშინვე პენტაგონში გაემგზავრა", - ამბობს ვახტანგ მაისაია და აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისთან დაკავშირებით გაერო ფაქტობროვად უმოქმედოა. ეს დამტკიცდა ბოლო რეზოლუციით. ჩრდილოეთ კორეაზე უკვე არ მოქმედებს ის სანქციები, რაც დაწესებულია უშიშროების საბჭოს მიერ. მისი მუდმივი წევრების მხრიდან პოზიციები არ არის ბოლომდე შეთანხმებული. შესაბამისად, ისინი ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა მოუაროან კიმ ჩენ ინს. ის ამას გრძნობს და კიდევ უფრო მეტად თავხედობს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსის თქმით, დაახლოებით, 60%-ანი გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ შემდეგ დარტყმას სწორედ ანალოგიური პრინციპით განახორციელებს გუამის მიმართულებით. შეიძლება, გუამიდან დაახლოებით, 500-1 000 კილომეტრში მოხდეს რაკეტის ჩამოვარდნა ან საერთოდან მას გადაუფრინოს. ეს უკვე იქნება დარტყმა ამერიკის წინააღმდეგ. კიმ ჩენ ინი იმდენად არ გათავხედდება, რომ პირდაპირ მიაყენოს სარაკეტო დარტყმა გუამს და იქ განლაგებულ სამხედრო ბაზებს, მაგრამ მისი მიმართულებით რომ განხორციელდება დარტყმა, ეს სრულიად მოსალოდნელია", - აღნიშნავს ანალიტიკოსი. ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ ჩრდილეოთ კორეის მხრიდან შემდეგ მოქმედებას აშშ უკვე შესაბამისად უპასუხებს. ტრამპის ადმინისტრაცია გახდა ძალიან მილიტარიზირებული. ეს კარგად გამოჩნდა ავღანეთის, ასევე, ირანის მიმართულებითაც, სადაც ტრამპმა დაიწყო საკმაოდ აგრესიული სამხედრო სტრატეგიის განხორციელება და ამის რეალური წარმოჩენა უკვე ოქტომბერში იქნება. აშშ-ის ყველა საკვანძო თანამდებობას სამხედროები იკავებენ, რადგან მთავარ დასაყრდენ ძალად ტრამპმა სამხედრო დაჯგუფების წარმომადგენლები აირჩია. შესაბამისად, სამხედროების პოზიცია იქნება უფრო ხისტი და უკიდურესად აგრესიული, რაც ტრამპისგანაც მომდინარეობს, როგორც ყოფილი სამხედროსგან და ეს მისი სტილია. თუკი გუამის მიმართულებით განხორციელდება იმიტირებული დარტყმა, ეს იქნება წითელი ხაზების გადალახვა უკვე მეორედ აშშ-ის წინააღმდეგ და ალბათ, ტრამპი გასცემს ბრძანებას, რომ მოახდინოს პრევენციული დარტყმები ჩრდილოეთ კორეის ობიექტების მიმართულებით", - წერს სტატიის ავტორი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს