ალექსანდრე ელისაშვილის შტაბის ინფორმაციით, პროკურატურისგან საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებაზე უარი მიიღეს

ალექსანდრე ელისაშვილის შტაბის ინფორმაციით, პროკურატურისგან საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებაზე უარი მიიღეს

დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილს, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტზე არსებული ვიდეო-მასალის გამოძიების თაობაზე პროკურატურამ უარი უთხრა, - ამის შესახებ განცხადება მერობის კადიდატის შტაბის ხელმძღვანელმა, ივანე ნორაკიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, გასულ კვირას საგამოძიებო უწყებაში საჩივრი შეიტანეს, რომ საარჩევნო მანიპულაციის, ამომრჩევლის მოტყუების და ალექსანდრე ელისაშვილისთვის საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაწყებულიყო.

როგორც ნორაკიძემ განმარტა, საგამოძიებო უწყებიდან წერილი მიიღეს, სადაც მითითებული იყო, რომ არსებული ვიდეომასალა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და შესაბამისად, გამოძიების საჭიროებაც არ არსებობს.

შტაბის ხელმძღვანელი პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.

’’ჩვენ წარვადგინეთ ვიდეომტკიცებულება, სადაც ასახული იყო დანაშაულის ფაქტი, თუმცა, აქედან ერთი კვირის თავზე წერილი მოვიდა საგამოძიებო უწყებისგან, სადაც პროკურატურა მიგვითითებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ამ გადაწყვეტილებას სამართალთან და კანონთან საერთო არაფერი აქვს. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები ქმნის ძალადობისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს არჩევნების წინა პერიოდში. მით უფრო, რომ მმართველი ძალის წარმომადგენლები აღნიშნულ დანაშაულში პირდაპირ ცილს გვწამებდნენ, რომ ჩვენ თავად მოვაწყვეთ ამის ორგანიზება, ეს ვიდეოკადრები, თითქოს, ჩვენ შევქმენით და თავადვე გავავრცელეთ. გამოძიების დაწყებაზე პროკურატურის უარი ნათლად მიუთითებს, სინამდვილეში ვისი მოწყობილი იყო და ვისი დადგმული იყო ეს სცენა. ეს არის პროკურატურის მხრიდან ღია დეკლარირება, რომ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დანაშაული არ არის და ამის გამო არავინ დაისჯება’’, - განაცხადა ივანე ნორაკიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრდება. ასევე, საკითხის დაყენებას, უწყებათაშორის კომისიაზე გეგმავენ.