ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თბილისის სამმართველოში საჩივარი შეიტანა

ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თბილისის სამმართველოში საჩივარი შეიტანა

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ვანო ნორაკიძემ თბილისის სამმართველოში საჩივარი შეიტანა.

შტაბის ხელმძღვანელი პროკურატურის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელიც ელისაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ვიდეოკადრების გამოძიების თაობაზე უარის თქმას ეხება.

ვანო ნორაკიძე პროკურატურის მხრიდან აღნიშნულ ვიდეოკადრებზე გამოძიების დაწყებაზე უარს უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ალექსანდრე ელისაშვილის დისკრედიტაციისთვის კადრები თავად დადგა.

ამასთან, როგორც ნორაკიძე ამბობს, გამოძიებამ მათ უთხრა, რომ აღნიშნული ვიდეოკადრები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და შესაბამისად გამოძიებაც საჭირო არ იყო.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, საინტერესოა გამოძიების გარეშე, როგორ დაადგინეს, შეიცავდა თუ არა ვიდეოკადრები დანაშაულის ნიშნებს.

”ვასაჩივრებ პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ვიდეოკადრების გამოძიების თაობაზე უარის თქმას. ჩვენ ეს საკითხი უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე დავაყენეთ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, თუმცა, სამწუხაროდ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისგან გამოიკვეთა, რომ ისინი დაინტერესებული არ არიან ამ საკითხის გამოძიებით და მხარს უჭერენ პროკურორის უკანონო გადაწყვეტილებას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, თუ სინამდვილეში ვისი დადგმულიც არის ბინძური შავი პიარი ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ და ასევე ნათელია ვისი შემოქმედებაც არის ის კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მყარდება მოსაზრება, რომ ხელისუფლებამ თავად დადგა ეს კადრები ალეკო ელისაშვილის დისკრედიტაციისთვის”, - განაცხადა ვანო ნორაკიძემ.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული კადრები მათ გამოძიებას გასულ კვირას მიაწოდეს.

მისივე თქმით, ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ დადიან ქალაქში ”ნაციონალური მოძრაობის” ფორმაში გადაცმული ახალგაზრდები და ამომრჩევლებს ატყუებენ, თითქოს ისინი ალეკო ელისაშვილის მხარდამჭერები არიან, ხელმომწერ ბლანკებზე ხელმოწერას თხოვენ. ვანო ნორაკიძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მოქალაქის მოტყუებას წარმოადგენს, რაც დასჯადი ქმედებაა. შესაბამისად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიდეოკადრებზე რეაგირებას ითხოვს.